ისტორიოგრაფია

ისტორიოგრაფია (ბერძნ. historia – თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე და grapho – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ; სიტყვასიტყვით ნიშნავს ისტორიული მოვლენების აღწერას), 1. ისტორიული მეცნიერების ისტორია, აგრეთვე განსაზღვრული თემის, პრობლემის ან ისტ. ეპოქისადმი მიძღვნილი გამოკვლევების ერთობლიობა, ანდა სხვადასხვა ნიშნით გაერთიანებული ისტ. ხასიათის ნაშრომები; 2. ისტორიული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი მეცნიერული დისციპლინა; 3. ფართო მნიშვნელობით – თვით ისტორიული მეცნიერება (აქედან წარმოდგება ისტორიოგრაფი – იგივე ისტორი­კოსი). თანამედროვე ი. გულისხმობს არა ისტ. ფაქტების, არამედ ამა თუ იმ ეპოქის ისტ. აზრის გადმოცემას. ისტორიოგრაფიული მეცნიერების კვლევის ძირითადი ასპექტებია: ისტ. კონცეფციის შე­სწავლის აუცილებლობა და ისტ. აზროვნების ყოველი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი მე­თოდოლოგიური პრინციპების დად­გენა, კვლევის კონკრეტული მე­თოდიკისა და წყაროთა გამოყე­ნების ფორმის ანალიზი, ისტორიის დარგში კვლევითი მუშაობის ორგანიზაციისა და ფორმის შესწავლა.

ქართულ ი-ს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ახ. წ. I–II სს. განეკუთვნება ქართლის (იბერიის) სამეფოს დიდმოხელეთა უცხოენოვანი წარწერები (ნაპოვნია მცხეთა-არმაზში), რ-ებიც ამ ეპოქის შე­სა­ხებ მრავალ საინტერესო მასალას გვაწვდის.

უძველესი ქართ. წარწერები თარიღდება V ს-ით (ბოლნისის სიონი, პალესტინის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, წმ. თეოდორეს მონასტერი). გვაქვს აგრეთვე ამავე საუკუნის ქართ. ი-ის უძველესი ჰაგიოგრაფიული ძეგლები, რ-ებშიც ასახულია ქვეყნის ისტ. განვითარება. ი-ის უძველეს ძეგლში იაკობ ხუცესის (ცურტაველი) „შუშანიკის წამებაში“ (V ს.) უხვადაა ცნობები იმ დროის აღმ. საქართვ. საზ. წყობის, ეკონ.-პოლიტ. და კულტ. მდგომარეობის შე­სა­ხებ. VI ს. ქართლში არსებული ვითარება ასახულია „ევსტათი მცხე­თელის მარტვილობაში“. საქარ­თველოს მდგომარეობა არაბთა ბატონობის ხანაში აღწერილია იოანე საბანის­ძის „აბო თბილელის წამებაში“ (786–790). ასეთივე ხასიათის თხზუ­ლებებია „კოსტანტი კახის მარტვილობა“ (IX ს.), სტეფანე მტბევარის „გობრონის წამება“ (X ს.) და სხვ. საქართველოს პოლიტ. გაერთიანებისათვის ბრძოლის, ტაო-კლარჯეთში არსებული სოც.-პოლიტ. და კულტ. ვითარების გასაცნობად უპირველესი მნიშვნელობის ძეგლია გიორგი მერჩულეს (X ს.) „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, აგრეთვე ამავე საუკუნის ავტორის, ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“. ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკა, რ-ის პირველ ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული ქართლის სამეფოს ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან IX ს-მდე, ხოლო მეორე ნაწილში – ქართველთა განმანათლებლის, „წმიდა ნინოს ცხოვრების" ვრცელი ვერსია. ეს ორი თხზულება, სავარაუდოდ, გვიან უნდა იყოს გაერთიანებული. თხზულების დათარიღების შე­სა­ხებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ „ნინოს ცხოვრების“ მოთხრობათა ციკლი მისივე თანადროულია და მომდინარეობს ქართლის მოქცევის ბიზანტიური (IV ს.) და სომხური (V ს.) ვერსიებიდან. წყაროს შევსება-რედაქტირება უნდა მომხდარიყო V, VII, IX სს-ში.

