ისლამი

ისლამი (არაბ. „მორჩილება"), ყვე­ლაზე ახალგაზრდა ­მსოფლიო მონოთეისტური აბრაამისეული რე­ლიგია. ძირითადად გავრ­ცე­ლებულია არაბულენოვან, თურქულენოვან და ირანულენოვან ქვეყნებში. ი-ის მიმდევარია აგრეთვე ინდონეზიისა და ჩრდ. აფრიკის მოსახლეობის უმრავლე­სობა (მორწმუნეთა რი­ცხვი 1,55 მლრდ.).

ი. ჩაისახა არაბეთის ნ.-კ-ზე ახ. წ. VII ს-ში. მუსლიმური ტრადიციით ამ რელიგიის ფუძემდებელია წარმოშობით არაბი, მექას მკვიდრი მუჰამადი. გადმოცემის თანახმად, მუჰამადს რამდენჯერ­მე გამოეცხადა გაბრიელ მთავარ­ანგელოზი და გადასცა მას ყუ­რანის სურები. ებრაელთა ხუთ­წიგნეულისა და ქრისტიანთა სახარების მსგავსად, ყურანი ითვლება მუსლიმანთა წმინდა წიგნად. იგი შედგება მუჰამადის ქადაგებებისგან, რ-საც მისი მოწაფეები იწერდნენ. ეს ჩანაწერები დროთა განმავლობაში შეივსო, დაიხვეწა, ბოლოს ჩამოყალიბდა ერთი დიდი კრებულის სახით და მას „ყურანი" ეწოდა. ყურანი შედგება ცალკეული თავებისაგან, ე. წ. სურებისაგან. მუჰამადი ძირითადად ქადაგებდა მექასა და მედინაში. მიჩნეულია, რომ მექას სურები შედარებით ადრეული ხანისაა. საგულისხმოა, რომ ყურანში ჩართულია ახალი აღთქმის სიუჟეტები, აპოკრიფულ თხზუ­ლე­ბათა ფრაგმენტები. მუსლიმთა რელიგიურ წიგნად ითვლება აგრეთვე სუნა (ე. წ „ჰადისების" კრებული), რ-შიც, ძირითადად, მოთხრობილია მუჰამადის ცხოვრების ეპიზოდები. მის მაღიარებლებს სუნიტები ეწოდებათ. რელიგიის მკვლე­ვართა აზრით, მუჰამადი იყო რეალური პიროვნება, რ-იც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 570–632. მან თავისი ქადაგება დაიწყო მექაში, მაგრამ მის მოღვაწეობას არ ჰქონდა ცალსახად წარმატებული ხასიათი, რადგან მუჰამადს დაუპირისპირდნენ ადგილ. მაღალი ფენის – კურაიშთა – წარმომადგენლები, რის გამოც იგი იძულებული გახდა მექადან მედინაში გაქცეულიყო. ამ გადასვლას (622) ეწოდება „ჰიჯრა", რ-ის შემდგომ დაიწყო მუსლიმური წელთაღრიცხვა. კურაიშთა დიდ­გვაროვნებმა, რ-ებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ მუჰამადს, ახალ მოძღვრებაში იპოვეს სასარგებლო იდეები, საბოლოოდ დაუჭირეს მას მხარი და სულ მალე დაიწყეს ამ იდეების პროპაგანდა. მუჰამადის გარდაცვალებისას ახალ აღმსარებლობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის კანონიკური სახე, რ-იც მან შემდგომ პერიოდში მიიღო.

ი-ის უმთავრესი თეზაა ერთი და შეუცვლელი ღმერთის – ალაჰის არსებობის იდეა, რ-ის მოციქულია მუჰამადი. ი-ის საწესჩვეულებო რიტუალი არ გამოირჩევა სირთულით და მისი ძირითადი დებულებებია: 1. არ არის ­ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამადია მისი მოციქული; 2. ხუთჯერადი ლოცვა, ე. წ. „სალიათი", რ-იც სრულდება მზის ამოსვლამდე, შუადღისას, მზის ჩასვლის წინ; მზის ჩასვლის შემდეგ და ღამით; 3. ღარიბთა დახმარება და მათ სასარგებლოდ თანხის შეგროვება, ე. წ. „ზეკიათი"; 4. რამადანის თვეში მარხულობა; 5. მომლოცველობა მექასა და მედინაში. ამ უმთავრესი წესების გარდა არსებობს სხვა რიტუალებიც, მაგ., განბანვის სავალდებულო რიტუალი, მეჩეთში ფეხშიშველი ლოცვა და სხვ.

