ისიდორე

ისიდორე (ერისკაცობაში – ­იაკობ სერგეის ძე ნ ი კ ო ლ ს კ ი) [1 (12). X. 1799, ტულის გუბერნია, – 7 (19). IX. 1892, სანქტ-პეტერბურგი), საქარ­თვე­ლოს ეგზარქოსი 1844–58.

დაამთავრა პეტერბურგის სას. აკადემია მაგისტრის ხარისხით. 1825 წ. 22 აგვისტოს აღიკვეცა ბერად. 1829 დაინიშნა ­ორიოლის სას. სემინარიის, ხოლო 1833 – მო­სკოვის სემინარიის რექტორად. 1834 წ. 11 ნოემბერს აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა დიმიტროვის ვიკარად. 1841 მთავარეპისკოპოსის წო­დება ებოძა.

1844 12 ნოემბრიდან განამწესეს საქართვ. ეგზარქოსად. 1858 მი­იღო მიტრო­პოლიტის ტიტული. ი., სხვა ეგზარქოსებისაგან გან­სხვა­ვებით, შე­დარებით ლიბერალურ პოლიტიკას ატარებდა. მისი ინი­ციატივით 1852–57 საეკლ. მამულებიდან შემოსული თანხებით შეკეთდა მცხეთის, ალავერდის, ქვათახევისა და მარტყოფის მო­ნასტრები. ი-ის ძალისხმევით რუსეთის სინოდმა სას. პირებს დაუნიშნა ჯამაგირი. მანვე მცხეთაში, დე­დათა მონასტერში, 1857 დააარსა ქალთა სასწავლებელი, ასევე მისი მითითებით ათონის მთიდან პ. იოსელიანმა ჩამოიტანა ექვთიმე მთაწმიდლის მიერ X ს-ში შე­სრულებული ბიბლიის ქართ. თარ­გმანი, რ-იც გადაწერეს და შეს­წირეს სამეგრელოს, იმერეთის ეპარქიებსა და თბილ. სიონის ტაძარს.

დაჯილდოებულია წმ. ვლადი­მირის, წმ. ანას სხვა­და­სხვა ხარისხის ორდენებით, აგ­რეთვე იმპერიის უმაღლესი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორ­დენით (1866) და ამავე ორდენის ალმასის ჯვრით (1872).

ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ე., XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ეგზარქოსები, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ახალი ისტორიის საკითხები, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, ცარიზმის ანტიქართული სა­ეკლესიო პოლიტიკა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, «რელიგია», 2003, N1-2-3; ფერაძე ი., სა­ქარ­თვე­ლოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, №4; Православная Богословская энциклопедия или Богословский энциклопедический словарь, т. 4, под ред. П. Лопухина, СПб., 1909.

ე. ბუბულა­შვი­ლი.