შუა საუკუნეების ქართული ისტორიული აზროვნების ნაყოფია უმნიშვნელოვანესი ძეგლი – „ქართლის ცხოვრების“ მატიანეთა კრე­ბული, სადაც საქართველოს ის­ტორია უძვ. დროიდან XIV ს. და­საწყისამდე გადმოცემულია ერთიანი, მთლიანი, მწყობრად გამართული ისტორიის სახით.

„ქართლის ცხოვრება“ წარმო­ადგენს საქართვ. ისტორიის უმთავრეს წყაროს, შესაბამისად, ქარ­თული ი-ის კვლევას აქვს ხანგრძლი­ვი ისტორია, რ-იც მუდმივი პროცესია და დღემდე გრძელდება. ამდენად, ი-ში მრავალი თვალსაზრისი არსებობს მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების მოცულობის, დასათაურებისა და ავტორების ვინაობის შე­სა­ხებ. ყველაზე სრულყოფილ გამოცემად დღემდე ითვლება „ქართლის ცხოვრების“ ის გამოცემები (რედაქტორები: ს. ყაუხჩი­შვი­ლი, რ. მეტრეველი), რ-ებიც ივ. ჯავახი­შვი­ლის მიერ შემუშავებული სტრუქტურის მიხედვით არის წარმოდგენილი.

„ქართლის ცხოვრებას“, როგორც ისტორიულ ნაშრომს, აქვს ყველა ის ნიშანი, რ-იც, ზოგადად, შუა საუკუნეების მატიანეებისთვისაა დამახასიათებელი. იგი თავისი მსოფლმხედველობით, იდეოლოგიით, ამოცანებით შუასაუკუნოვანი ი-ის ტიპური ნიმუშია: 1. იგი წარმოადგენს ქართული ფეოდ. საზ-ბის ისტორიას; მთლიანად გამოხატავს და იცავს გაბატონებული კლასის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ინტერესებს. თხრობა უპირველესად ეხება მეფეთა ცხოვრებას. ისტორიკოსის ამოცანას არ წარმოადგენდა უბრალო ხალხის ისტორიის გადმოცემა; 2. არის ტენდენცია, საქართვ. ისტორია აღქმულ იქნეს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. თხზულებათა ავტორები ­საქართვ. ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს მსოფლიო ისტორიის ცნობილ ფაქტებთან აკავშირებენ. მაგ., ფარნავაზიანთა დინასტიის მეთაურობით ქართლის სამეფოს შექმნა იწყება ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებით საქართველოში. საკითხის ამგვარი გააზრება არ არის შემთხვევითი. შუა საუკუნეების ქრისტიანისთვის მისაღებია მსოფლიო ისტორიის მთლიანობაში აღქმა, ამიტომ ქართვ. მემატიანე საქართვ. ისტორიას წარმოაჩენს როგორც მსოფლიო ისტორიის ნაწილს, ხოლო, რადგან მსოფლიო ისტორი­ის პერიოდიზაცია ოთხი მონარ­ქის პრინციპით იყოფა და ერთ-ერთი ეპოქა კი ალექსანდრე მაკედონელით იწყება, ქართვ. ისტორიკოსიც ქართლის სამეფოს წარმოშობას მის სახელს უკავშირებს; 3. კრებულში, როგორც ზოგადად შუასაუკუნოვან მატიანეებში, მრავალი პრობლემის გააზრება ბიბლიურ „თეორიაზე“ დაყრდნობით ხდება (ქართველი და კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზი, სამეფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბისა და სამეფო დინასტიების წარმოშობა და სხვ.); მაგ., ქართლოსიანნი და მთელი კავკასიელები ბიბლიური თარგამოსის შთამომავლებად არიან გამოცხადებულნი, ხოლო მათ დამკვიდრებას ისტ. სამშობლოში „ბაბილონის გოდოლის“ ლეგენდას უკავშირებენ და ა.შ.; 4. კრებულის ავტორთა და რედაქტორთა მსოფლმხედველობა შუასაუკუნოვანი პროვიდენციალიზმით ხასიათდება. მეფეთა და გმირთა მოღვაწეობა აღწერილია როგორც ბრძოლა ქრისტ. რწმენის დასაცავად, ისტ. პირის დადებითად დახასიათებისას წამოწეულია მისი ღვთისმოსაობა, ხოლო სტიქიური უბედურებები და ომები მიჩნეულია ადამიანთა ურჩობის, ბიწიერი ცხოვრებისა და ურწმუნოების საპასუხოდ გამოგზავნილ ღვთის რისხვად. მატიანეებში ხშირია ციტირება „წმინდა წერილიდან“, ხოლო ადამიანთა ქცევა შეფასებულია წმიდა მამათა დოგმების მიხედვით. მაგ., მეფე დავით აღმაშენებლის წარმატებები ახსნილია, როგორც ღვთიური ნების გამოვლინება – „თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თვისი, და საცხებელი მისი წმინდა სცხო მას“. კრებულში მრავალი სასწაული, წინასწარმეტყველური სიზმარი თუ ლეგენდაა შეტანილი, რაც, აგრეთვე, შუასაუკუნოვანი მატიანეებისთვისაა დამახასიათებელი და გარკვეულ დატვირთვას ატარებს; 5. ავტორები კარგად იცნობენ ანტ. სამყაროს, ბერძენ და რომაელ მწერლებს. პერსონაჟთა დახასიათებისას და მოვლენათა აღწერის დროს წარმატებით იყენებენ შედარებით მეთოდს. მათთვის სამაგალითო ­პიროვნებაა ალექსანდრე მაკედონელი და ხშირად ქართველ მეფეებს მას ადარებენ. ამ ნიშნით განსაკუთრებით გამოირჩევიან დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ისტორი­კოსები.