ი-ის ეთიკა მარტივია, მის ჰუმანურ საფუძველს წარმოადგენს სა­მართლიანობა, ­მიმტევებლობა, გულუხვობა, ქველობა. ი-ის ერთ-ერთი მცნებაა ე. წ. ­საღვთო ომი – „ჯიჰადი", რ-იც უნდა ხორციელდებოდეს მტრებისა და მოძალადეების მიმართ. 5–7 წლის მოზარდს უტარებენ წინადაცვეთას. იკრძალება ხატებისა და ქანდაკებების თაყვანისცემა.

VIII–IX სს. ი. იქცა არა­ბუ­ლი ხალიფატის გაბატონებულ რელიგიად. მუჰამადის საქმის გამგრძელებელმა ხალიფებმა ძალზე გააფართოვეს მისი გავრცელების საზღვრები. პირველი მნიშვ­ნე­ლოვა­ნი განხეთქილება, რ-იც ი-ში წარმოიშვა, ცნობილია შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებით. შიიტებს მიაჩნიათ, რომ მუჰამადის ნათესავებს ეკუთვნით პატივი პირველობისა, ისინი არ ცნობენ მუჰამადის არანათესავი ხალიფების პრიორიტეტს და ამიტომ არ აღიარებენ სუნას, როგორც მათი დაკვეთით შედგენილს. ეს იყო პირველი დიდი დაპირისპირება ი-ში, რ-ის აღმსარებელნიც გაიყვნენ ორ მოწინააღმდეგე მიმდინარეობად – შიიტებად და სუნიტებად.

მუსლიმანური რელიგიის მო­რალურ-ეთიკური სამართლის კრებულს წარმოადგენს ე. წ. შარიათის კანონები, რ-იც საზოგადოების ცხოვრების ძირითად მიმართულებაზე ამყარებს კონტროლს. ამიტომ მუსლიმანი სამღვდელო პირი – მოლა საერო მოღვაწეცაა, ყადი – მოსამართლეა, მუფტა – მაღალი სამღვდელო პირი, ულემი – უმაღლესი სას. სკოლის მასწავლებელი. პირველდაწყებით სკოლას ეწოდება მექტა, ხოლო უმაღლესს – მედრესი.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი  ი. არაბთა ბატონობის შემდეგ გავრცელდა. პირველ ქართველ მუსლიმანთა გაერთიანება თბილისსა და დმანისში VIII–XIII სს-ში დასტურდება. ინტენსიური ისლამიზაცია პირველად დაიწყო XVI–XVIII სსში თურქებისაგან შევიწროებულსა და არაერთგზის დაპყრობილ სამხრ. სა­ქარ­თვე­ლოსა და აჭარაში. XIX ს. ისლამიზაციის ინტენსიურობის შესაბამისად გაჩნდა ტერმინი „ოსმალეთის სა­ქარ­თველოს" მოსახლეობის იმ ნაწილის აღსანიშნავად, რ-ებიც მოექცნენ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში და, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ მათი ერთი ნაწილი ­კვლავ დაბრუნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათმა უმეტესობამ მუსლიმანობა შეინარჩუნა. ტრაგიკული გა­მოდგა მესხი მუსლიმანების ბედი, რ-ებიც პოლიტ. კონიუნქტურის გამო საბჭ. ხელისუფლებამ შუა აზიაში გაასახლა (1944).

ზოგადად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არაქართველ მუსლიმთა რაოდენობა 300000-ს უახლოვდება. ესენი არიან კახეთსა და ქვემო ქართლში დასახლებული აზერბაიჯანელები, ასევე ლეკები, ქისტები და ჩაჩნები, რ-თა რელიგიური რიტუალები გარკვეულწილად პაგანიზებულ ხასიათს ატარებს.

აჭარელი და აფხაზი მუსლიმანები ძირითადად სუნიტები არიან, ხოლო კახეთსა და ქვემო ქართლში მოსახლე აზერბაიჯანელები – შიიტები, რ-თაც ჰყავთ თავიანთი ზედამხედველი (ახუნდი) და გაერთიანებული არიან მუსლიმანთა სამმართველოს შემადგენლობაში. თბილისის მეჩეთში სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ.

ლიტ.: ნ ა დ ი რ ა ძ ე  ე., ­მსოფლიოს რე­ლიგიები, თბ., 1996; ­რელიგიები საქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2008; Кривелев И. А., История религии, т. 1, М., 1975.

ე. ნადირაძე