„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფის – თამარის ე. წ. პირველი ის­ტორიკოსის თხზუ­ლე­ბა (XIII ს.), რ-შიც აღწერილია თამარისა და მისი მამის, გიორგი III-ის ისტორია. თხზულების სრული ტექსტი შემონახულია ­„ქართლის ცხოვრების" მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებსა და მცხეთური ნუსხის პირში. ­„ქართლის ცხოვრების" ვახტანგისეულ რედაქციაში იგი შერწყმულია თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულე­ბასთან. ძეგლის ავტორი უცნობია. სხვა­და­სხვა დროს მის ავტორად ვარაუდობდნენ ანტონ გლონისთავისძეს (თ. ჟორდანია), სარგის I თმოგველს (პ. ინგოროყვა), მანდატურთუხუცეს ჭიაბერს (ს. კაკაბაძე), არსენ იშხნელს (კ. კეკელიძე), შოთა რუსთაველს (ი. ლოლა­შვი­ლი).

აზრთა სხვა­და­სხვაობაა თხზულე­ბის შედგენილობასა და დაწერის კონკრ. თარიღის თაობაზე. ზო­გიერთი მკვლევრის აზრით (პ. ინ­გოროყვა, ს. კაკაბაძე), აქ ორი ავტორის სხვა­და­სხვა ნაწარმოებია გაერთიანებული. პ. ინგოროყვას შეხედულებით, და­წე­რი­ლია 1195-სა და XIII ს. I მეოთხედს შორის, ს. კაკაბაძის აზრით კი – 1195 და 1270–95 წლებს შორის თ. ჟორდანიასა და ივ. ­ჯავახიშვილს მია­ჩნდათ, რომ ძეგლი 2 ნაწილისაგან შედგება და და­წე­რილია ერთი პირის მიერ სხვა­და­სხვა დროს (1195 ან 1196 და თამარის გარდაცვალებისთანავე). „ი. და ა. შ." ერთ მთლიან ნაწარმოებად მიაჩნიათ კ. კეკე­ლიძეს, ს. ყაუხჩიშვილს, ი. ლოლაშვილს. კ. კე­კელი­ძის აზრით, ის და­წე­რი­ლია 1222 ახლო ხანებში.

მეფე თამარის პირველი ისტორიკოსის თხზუ­ლე­ბაში აღწერილია ძირითადად თამარის, ხოლო მოკლედ – მისი მამის, გიორგი III-ის ისტორია. რადგან მისი სათაური დაკარგულია, ივ. ჯავახიშვილმა მას უწოდა „ი. და ა. შ." – ნაწარმოების თავში წამძღვარებული ვრცელი წინადა­დების აზრობრივი შემოკლებით, რ-იც ზედმიწევნით გამოხატავს შარავანდედის მატარებელი ამ გვირგვინოსნის ქებას, ანუ შესხმას.

ისტორიკოსი თამარის თანამედრო­ვე ყოფილა. ის, უდავოდ, საე­რო პირია – თავისი გმირის სარწმუნოებრივ-ზნეობრივ თვისებათა დახასიათებისა და მისი ­საქმიანო­ბის შეფასებისას სა­ხელმწ. მოღვაწისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებს. როგორც გვირგვინოსანთა მეხოტბისათვის, ისტორი­კოსისათვის და­­ მახასიათებელია „იზო­თესი". ის თამარს უწოდებს არა მარტო „ღმერ­თისა მსგავსს", არამედ „ღმერ­თისა სწორსაც", გი­ორგი მეფეს – „სახედჩენილს ღმერთი­სას", ხოლო ლაშა ­გიორგის – „სწორს მისი ღმრთისას", მაგრამ, როგორც შენიშნულია ლიტერატურაში, ასეთი შედარე­ბები სწორედ სას. პირისაგანაა ნაკლებად მოსალოდნელი.