კრებულში წარმოდგენილი მატიანეები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იწერებოდა და ისინი წარმოადგენს კომპოზიციურად კარგად აწყობილ თხზულებებს, რ-ებშიც მკვეთრად ჩანს მთავარი აზრი; ავტორებმა კარგად იციან, როგორ და რა გზით უნდა იწერებოდეს ისტ. თხზულება; შეგნებული აქვთ, რომ ჟამთააღმწერლობა, უპირველეს ყოვლისა, „ჭეშმარიტების მეტყველება არს“. არსებობს შეხედულება იმის შესა­ხებ, რომ XII ს-იდან ქართ. საისტ. მწერლობა ბიზანტიური საისტ. მწერლობის ტრადიციების მძაფრ გავლენას განიცდის, რაც შესაბამისად აისახა თხზულებაში „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“.

შუა საუკუნეების საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებ­ში, სწავლა-განათლების, მეცნიერების, მწერლობის, ხელოვნებისა და, საერთოდ, კულტურის ცენტრებს ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდა. აქ ქართვ. ბერების მიერ იწერებოდა ორიგინალური თხზულებები, ითარგმნებოდა უცხოუ­რი ძეგლები, მრავლდებოდა ხელ­ნა­წერები, მდიდრდებოდა ეროვნ. კულტურის საგანძური. ქართ. კულტურის ამგვარი ცენტრები არსებობდა როგორც საქართველოში (ხანძთა, შატბერდი, ოშკი, შიომღვი­მე, გელათი და სხვ.), ასევე საზღვარგარეთ (საბაწმინდა, სინა, ჯვარი, შავი მთა, ათონი, პეტრიწონი და სხვ.).

საზღვარგარეთის ქართულ ლავრებში XI ს. ცნობილმა მოღვაწეებმა – გიორგი მთაწმიდელმა, გი­ორგი მცირემ, ეფრემ მცირემ – გა­ნავითარეს ბიოგრ.-ისტ. ჟანრის მწერლობა, გააფართოვეს ისტ. წყა­როების წრე და გარკვეული დოზით გამოიყენეს ისტ. ­კრიტიკა. მაგ., გიორგი მთაწმიდლის თხზულებაში („ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყება ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ“) დამოწმებულია სამივე სახის წყაროს გამოყენების ფაქტი: წერილობითის, ნივთიერისა და ზეპირის. იგი უხვად სარგებლობს წერილობითი საბუთებითა და „სარწმუნო კაცთა“ ზეპირი ცნობებით. მას „უტყუარ“ მასალად საბუთის დედანი მიაჩნია. გიორგი მცირეს თხზულება („ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმინდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ“) გამოირჩევა ისტ.ლიტ. მასალის სიუხვით. ეფრემ მცირე („უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა“) ოსტატურად ფლობს ანალოგიის მეთოდს, ახდენს ტექსტების რთულ ფილოლოგიურ ინტერპრეტაციას. მის გამოკვლევებშიც გვხვდე­ბა ის­ტორიული ­კრიტიკის ელემენტები. იოანე პეტრიწმა და­ტოვა მრავალი მეცნ.-ლიტ. თხზუ­ლება. მან საქარ­თველოში საფუძველი ჩაუყარა ნეოპლატონურ ფილოს. სკოლას; პეტრიწმა და მისმა მოწაფეებმა შეიმუშავეს ქართ. სამეცნ. ენა, ტერმინოლოგია და დიდად შეუწყვეს ხელი ქართ. ფილოს. აზროვნების განვითარებას. მან გელათის აკადემიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

