ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა, საქარ­თვე­ლოს ისტორიის, ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის შემსწავლელი ძირითადი სამეცნიერო ცენტრი.

მისი ისტორია 1917 წლის 1 ივლისს იწყება და თბილისში დაარსებულ „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტს" უკავშირდება. აღნიშნული ინ-ტი რუსეთის მეცნ. აკად. სისტემაში შედიოდა. მისი დაარსების ინიციატორი და ოფიციალური ხელმძღვანელი იყო ნ. მარი. ინ-ტი იმ დროისათვის სულ რამდენიმე ადამიანს აერთიანებდა (მ. შ. ე. თაყაი­შვი­ლი, გ. ჩუბინა­შვი­ლი) და მის ძირითად მიზანს შეადგენდა კავკასიის მოსახლეობისა და მის მონათესავე ხალხთა ენე­ბისა და ისტ. შესწავლა, კავკასიისმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნ. დისციპლინების განვითარება, ყოფ. კავკასიის სამეფისნაცვლოს ფარგლებში არსებული მატერ. და სულიერი კულტურის ძეგ­ლე­ბის რეგისტრაცია-დაცვა. რადგან ინ-ტის თანამშრომლებს დამოუკიდებლად მოუხდათ საქმიანობის წარმართვა, ამის გამო ძირითადად ქართ. და სომხ. სიძველეების კვლე­ვა-ძიებით შემოიფარგლნენ. 1931 ინ-ტს დაემატა საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყ-ბა და ეწოდა სსრკ მეც­ნი­ე­რება­თა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინ-ტი, რ-ის ბაზაზეც 1932 შეიქმნა სსრკ მეცნ. აკად. ამი­ერ­კავკა­სი­ის ფი­ლი­ალი, 1933 კი ამ უკანასკნელის ბაზაზე ჩამოყა­ლიბდა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფი­ლი­ალის საქარ­თვ. განყ-ბა. 1935 მოხდა სსრკ მეცნ. აკადემიის ფი­ლი­ალის რეორგანიზაცია 3 დამოუკიდებელ ფი­ლი­ალად – აზერბაიჯანის, საქარ­თვე­ლოსა და სომხე­თის. 1941 თებერვალში სა­ქართვ. ­ფი­ლი­ალის ბაზაზე ჩამო­ყალიბდა საქ. სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკადემია (ამჟამად – ­სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვნული აკადემია). აკადემიის სისტემაში შევიდა კავკასიისმცოდნეობის ინ-ტიც, რ-საც 1936 ნ. მარის სახ. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ხალხთა ისტორი­ის, მატერია­ლური კულტურის, ენისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ-ტი ეწოდა, 1936 წლის ივლისიდან კი – ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერია­ლური კულტურის ინსტიტუტი („ენიმკი"). პირველ ეტაპზე მიმდინარე ხშირი სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდგომ ენიმკის სტრუქტურა 1938-თვის ჩამო­ყალიბდა შემდეგნაირად: ინ-ტი აერთიანებდა შვიდ განყ-ბას და ორ კაბინეტს. განყოფილებებში შედიოდა: ქართველურ ენათა (გამგე ა. შა­ნი­ძე, 1941-იდან – ვ. თოფურია), კავკასიურ ენათა (გამგე არნ. ჩიქობავა), ლექსიკოლოგიის, სამეცნ. ტერმინოლოგიის, მახლობელი აღმოსავლეთის ენათა (გამგე გ. წერეთელი), არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის (ეთნოლოგიის გამოყოფის შემდეგ – არქეოლოგიის განყ-ბა, გამგე გ. ნიორაძე) და ისტორიის (გამგე ს. ჯანაშია) განყ-ბებს, ასევე ფონეტიკისა და ნ. მარის კაბინეტებს. ინ-ტი აწყობ­და სამეცნ. ექსპედიციებს, ლექცია-მოხსენებებს. მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ამი­ერ­კავ­კასი­ის და ჩრდ. კავკასიის სამეცნ. წრეებთან. 1938 ივნისიდან ცალკე გამოიყო ეთნო­გრაფიის განყ-ბა (გ. ჩიტაიას ხელმ­ძღვანელობით). 1939-იდან შეიქმნა ფილოლოგიის (ა. ­შა­ნი­ძე, 1940-იდან – ს. ყაუხჩი­­ შვი­ლი) განყ-ბა, ლექსიკოლოგიისა და სამეცნ. ტერმინოლოგიის განყ-ბები გაერთიანდა (გამგე ვუკ. ბერიძე), ხოლო კაბინეტების ბაზაზე ჩამო­ყალიბდა ზო­გა­დი ენათმეცნიერების განყ-ბა (გამგე გ. ახვლედიანი).

სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული უმაღლესი სკოლის სრულიად საკავშ. კომიტეტის 1939 წ. 7 ნოემბრის ბრძანებულებით ენიმკის სამეცნ. საბჭომ მიიღო უფლებამოსილება, განეხილა საკანდიდატო და სადოქტორო დი­სერტაციები (საქარ­თვე­ლოს, კავ­კასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის, სა­ქარ­თვე­ლოსა და კავკასიის არქეოლოგიის, ქართ. სამართლის ისტორიის, სა­ქარ­თვ. ეკონომიკური ისტორიის, ქართველური ენათმეცნიერების, კავკასიური ენათმეცნიერების, ქართ. ფილოლოგიის, ირანისტიკისა და ქართ. ხელოვნების ისტორიის სპეციალობებში) და მიენიჭებინა სამეცნ. ხარისხი. ენიმკის სამეცნ. საბჭოს თავ-რედ დამტკიცდა ს. ჯანაშია (პირველი დისერტაციის დაცვა შედგა 1940 წ. 29 დეკემბერს და ისტორიის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კანდიდატის სამეცნ. ხარისხი მიე­ნი­ჭა ეთნოგრაფიის ­განყ-ბის უმცროს მეცნიერ თანამშრომელს ა. რობაქიძეს).

1937 წ. 17 დეკემბერს, სამეცნ. საბჭოს დადგენილების შესაბამისად, ენიმკის თანამშრომლები სამ კატეგორიად დანაწილდნენ: პროფესორი, უფრ. მეცნიერი თა­ნამშრო­მე­ლი და უმც­რო­სი მეცნიერი თანამშრომელი. ინ-ტს დაარსებიდან ჰქონდა ბ-კა, აგრეთვე ორი პერიოდული გამოცემა: „აკად. ნ. მა­რის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე" („ენიმკის მოამბე") და „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის". 1938–40 გამოიცა „მასალები სა­ქარ­თვე­ლოს ეთნოგრაფიისათვის". ამ პერიოდშივე დაიწყო ისეთი სერიების გამოცემა, როგორიცაა: „სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ორიგინალური წყა­რო­ე­ბი", "დოკუმენტები სა­ქარ­თვე­ლოს სოცი­ა­ლური ისტორიიდან", „სა­ქართვე­ლოს სა­მართლის ძეგლე­ბი" და „ქარ­თველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ".

1941 წ. 8 მაისს სა­ქ. სსრ მეც­ნიე­რე­ბა­თა აკადემიის პრეზიდენტის ნ. მუსხელი­შვი­ლის ბრძა­ნებით ენიმკი გაიყო და მის ბაზაზე შეიქმნა ორი ინ-ტი: „ისტორიის ინსტიტუტი" და „აკად. ნ. მარის ენის (შემდგომში – ენათმეცნიერების) ინსტიტუტი". ამავე ბრძანებით, ისტორიის ინ-ტის დირექტორად დაინიშნა ს. ჯანაშია (მუშაობდა გარდაცვალებამდე – 1947). 1943 საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ისტორიის ინ-ტს მი­ე­ნი­ჭა აკად. ივ. ჯავახი­შვი­ლის სახელი. 1944–45 გაიხსნა ახალი განყ-ბები: ფილოსოფიის (რ-იც 1946-იდან ცალკე ინ-ტად ჩამო­ყალიბდა მეცნი­ე­რე­ბა­თა აკადემიის სისტემაში), ქართული მუს. ფოლკლორისა და ქართ. ხალ­ხუ­რი მედიცინის ისტორიის.