ავტორის ისტ. აზროვნება პროვიდენციულია. მისი აზრით, ყველა­ფერი, „ზეგარდმოჩინებით" ხდე­ბა, ანუ ყველაფერი ღვთის ნება­ზეა დამოკიდებული. იგი გიორგი მეფის ერთი ბრძოლის შე­სახებ ამბობს: „უკეთუ მუშვა ზენასა განგებისასა", ის დაამხობდა ერთიანად სარკინოზთა ძლიერებასო. ისტორიკოსის მიზანი იყო: „აწ მე რომელი გინა მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მსმებია, გარდავსცე ისტორიასო". ე. ი. არა მარტო თვითმხილველი და თანამონაწილე ყოფილა თავის თხზუ­ლე­ბაში აღწერილი ამბებისა, არამედ მასში სხვათა მიერ ზეპირ ცნობებზე დამყარებული მონათხრობიც შეუტანია.

თამარის პირველი ისტორიკოსი, სავარაუდოდ, წარჩინებული საზ-ბის წევრი იყო. მან მო­ნა­წილე­ო­ბა მიიღო დიდებულთა იმ ბჭობაში, რ-იც თამარის საქმროს შერჩევის საკითხს იხილავდა. „გამო-ვინმე-ჩნ­და მეტყუელი" და საქმროდ ანდრია რუსთა მთავრის ­შვი­ლი გვირჩია, – ამბობს იგი. მაგრამ, ამასთან ერთად, მან სასახლის შინაური ამბები და მეფის პირადი ცხოვრების დეტალები კარისკაცთა­გან განაგონით იცის. ხილულისა და სხვათა მონათხრობის გარდა, მან ფილოსოფოს ­იოანე ჭიმჭიმელის „შესხმა-მოთხრობითაც" ­ისარგებლა, რ-იც, როგორც კ. კეკელიძე ვარაუდობდა, მეფე დემეტრე I-ის ცხოვრების აღწერასაც შეიცავდა.

თამარის პირველი ­ისტორიკო­სი ­ცენტრ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ანუ მონარ­ქიის თავგამოდებული დამცველი იყო. „მრავალმთავრობას", მისი აზრით, თან სდევს ყოველგვარი უწესობა. მისთვის მიუღებელია როგორც დიდებულთა გამოსვლა გიორგი III-ის მიერ დაწინაურებულ "უხანო" ხელისუფალთა წინააღმდეგ, ისე ყუთლუ არსლანისა და მისი დასის მოთხოვნები მეფის უფლებათა შეზღუდვის შე­სა­ხებ. თამარის პირველი ისტორი­კოსი მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მეხოტბეა. ამასთან, იგი გვევლინება ჰუმანის­ტად, რადგან „მესისხლეობა-მი­მძლავრებაზე" დამყარებული მართვა-გამგეობა მის­თვის მიუღებელია. ის თამარს დიდ დამსახუ­რებად უთვლის, რომ თავის მეფობაში „არცა თუ ტაჯგანაგი (მათრახი) უბრძანა ვისმე დაკვრად".

ავტორი დიდი პატრიოტია და სამშობლოს დასაცავად თავდადებასაც მოითხოვს. მას საგანგებოდ მოჰყავს გიორგი III-ის მიერ ერთ-ერთი ბრძოლის წინ გაკეთებული განაცხადი: უფრო სასახელოა მამაცური სიკვდილი, ვიდრე „სულისაგან განლევითა", რადგან კეთილი სახელი საუკუნო გზად გაგვყვებაო.