XIV ს. და შემდგომი პერიოდის საქართველოში, ისტ. აზრის განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა, რ-იც დამპყრობელთა ხანგრძლივმა შემოსევებმა განაპირობა. მიუხედავად ამისა XV–XVI სს-ში იქმნება ცალკეული ფეოდალური სენიორიებისადმი მიძღვნილი საისტ. თხზულებანი: „ძეგლი ერისთავთა“ (XV ს.), „მესხური დავითნის ქრონიკა“ ( XVI ს.) და სხვ.

XVII–XVIII სს. ქართ. კულტურის ისტორიის ახ. პერიოდია, რ-იც ქართ. ლიტ-რაში „აღორძინების“ სახელით არის ცნობილი. იგი თავისი შინაარსით არ წარმოადგენდა ევრ. ჰუმანიზმისა და, მით უფრო, რაციონალიზმის ხანას და ეს შეუძლებელიც იყო, რადგან, სოციალური განვითარების თვალსაზრისით, საქართველო ტიპური ფეოდ. ქვეყანა იყო. შესაბამისად, არ არსებობდა ის ბურჟუაზიულ-ეკონ. ურთიერთობები, რ-ებიც ევროპაში ახ. აზროვნების ჩამოყალიბების საყრდენად იქცა. ქართ. მოწინავე საზ-ბას ესმოდა, რომ ეროვნ. სახის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო არა მხოლოდ ფიზიკურ არსებობაზე, არამედ კულტურასა და იდეოლოგიაზე ზრუნვა. ამ მხრივ განსაკუთრებულად ბევრი გაკეთდა XVIII ს. საქართველოში, სადაც ორი პერიოდი შეიძლება გამოიყოს: ვახტანგ VI-ისა და ერეკლე II-ის ხანა.

1709 თბილისში დაარსდა პირვე­ლი ქართული სტამბა. ­დაიბეჭ­და „სახარება“, „დავითნი“, „სამო­ციქულო“, „ვეფხისტყაოსანი“. XVIII ს. 20-იან წლებში გაუქმე­ბული თბილ. სტამბა 1749 აღადგინეს, 1782–94 კი ახალი ტექნიკით აღ­ჭურვეს. 1755 თბილისში დაარს­და სას. ­სემი­ნა­რია, 1758 თელავ­ში – სას. სასწავლებელი. ნაყოფი­ერად მუ­შაობდა ვახტანგ VI-ის მი­ერ ჩამო­ყალიბებუ­ლი სწავლულ კაცთა კომისია, რ-მაც იმუ­შა­ვა „ქართ­ლის ცხოვრე­ბის“ რედაქტირება-გგაგრძელებაზე. კათო­ლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა (1744–55;1764–88) მოამზადა „ქარ­თული ღრამატიკა“, ­შეადგინა „ღვთის­მეტყველების“ 4 ტო­მი, დაწერა „წყობილსიტყვაობა“, თარგმნა ქ. ვოლფის „შემოკლებული ფიზიკა თეორეტიკებრი“, ფ. ბაუმაისტერის „ლოგიკა“, „მეტაფიზი­კა“ და სხვ.

