ისტორია (ბერძნ. historia– თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე), 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით.
ი. არის „გამოძიება, გამოძიების შედეგად მიღებული ცოდნა", წერილობით წყაროებში აღწერილი წარსულის შესწავლა. ი. უკავშირდება წარსულ მოვლენებს და ამ მოვლენების შესახებ ინფორმაციის ინტერპრეტაციას. ეს არის აკად. დისციპლინა, რ-იც წარსულის მოვლენების თანმიმდევრულად შესასწავლად, გასაანალიზებლად და მათი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ობიექტურად განსასაზღვრად იყენებს წერილობით წყაროს. ი. არის „მეცნიერება ადამიანთა შესახებ დროში" (მ. ბლოკი).
ცნებამ „ისტორია" საუკუნეების განმავლობაში ცვლილებები განიცადა. ჩვენი დროის ტერმინოლოგიით იგი გამოხატავს მყარ ვითარებას, რ-ის დროსაც ერთი და იგივე ტერმინი გადმოსცემს კვლევის ობიექტსა და ცოდნასაც ამ ობიექტის შესახებ. ი-ს სამი მნიშვნელობა აქვს: ცოდნა, ტექსტი (ნარატივი) და რეალურობა.
ი., როგორც განსაკუთრებული ლიტ. ჟანრი, უხსოვარი დროის მითოლოგიური წარმოდგენებისაგან წარმოიშვა, რ-ებმაც ლეგენდარულ-ეპიკური თქმულებების ფორმა შეიძინა. ნიშანდობლივია, რომ პირველი ისტ. ტექსტები პოეტური ფორმისა იყო. ძვ. საბერძნეთში კლიო იყო ჰიმნოგრაფიის მფარველი და მხოლოდ ელინისტური პერიოდიდან გახდა ი-ის მუზა.
პირველი ფუნდამენტური შრომა, რ-შიც აღწერილია კონკრეტული ისტ. მოვლენები, კერძოდ, ბერძნ.-სპარს. ომები და მისი თანადროული ქვეყნები და ხალხები (აქემენიდთა იმპერია, ეგვიპტე, სკვითები), ეკუთვნის ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ ნაწარმოებს ეწოდება „ისტორია“, რის გამოც ჰეროდოტეს „ისტორიის მამა“ ეწოდა.
ი-მ მრავალი საუკუნის განმავლობაში თანდათანობით მიიღო მეცნიერების სახე. კაცობრიობის განვითარების პირველი ეთნოგენეტიკური კონცეფცია და ადამიანის განვითარების შესახებ წარმოდგენა მოცემულია ძველი აღთქმის ტექსტში. დაახლოებით ასეთივე ძვ. ისტ. ტრადიცია არსებობს ჩინეთში, ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთსა და ცივილიზაციის სხვა უძველეს კერებში. ისტ. წარმოდგენათა განვითარების შემდეგი ეპოქა დაკავშირებულია ანტ. სამყაროსთან (ძვ. წ. V ს. – ახ. წ. V ს.), რ-მაც ერთიანი შემეცნებითი სისტემიდან საკუთრივ ი-ის გამოცალკევებისა და მისი შემეცნების დამოუკიდებელ სფეროდ ჩამოყალიბების წანამძღვრები შექმნა; გაჩნდა ბერძნული პოლისური და რომაული სახელმწიფოებრივ-იმპერიული ტრადიციები. III–V სს-ში ჩამოყალიბდა ისტ. განვითარების ქრისტ. კონცეფცია, რ-იც ბიბლ. ტრადიციებსა და ანტ. ისტ. აზრის მიღწევებს ეყრდნობოდა. ამავე დროს ამ კონცეფციამ უარი თქვა ანტიკურობისათვის დამახასიათებელი ი-ის ციკლურობისა და განმეორებადობის შესახებ არსებულ წარმოდგენებზე და წამოაყენა თავისი არსით პროვიდენციული, ერთიანი ხაზობრივი პროცესის იდეა, რ-იც მთელ ოიკუმენეზე ვრცელდებოდა. შუა საუკუნეების ი. მეტწილად აღწერილობითი ხასიათისაა, ახალ დროში უფრო განმარტებითი გახდა, რამაც განაპირობა მისი მეცნიერებად ჩამოყალიბება XVIII–XIX სს. დას. ევროპაში.