არქეოლ. და ეთნოგრ. სამუშაოების გაფართოების გამო, 1964 ისტორიის ინ-ტს ეწოდა „ივანე ჯავახი­შვი­ლის სახელობის ისტო­რიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი", ხოლო 1977 ცალკე სამეცნ. კერად ჩამოყალიბდა არქეოლ. კვლევის ცენტრი. ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტში 15 განყ-ბა და 5 სექტორი ფუნქციონირებდა: ძველი ისტო­რიის (გ. მელიქი­შვი­ლი), შუა საუკუნეების სა­ქართვ. ისტორიის (მ. დუმბაძე), სა­ქართვ. ახალი ისტორიის (გ. მარ­გიანი), საბჭოთა სა­ქართვ. ის­ტორიის (ი. კაჭარავა), დიდი სამამულო ომის პერიოდის საქართვ. ისტორიის (მ. ნათმელაძე), სა­ქართვ. სსრ შრომითი კოლექტივების ისტორიის (მ. სამსონაძე), სა­ქართვ. ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის (რ. კიკნაძე), საბჭოთა კავ­შირის ხალხებთან სა­ქართვ. ურთიერთობის ისტორიის (გ. პაიჭაძე), კავკასიის ხალხთა ისტორიის (გ. თოგო­შვი­ლი), ევროპის ქვეყნების ისტორიის (ი. ტაბაღუა), ისტორიული გეოგრაფიის (დ. მუსხელი­­შვი­ლი), კონ­კრე­ტუ­ლი სოციოლოგიური კვლევის (მ. გეგეშიძე, ა. კაცაძე), სა­ქართვ. სსრ ქალაქებისა და სოფლების ისტორიის (ჯ. ოდიშელი), სა­ქართვ. ისტორიის ძეგლთა ნუსხისა და ინფორმაციის (უ. სიდამონიძე), ეთნოგრაფიის (ა. რობაქიძე) განყ-ბები, რ-ებშიც გაერთიანებული იყო მატერ. კულტურისა და სამეურნეო ყოფის ეთნოგრ. შესწავლის (ჯ. რუხაძე), სო­ცი­ა­ლურ ურთიერთობათა ეთნოგრ. შესწავლის (ვ. ითონი­­შვი­ლი), სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის (თ. ოჩიაური), ქართულ-კავკასიური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების ეთ­ნოგრ. შესწავლის (ა. რო­ბაქიძე) და ანთროპოლოგიის (მ. აბდუშელი­შვი­ლი) სექტორები. სუ­ლიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის სექტორში მოქმედებდა ქართ. ხალხ. მუსიკის (ნ. მაისურაძე) და ქართ. ხალხ. მედიცინის (ნ. მინდაძე) შემსწავლელი ჯგუფები. 1947–65 ინ-ტის დირექტორი იყო ნ. ბერძენი­შვილი, 1965–99 – გ. მე­ლიქი­შვი­ლი, 1999–2006 – დ. მუსხელი­შვი­ლი. ისინი ინტენსიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ, საკავშ. თუ საერთაშ. ფორუმებზე. ფართოვდებოდა ასევე კვლევის თემატიკა და მიდგომები.

2006-იდან ინ-ტი გახდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ჯავახი­შვი­ლის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი". ამ პერიოდიდან იწყება შიდა სტრუქტურული რეორგანიზაციაც. 2018-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს გ. ჭეი­შვი­ლი. ამჟამად ინ-ტში მოქმედებს 5 განყ-ბა და ერთი ლაბორატორია: ძველი ქვეყნების ისტორიის (ი. ტატი­შვი­ლი), შუა საუკუნეების სა­ქართვ. ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის (მ. ჩხარტი­­შვი­ლი), ახალი და უახლესი ისტორიის (ა. სონღულა­შვი­ლი), სა­ქართვ. ეთნოლოგიის (ქ. ხუცი­­შვი­ლი), კავკასიის ეთნოლოგიის (რ. თოფჩი­შვი­ლი) განყ-ბები და ანთროპოლოგიური კვლევის ლაბო­რატორია (ლ. ბითაძე).

სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის რეორგანიზაციის შემდგომ ი. და ე. ი. გადავიდა თსუ-ის დაქვემდებარებაში, როგორც სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი.

ლიტ.: თ ო ფ უ რ ი ძ ე  ქ., ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ქსე, ტ. 5, თბ., 1980; ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, რედ. აკად. გ. მე­ლიქი­შვი­ლი, თბ., 1988; ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., მოკლე ანგარიში ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის და მისი სამეცნიერო საბჭოს მუ­შა­ობისა 1936–1944 წწ., «ენიმკის მოამბე»,1944, ტ. 14; Джорбенадзе С. М., Учреждения АН СССР и Тбилисский университет (Документы и факты), Тб., 1974; Ж о р д а н и я  О., Институт истории, археологии и этнографии им. акад. И. А. Джавахишвили, Тб., 1988.

ქ. ხუცი­შვი­ლი