ფრანგი მისიონერები საქართველოში ეწეოდნენ ევრ. ლიტ-რის პოპულარიზაციას და ნერგავდნენ სწავლების დასავლურ სისტემას, რამაც ქართ. ისტ. აზრის განვითარებაზე გარკვეული გავლენა იქონია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მსოფლმხედველობა ისევ ფეოდალურ-ეკლესიური დარჩა.

ამდენად, XVII–XVIII სს. ქართ. ისტ. აზრის შეფასება იმდროინდელი ეპოქის გათვა­ლის­წინებით უნდა მოხდეს. საკითხი­სადმი ამგვარი მიდგომა უფრო მეტად წარმოაჩენს ამ პერიოდის ისტორიკოსთა დამსახურებას.

ქართ. ისტ. აზროვნება ახალ საფეხურზე ვახუშტი ბატონიშვილმა აიყვანა. მისი თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ შედგება შემდეგი ნაწილებისგან: 1. წინასიტყვაობა, სადაც მოკლედ არის აღნიშნული ნაშრომის მიზანი და ამოცანები; 2. შესავალი, „ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსა“; 3. „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“; 4. „საქართველოს ცხოვრება“. წიგნი მთავრდება საძიებლებითა და ბიბლიოგრაფიით, ერთვის ატლასები.

ვახუშტიმ ქართულ ი-ში საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან დამხმარე ისტ. დისციპლინებს: გენეალოგიას, ისტორიულ გეოგრაფიას, ქრონოლოგიას, ნაწილობრივ დიპლომატიკას, რ-ებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ისტ. კვლევის მეთოდების გაუმჯობესებასა და ისტ. მეცნიერების წინსვლას. სწორედ ამ დისციპლინების შექმნით იწყება ისტორიული ცოდნის ისტ. მეცნიერებად გადაქცევა.

ვახუშტიმ დააფუძნა კარტოგრაფია. მისი შედგენილია საქართველოსა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ორი ქართული გეოგრ. ატლასი, რ-იც წარმოადგენს კავ­კასიის ერთი ნაწილის პირველ დეტალურ, მსხვილმასშტაბიან და თავისი დროისათვის ზუსტ კარტოგრაფიულ გამოსახულებას. პირველი ატლასი მან 1735 შექმნა (8 რუკით), ხოლო მეორე – 1742–43 (19 რუკით). ვახუშტიმ საქართველოს ისტორია ქრონოლ. ცნობებით გაამდიდრა. შექმნა თავისებური ქრონოლ. სისტემა, რ-იც არსებული წელთაღრიცხვების სისტემას დააფუძნა. ჩამოაყალიბა სამეფო დინასტიების გენეალოგიური ტაბულები. იგი თვლიდა, რომ ქვეყნის გეოგრ. აღწერა ისტ. თხზულების აუცილებელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მისთვის ცნობილი იყო მეცნ. დიპლომატიკის მთავარი კანონები: დოკუმენტების სახეობისა და მისი შემადგენელი ნაწილის მნიშვნელობა.

ვახუშტი მეთოდოლ. კვლევების დროს ერუდიტთა სკოლის გავლენას განიცდიდა. კარგად ჩანს აგრეთვე მისი განსწავლულობა ევრ. მეცნიერებაში და მიზანი, რომ სწორედ ამ მეცნიერულ მეთოდებზე აეგო თავისი კვლევები, რასაც წარმატებით აღწევდა. განსაკუთრებით ეს ეხება წყაროებისადმი დამოკიდებულებას, მათ მრავალფეროვნებას და გამოყენების წესს, როგორც ეს იმ დროისათვის იყო მიღებული (ერუდიტთა მეთოდიკა).

წყაროთა კრიტიკა ითხოვს ამ წრის გაფართოებას. მართალია, ქართულ ი-ში ეს ტრადიცია არსებობდა (მაგ. „სწავლული კაცები“), მაგრამ მას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. ვახუშტიმ წყაროს მოხმობისა და გამოყენების წესი სავალდებულოდ აქცია და ფართო ხასიათი შესძინა. იგი იყენებდა როგორც ნარატიულ წყაროებს, ასევე დოკუმენტებს, საბუთებს, გუჯრებს, ეპიგრაფიკულ მასალას. მან კრიტიკული მეთოდი ყველა წყაროზე გაავრცელა და მოითხოვდა ნათქვამისა თუ აღნიშნულის დასაბუთებას, დამტკიცებას, რისთვისაც აუცილებელი იყო გამოყენებული წყაროს დამოწმება-ციტირება.