შუა საუკუნეებში რამდენადმე გრძელდებოდა ძველი ტრადიციები. ფართოდ გამოიყენებოდა შედარებითი მეთოდი – ისტ. პიროვნებების პარალელური დახასიათება. ბიოგრაფიული აღწერილობებიც რომაული კანონების შესაბამისად ხდებოდა. შუა საუკუნეების ავტორები, ანტიკური ისტორიკოსების მსგავსად, აუცილებლობად მიიჩნევდნენ ადგილმდებარეობის აღწერას (დესცრიპტიო), ყურადღებას აქცევდნენ ქალაქების წარსულს, ბუნების მოვლენებს, უბედურ შემთხვევებს, სისხლიან ბრძოლებს. გარკვეულ ადგილს უთმობდნენ ხალხის, ქვეყნების და ქალაქების სახელწოდების ეტიმოლოგიურ ახსნას. ამ პერიოდის თხზულებებში ვხვდებით რიტორიკულ გამოთქმებს, მეტაფორებს, ჰიპერბოლებს, პათეტიკურ შეძახილებს და სხვ.
შუა საუკუნეების ევროპაში XI ს-იდან ჩნდება პირველი დიდი მატიანეები და მონოგრაფიები, რ-ებიც ქვეყანათა ი-ს გადმოსცემენ. ამ დროიდან ჩნდება ცალკეული ხალხების ი-ის ამსახველი თხზულებები (გუთების, ფრანკების, ლანგობარდების, ანგლების), კვლევის საგანი ხდება ეკლესიის ი-ც.
ტერმინი ი. ფართოდ გამოიყენება XII ს-იდან. XIII ს-იდან თომა აქვინელის (იტალ.) მცდელობით ისტ. ტექსტებში ყურადღება მიექცა მხატვრულ ღირებულებასაც. ი-ის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ხალხისთვის ადვილად გასაგებმა მარტივმა სალექსო ფორმამ.
ანტიკური ტრადიციის შესაბამისად ი. არ განიხილებოდა ცოდნის დამოუკიდებელ დარგად. ზოგჯერ იგი (ვიწრო გაგებით) გრამატიკაში შეჰქონდათ.
ისტ. ცოდნის ფორმირებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ფ. ბეკონმა (ინგლ.). მან ამოსავალ წერტილად გამოიყენა ცოდნის დაყოფა აზროვნების უნარად (გონება, მეხსიერება, წარმოსახვა), რასაც თავის დროზე არისტოტელემ, იბნ სინამ და სხვებმაც მიაქციეს ყურადღება. მან შემოიტანა ცოდნის მეთოდურად დაყოფა გონების მეცნიერებად (ფილოსოფია), მეხსიერების მეცნიერებად (ი.) და წარმოსახვის მეცნიერებად (პოეზია). გარკვეული პერიოდიდან ი. მოიცავდა გეოგრაფიას, ქრონოლოგიას, ზოგად ისტორიას, ბუნების, ხელოვნებისა და ლიტ-რის (მხატვრულ) ი-ს. შექმნილი ნაწარმოებები ძირითადად პოლიტ. პრობლემების აღწერით იფარგლებოდა.
XVIII-XIX სს-ში შეიქმნა ეროვნ. ისტორიოგრაფიული სკოლები, ჩამოყალიბდა მიმართულებები, რ-ებიც ამა თუ იმ მსოფლმხედველობრივი თეორიის ან ისტორიოსოფული იდეების დომინირებით იყო განპირობებული.
მკვლევარი, რ-იც ი-ის შესახებ წერს, არის ისტორიკოსი. ძველთაგან სიტყვით ისტორ, რაც ნიშნავს ისტორიკოსს, იწოდებოდა ადამიანი, რ-იც კრებდა, აანალიზებდა, შეაფასებდა და გადმოსცემდა ამა თუ იმ ინფორმაციას.
ი-ის პოლიტოლოგიური ორიენტაცია ფიქსირდებოდა თეორ. დონეზეც – ისტ. კვლევის სფერო ადამიანთა ქმედებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტ. ასპექტებით შემოისაზღვრა.