თამარის ისტორიკოსი განსაკუთრებით ­ვრცლად და დაწვრილებით აღწერს სამხ. საქმეებს და ომებს. მაგ., შამქორის ომისათვის სამზადისი და თვით ბრძოლაც ძალზე შთამბეჭდავად აქვს მოთხრობილი და მისი თარიღიც დიდი სიზუსტითაა განსაზღვრული; ფართოდ აქვს გაშუქებული ბასიანის ომი და სა­ქართვ. მხედრობის ძლე­ვამოსილი ლაშქრობა სპარსეთში. ისტორიკოსი ასევე უმნიშვნელოვანეს ცნობებს იძლევა სამეფო დარბაზობის, მეზობელ ხელმწიფეთა და მთავართა მიღების წეს-ჩვეულებების, სა­მეფო კარისა თუ პროვინციის დიდმოხელეთა დადგენა-გადაყენების შე­სახებ. ყოველივე ამას ­მოსდევს თამარის საერო თუ სა­ეკლ.-ზნე­ობრივი მოღვაწეობის ჩვე­ნება და დახასიათება.

თხზუ­ლე­ბაში სრულადაა ასახული ჩვენი ქვეყნის კულტ. დონე. ავტორი კარგად იცნობს ორ კულტ. სამყაროს: ქრისტიანულს (ელინურ-ბიზანტ.) და მაჰმადიანურს (ირან.-არაბ.) ისტორიკოსი ღრმა განათლებასა და ნაკითხობას ამ­ჟღავნებს როგორც ძვ. და ახ. აღთქმის წიგნების, ისე საისტ. და მხატვ­რული ლიტ-რის ცოდნაში. „ი. და ა. შ-ში" უხვადაა მოხსე­ნიებული ელინურ-ბიზანტ. და სპარს.-არაბ. მწერლობიდან და ისტორიიდან ამოღებული სახე­ლე­ბი და ცნობები. ამ საქმის შესრულებისთვის ავტორი თავს უღირსად მიიჩნევს და თვლის, რომ ისტორიის დაწერა შეშვენდებოდა „დიდთა სიტყვას – მოქმედთა პირველთა". ამათში მას დავითის ისტორიკოსიც უნდა ჰყავ­დეს ნაგულისხმევი, რ-ის დიდ გავლენასაც განიცდის, რადგან მიზნით, გეგმით, სტილითა და ხასიათით ეს ნაწარმოებები დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ერთმანეთთან. თუმცა თამარის პირველი ისტორიკოსის ენა და სტილი უფრო პოეტურ-ფილოსოფიური, რთული და ხელოვნურია, ამასთან იყენებს მდიდარ და მრავალფეროვან მხატვ­რულ ხერხებსა და საშუალებებს.

მიუხედავად იმისა, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის თხზუ­ლება უშურველი ხოტბაა თამარისა და მისი მეფობის, ის აღნიშნული ეპოქის მნიშვნელოვან საისტ. წყაროს წარმოადგენს.

გამოც.: ქართლის ცხოვრება. მარიამ დედოფლის ვარიანტი, ე. თაყაი­შვილის რედ., ტფ., 1906; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა), კ. კეკელიძის რედ. და გამოკვლე­ვით, თბ., 1941; მეორე გამოცემა წიგნში: კეკელიძე  კ., ეტიუდები ძველი ქარ­თული ლიტე­რა­ტუ­რის ისტორიიდან, [ტ.] 12, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; История и восхваление венценосцев, пер. с груз., предисл. и прим. К. С. Кекелидзе, Тб., 1954.

ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე  ილ., ცნობა შოთა რუსთაველის ისტორიული თხზულების შე­სა­ხებ, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 3; გ რ ი გ ო ლ ი ა  კ., თამარის მეორე ისტორიკოსის ვინაობისა და მისი თხზულების დათარიღებისათვის, «თსუ შრომები», 1964, ტ. 108; კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი", თბ., 1966; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" როგორც ლიტერატურული წყარო, წგ.: რუსთაველის კრებული, თბ., 1938; მ ი ს ი ვ ე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", წგ.: ქართული ლიტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 1, თბ., 1954; კ ი კ ნ ა ძ ე  რ., ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ., 1975; ლ ო ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ი., რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა, თბ., 1961; ჯავახიშვილი ივ., თხზუ­ლებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.

ა. ბოგვერაძე

რ. კიკნაძე