ვახუშტიმ ქართული სამეცნ. მეტყველება გაამდიდრა ევრ. მეცნიერული ტერმინოლოგიით (გენეალოგია, ეტიმოლოგია, აკადემია, პოლიტიკა, კატალოგი, ტომი და სხვ.). მისი მეთოდოლ. არსენალი მრავალფეროვანია: იყენებს ანალოგიას, შედარებას, განზოგადებასა და სხვა მეთოდებს.

ვახუშტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული წინარე ხანის და მის თა­ნამედროვე ქართულ საისტ. მწერ­ლობასთან. აქ არის საძიებელი მისი ისტ. შემოქმედების და, განსაკუთრებით, აზროვნების მთავარი წყარო. ამავე დროს მან ბევრი რამ აიღო და შეითვისა XVII– XVIII სს. ევრ. ი-იდან. სწორედ ამ თავისებურებებით განსხვავდება ვახუშტი წინამორბედი და ნაწილობრივ, მომდევნო ხანის ქართველი ისტორიკოსებისაგან.

ვახუშტი მოვლენებს განიხილავს და აფასებს ცვალებადობაში, განვითარებაში, სხვა მოვლენებთან და გარემო პირობებთან კავშირში. იგი მოვლენებს ხსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. მისი შეხედუ­ლებით, სამყაროს ცვალებადობა, განახლება დროში, ობიექტური და შეუქცევადი პროცესია და არ წარმოადგენს ღმერთის მოქმედების შედეგს. ამიტომ მიჩნეულია, რომ ვახუშტიმ მოახდინა ისტორიის სეკულარიზაცია. იგი კარგად იცნობდა და იზიარებდა ჰუმანისტების, ერუდიტისტორიკოსთა და რაციონალისტების (ნაწილობრივ) იდეებს, მათი კვლე­ვის მეთოდებსა და მიზნებს; სამეცნ. მუშაობის დროს ეყრდნობოდა ერუდიტთა მიღწევებს და ისტ. მოვლენებისადმი ჰუმანისტური დამოკიდებულება გააჩნდა.

XVI–XVII სს. სპარსული საისტ. მწერლობის ტიპური წარმომადგენელია ფარსადან გორგიჯანიძე. მან სა­ფუძვ­ლიანად შეისწავლა სპარსული საისტ. მწერლობა, რ-ის ტრა­დიციები ფართოდ ­გამოიყენა სამეცნ. მუშაობაში. დაწერა მნიშვნელოვანი ისტ. თხზულება – „საქართველოს ისტორია“. იგი, ერთმნიშვნელოვნად, აღმოსავლური ი-ის ტრადიციების მიმდევარია, ხოლო თავისი პირუთვნელობის, პირდაპირობისა და ობიექტურობის გამო, მ. შ. საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.

XVIII ს. დასაწყისში ქართული ი-ის განვითარების ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მიმართულება აღინიშნება: 1. „ქართლის ცხოვრების“ ­შევსება-რედაქტირება: ა) ტექსტი დაიყო თავებად, ქვეთავებად. გაკეთდა საძიებლები, ტექსტის მაჩვენებლები და სხვ. შესაბამისად, გაადვილდა ძეგლის გაცნობა და შესწავლა, სრულყოფილი გახდა მისი კომპოზიციური სტრუქტურა და მთლიანობა. ყველაფერი ეს პასუხობდა იმ მეთოდოლ. მოთხოვნებს, რ-საც ამ ეპოქის ისტ. თხზულებებს უყენებდნენ; ბ) ტექსტი შინაარსობრივად გამდიდრდა სას. მოღვაწეთა ცხოვრებით, რაც ნიშნავს საქართვ. ისტორიის წყაროთა წრის გაფართოებას. ტექსტი შეივსო ძეგლის სხვადასხვა ნუსხაში შემონახული ნაწარმოებების შერწყმის საფუძველზე, ბუნდოვანი ნაწილები გაიმართა, გამოტოვებული სიტყვები აღდგა, მცდარი ადგილები გასწორდა, ზოგიერთი ცნობა შეივსო; 2. „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება (XIV ს-იდან). მისი მიზანი იყო გამოეკვლიათ საქართველოს XIV–XVII სს. ისტორია და პასუხი გაეცათ ეპოქის აქტუალური საკითხებისათვის: როგორ და რატომ დაიშალა საქართვ. ერთიანი სამეფო, ვის რა წვლილი მიუძღოდა ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ საუკუნოვან ბრძო­ლაში, რაში მდგომარეობდა მარცხისა და წარმატების მიზეზები.