დროთა განმავლობაში, როგორც ცოდნის სხვა დარგები, ი-ც წარმატებით განვითარდა (როგორც მ. ბლოკი (საფრ.) ამბობდა – გაიზარდა). XX ს. დასასრულს ისტ. ცოდნის კონცეპტუალურ დამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლ. სტოუნისა და მ. კამენის (აშშ), ფ. ბროდელისა და ჟ. ლე გოფის (საფრ.), რ. კოზელეკისა და ო. ექსელეს (გერმ.), რ. ევანსისა, პ. ბორკის და ა. ტოინბისა (ინგლ.) და სხვა მრავალი ცნობილი მეთოდოლ. პრობლემების მკვლევარი ისტორიკოსების შრომებმა. ი-ის მეთოდოლ. კვლევები მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებშიც – რუსეთის მეცნ. აკად. მსოფლიო ისტორიის ინ-ტში (ა. ჩუბარიანი, მ. ბარგი, ი. ბესმერტნი, ა. გურევიჩი, კ. ხვოსტოვა და სხვ.), მოსკოვის უნ-ტში (ი. კოვალჩენკო, ს. კარპოვი, ლ. ბიროდკინი და სხვ.), აზერბ. და სომხ. სამეცნ. ცენტრებში.
ისტ. მეცნიერებაში არის ფუძემდებლური ცნებები, ურომლისოდაც შეუძლებელია ემპირიული მასალის ორგანიზება. ერთი მათგანია დრო – ეპოქა, რ-იც წარმოადგენს კულტ., სოც. და პიროვნული სისტემების ერთობლიობას. მისი არსებითი ელემენტია წარსულის სტრუქტურირება-პერიოდიზაცია. ისტ. ეპოქების კონცეფციის ფორმირება თანხვდა ეპოქალური ისტ. მოვლენების ცნების დამკვიდრებას.
XX ს. დასასრულს მოხდა ი-ის ფრაგმენტაცია, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ისტ. სიუჟეტების თვალსაწიერში სოციალური რეალობის ახალი ელემენტების შეტანას. ეს უპირველესად გახლავთ ფრანგული ისტ. სკოლის „ანალების“ მცდელობა ი-ში წარსულის ყოველდღიურობის პრობლემის შემოტანის თაობაზე. დღის წესრიგში დადგა კვების, შრომის, სიჭაბუკისა და სიბერის, ქალთა, მენტალობისა და სხვა ი-ების კვლევა.
ი-ის მიერ გადასაჭრელ პრობლემათა გართულებამ გამოიწვია ისტ. ცოდნის სპეციალიზაცია და დიფერენციაცია. ი-ის შემადგენლობიდან გამოიყო წყაროთმცოდნეობა და დამხმარე ისტ. დისციპლინები (არქეოგრაფია, არქივთმცოდნეობა, ბონისტიკა, გენეალოგია, დიპლომატიკა, მეტროლოგია, ნუმიზმატიკა, პალეოგრაფია, სფრაგისტიკა, ქრონოლოგია, ჰერალდიკა და სხვ.). მეცნიერებათაშორისი დისციპლინებია: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული გეოლოგია. როგორც მეცნ. ცოდნის დამოუკიდებელი დარგები, საკუთარი მეთოდიკებითა და მეთოდოლოგიით გამოიყო არქეოლოგია და ეთნოლოგია. კულტ., მეცნ. და ტექნ. ი. შეისწავლება შესაბამისი დარგების (მათემატიკის, ფიზიკის, მუსიკის, თეატრის ი. და სხვ.) მიერ.
შეიქმნა განსაკუთრებული დისციპლინა, რ-იც თვით ისტ. მეცნიერების განვითარებას შეისწავლის – ისტორიოგრაფია. ამ დისციპლინის ტერმინოლოგიით ი. არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ამგვარად, ისტ. მეცნიერება იწყება იმ დროიდან, როცა გამოჩნდა წერილობითი ინფორმაცია. წერილობით ცოდნამდე მომხდარი მოვლენები პრეისტორიად ითვლება.
ისტორიკოსები საზ-ბის ი-ს შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ი-ს სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების შესაბამისად, სივრცობრივ-გეოგრ. პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ი-ის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. მსოფლიო ი-ში გამოიყოფა: პირველყოფილი საზ-ბის, ძველი მსოფლიოს, შუა საუკუნეების, ახ. და უახლესი ი. სივრცობრივ-გეოგრ. პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რ-ების რეგიონული და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ი.
საქართველოში ისტორიკოსის აღმნიშვნელი ტერმინები იყო „აღმწერელი", „გამომთქმელი", „მომთხრობელი", „ჟამთააღმწერელი", „ისტორიათა-აღმწერელი", „მემატიანე".
