ისრაელ ორი [1658, სოფ. სისიანი (ახლანდ. აცავანი), სომხეთი, – 1711, ასტრახანი (რუსეთი)], სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირანისა და ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ.
ევრ. სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაზე უარის მიღების შემდეგ მიმართა რუსეთს. პეტრე I-ისა და დევნილობაში მყოფი არჩილ II-ისაგან მიიღო მხარდაჭერის დაპირება. 1701 მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. 1707 იყო რუს. დესპანი ირანში. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ირანში მყოფ გიორგი XI-თან.
ი. ო. იზიარებდა იმ სომეხი მოღვაწეების იდეებს, რ-ებიც თავიანთი ქვეყნის განთავისუფლების საკითხს უკავშირებდნენ ქართველებს და ქართ.სომხ. თანასწორუფლებიანი ფედერაციის შექმნას ქართვ. მეფის მეთაურობით.
რუსეთში დაბრუნების დროს ი. ო. გარდაიცვალა ასტრახანში.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. მაისურაძე