დღეისათვის ცნობილია „ქართლის ცხოვრების“ სამი გაგრძელება: 1. ვახტანგ VI-ის „სწავლულ კაცთა კომისიის “ მიერ შედგენილი XIV– XVII სს. საქართველოს ისტორია, რ-იც გამოცემულია კომისიის ერთ-ერთი წევრის, ბერი ეგნატა­შვი­ლის მიერ და მისივე სახე­ლით არის ცნობილი. 2. უცნობი ავტორის – გიორგი V ბრწყინ­ვალის წინარე ხანის ისტორიით დაწყებული, ვიდრე 1605-მდე. შე­მონახულია „ქართლის ცხოვ­რების“ რამდენიმე ხელნაწერში: დადიანი­სეული, ბარათა­შვი­ლისეუ­ლი, ფა­ლავანდიშვი­ლისეული, სხვი­ტო­რული; 3. ე. წ. „პარიზის ქრო­ნიკა“, რ-იც დაცულია პარიზის ყოფ. სამეფო ბ-კის ხელნაწერთა განყ-ბაში. მოიცავს ისტორიას XIV ს. II ნახ-იდან 1703-მდე.

აღნიშნული პერიოდისათვის ქარ­­თულ საისტ. თხზულებაში გა­მოვლინდა ევრ. ი-თვის დამახსიათებელი ნიშნები, განსაკუთრებით მეთოდოლ. თვალსაზრისით – წყაროებისადმი კრიტიკული დამოკი­დებულება, წყაროთა წრის გაფარ­თოება; მათი ავკარგიანობის გამორკვევა კარგად ჩანს „სწავლულ კაცთა“ ნაშრომში. მასში სრულყოფილად არის ­შესწავლილი მათ მიერ გამოყენებული ქართ. და უცხოური წყაროები, ­ნარატიული თუ დოკუმენტური მასალა, ნაჩვენებია ამ წესთა მრავალფეროვნება და სიმრავლე.

გაგრძელების ავტორები, წე­რილო­ბითი წყაროების გარდა, იმოწმებენ ნივთიერ მასალას, ხალ­ხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ხალ­ხურ წეს-ჩვეულებებს. მათი თხრო­ბის ობიექტი ისევ ფეოდ. არის­ტოკრატიაა, ხოლო ­ინტერესის სფეროს (როგორც იმდროინდელ დასავლურ ი-ში) ომების, პოლიტიკისა და გმირების ისტორიები წარმოადგენს.

სამივე გაგრძელების ავტორთა შეხედულება ისტ. პროცესების შე­სა­ხებ ისევე პროვიდენციულია, როგორც ეს XVI ს. ერუდიტ-ისტორიკოსებისათვისაა მიღებული. ისი­ნი ზოგიერთ შემთხვევაში ისტ. მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებუ­ლებას ხედავენ; ღვთის განგების ნაცვლად ამა თუ იმ მოვლენის ახსნისას ობიექტურ პირობებს იშველიებენ, რაც ჰუმანისტებისათვის არის დამახასიათებელი. კარგად ჩანს განსაკუთრებული მოწიწება ეკლესიისა და სას. თუ საერო მოღვაწეების მიმართ. ძირითადი პოლიტ. ტენდენცია კი, ისევ სამეფო ხელი­სუფ­ლე­ბის განდიდებასა და მათი პოზიციების დაცვაში მდგომარეობს.