ქართულ სამწერლობო ტრადიციაში სხვადასხვა სახის საისტ. თხზულებები მოიპოვება და თითოეულს შესატყვისი სახელი აქვს: „მარტვილობაჲ", „წამებაჲ", „ცხორებაჲ", „მატიანეჲ". ბერძნულ ქრონოგრაფიას უნდა შეესაბამებოდეს ქართული „ჟამთააღმწერლობა". თავად ტერმინი „ისტორია" ქართულ წყაროებში პირველად თამარ მეფის პირველ ისტორიკოსთან („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი") გვხვდება. ამათ გარდა მიღებული ტერმინები იყო „ჰამბავი", „მოთხრობა", "თხრობა", საისტ.-სამწერლობო მოქმედების აღსანიშნავად იხმარებოდა აგრეთვე ტერმინები „წარმოთქმა", „წარმოჩენა", „უწყებაჲ" და „ჴსენება".
არსებობდა თეორ. მოძღვრება, როგორ უნდა დაწერილიყო კარგი საისტ. თხზულება. ამასთანავე ყურადღება ექცეოდა საისტ. თხზულების სანდოობას, თხრობის წესს, მოცულობას.
ი. ჭავჭავაძე თვლიდა, რომ ყოველმა კულტურულმა ერმა, თუ წარმატებული არსებობა სურს, თავისი წარსული კარგად და სრული შეგნებით უნდა იცოდეს. მისი აზრით, ნამდვილი ისტორიკოსის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ „რაკი ყველა დროს თავისი ტკივილი აქვს და გაგება ამ ტკივილისა ხვედრია მარტო ჩინებული კაცებისა, ამიტომაც ჭეშმარიტი მეისტორიე, ვითარცა გამკითხველი, ჯერ იმ დროების ქერქში უნდა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნიცა. ეს ხომ ანბანია ისტორიის ფილოსოფიისა". ი. ჭავჭავაძეს საქართვ. პოლიტ. მოღვაწეთა ნამოქმედარში პოლიტ. მხარესთან ერთად მისი კულტურული გეზი, სხვა ერთა ღირსებისა და უფლების პატივისცემა იზიდავს.
ი-ის მეთოდოლ. საფუძვლების შესწავლის მიზნით დიდი შრომაა გაწეული საქართვ. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და თსუ-ში (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია, შ. მესხია, გ. მელიქიშვილი, ს. კაკაბაძე, ვ. გაბაშვილი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.).
ლიტ.: «ანალები», საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნ. (1947-დან); «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოლ. და ხელოვნ. ისტორიის სერია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნ. (1971-იდან); მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., ფიქრები ისტორიაზე, «მერმისი», 1, ქუთ., 2017; ყ ო რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი გ., პროფესია ისტორიკოსი, თბ., 1986; ჭავჭავაძე ი., ერი და ისტორია, ტფ., 1888; ჯავახიშვილი ივ., ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია, ტფ., 1938; მ ი ს ი ვ ე, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977; Барг М. Ф., Шекспир и история, М., 1979; მისივე, Историзм Френсиса Бекона. წგ.: Бэкон Ф. История правления Короля Генриха VII, М., 1990; Б л о к М., Апология истории, или Ремесло историка, Таллин, 1983; Б о д е н Ж., Метод легкого познания истории, М., 2000; Б э к о н Ф., О достоинстве и приумножении наук (1623), Соч., т. II, М., 1977–78; Г о б б с Т., Левиафан, или материя форма и власть государства церковного и гражданского, М., 2001; Д ь я к о н о в И. М., Пути истории, М., 2007; Л е Г о ф ф Ж., Цивилизация средневекового Запада, Екатеринбург, 2005; К о в а л ь ч е н к о И. Д., Методы исторического исследования, М., 2003; М а б л и Г. Б., Об изучении истории (1755), О том, как писать историю (1783), М., 1993; М о г и л ь н и ц к и й Б. Г., Введение в методологию истории, М., 2002; Савельева И. М., Полетаев А. В., Знание о прошлом: теория и история, т. 1, СПб., 2003; Т о й н б и А. Дж., Постижение истории. Сб., М., 2001; მ ი ს ი ვ ე, Исследование истории, в 3 т., СПб., 2006; Ясперс К., Смысл и назначение истории, М., 1991; H a r a r y Y. N., Sapiens: A brief history of Humankind, L., Harvill Secker, 2014; L e G o f f J., History and Memory, N.Y.: Columbia Univ. Press, 1993.