ისლიანი

ისლიანი, მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია ისლი. გავრცელებულია ყველა ზონაში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყის ზონის დაჭაობებული მდელოებისა და ქვედური ჭაობების მცენარეულ საფარში. წყალსატევებისა და მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, სადაც ზედაპირული ­წყლის დონე სეზონურად და წლითიწლობით მკვეთრად მერყეობს, განვითარებულია ორიგინალური ტიპის კოლბოხოვანი ი. (კოლბოხთა სიმაღლე ხშირად 1–1,3 მ-მდე აღწევს). ი. გვხვდება აგრეთვე უდაბნოში, ველებსა და მთებში.

კავკასიის მაღალმთიანეთის ი-ში უმეტესად გაბატონებულია Carex meinshauseniana, ხოლო უდაბნოსა და ველებში – Carex physoides, Carex pachystylis, Carex supina, Carex humilis და სხვ. ამგვარი ი. კარგ საძოვარ-სავარგულადაა მიჩნეული. ყვავილობამდე მოთიბული ი-ის თივა საკვები ღირებულებით მარცვლოვანთა ნამჯას უახლოვდება. იყენებენ სასილოსედაც.

კ. ქიმერიძე