XVIII ს. ისტორიკოსები არიან: სეხნია ჩხე­იძე, რ-ის ისტ. თხზულება „ცხოვრება მეფეთა“ მოიცავს 1653–1739 ისტორიას, გადმოგვცემს ქართლ-კახეთის მეფეთა თავგადასავალსა და ირანში მიმდინარე პროცესებს; პაპუნა ორბელიანი, რ-ის ნაშრომი „ამბავნი ქართლისანი“, მოგვითხრობს 1739–58 ქართლის ისტორიას; ომან ხერხეულიძე, რ-ის ნაშრომში „მეფობა ირაკლი მეორისა, მეფისა თეიმურაზის ძისა“ კი აღწერილია 1722–82 საქართველოს ისტორია. სამივე ისტორიკოსი თავიანთ თხზულებებს მატიანური სტილით წერენ, ამიტომ ისინი მემატიანე-ისტორიკოსებად მოიხსენიებიან. თუმცა ავტორები ხშირ შემთხვევაში მოვლენების მნიშვნელობაზე მსჯელობენ და ამ მოვლენათა თავისებურ შეჯამებას იძლევიან.

მემატიანე-ისტორიკოსები თავად­­ აზნაურული ­იდეოლოგიის მა­ტარებ­ლები არიან. მათი პოლიტ. მიმართულება მეფეთა ქებითა და ქვეშევრდომთა ერთგულების ქადაგებით გამოიხატება. იშვიათად მათ თხზულებებში არის ცნობები გლეხთა სოციალური ფენის (პაპუნა ორბელიანი), ირანის მოხელეთა დანიშვ­ნის, ლეკიანობისა და სხვათა შე­სა­ხებ, რაც საკითხთა ინტერესის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს.

მემატიანე-ისტორიკოსთა თხზულებები კომპოზიციურად კარგად არის გამართული, თხრობა ლაკონურია და სიუჟეტის ძირითად ხაზს მისდევს. ისინი აღსაწერი ამბების თვითმხილველები არიან და წარმატებით იყენებენ ზეპირ გადმოცემებსაც.

დასახელებულ ისტორიკოსთა შორის გამოირჩევა პაპუნა ორბელიანი. იგი იძლე­ვა მოვლენათა რაციონალურ ახსნას, უთითებს მათ შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს, მიმართავს შედარებებს და იყენებს ანალოგიებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ისტორიკოსის თხზულებებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია საქართველოს წარსულის შესწავლის საქმეში, მათი ნაღვაწი ვერ აღმოჩნდა ვახუშტი ბატონი­შვი­ლის თხზულებათა დონეზე. სამშობლოდან იძულებით მოწყვეტილ ვახუშტის (მოღვაწეობდა რუსეთში) არ შეეძლო აქტიურად შეეწყო ხელი საქართველოში ახალი ისტორიოგრაფიული ტენდენციების დამკვიდრებისა და განვითარებისათვის. ეს ფუნქცია XIX ს. II ნახ. ქართულმა ი-მ იტვირთა.

ისტ. მეცნიერების სრულ­ყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XIX ს., რ-საც „ისტორიული რევოლუციის ეპოქასაც“ უწოდებენ. თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი, რომ წარსული იმსახუ­რებს ღირსეულ შესწავლას და აწმყო აუცილებლად გააზრებული უნდა იყოს წარსულთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ისტ. აზროვნების დიაპაზონი განუზომ­ლად გაფართოვდა; ისტორიკოსებმა კაცობრიობის ისტორია წარმოადგინეს როგორც მთლიანი, ერთიანი განვითარების პროცესი, დაწყებული ველური, დამთავრებული რაციონალური, ცივილიზებული საზ-ბით. ჩამოყალიბდა სხვადასხვა თეორიებზე დამყარებული კვლევის მეთოდოლოგიები: რომანტიზმი, პო­ზიტივიზმი, მოგვიანებით მარქსიზ­მი და სხვ.

ზოგადად, აღნიშნული ­პერიოდის ისტორიის მეთოდოლოგიაში, როგორც აკად. ე. ტარლე (1874– 1955), აღნიშნავდა, შეიმჩნევა ორი ძირითადი მიმართულება: სუბიექტური და ობიექტური. პირველი ამტკიცებს, რომ ისტ. კოლიზიებში მნიშვნელოვანი როლი პიროვნებას ეკისრება, მეორე კი თვლის, რომ ისტორიის მამოძრავებელ ძალას ხალხთა მასები წარმოადგენს.

XIX ს. ქართული ი-ის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ქართველოლოგიური კვლევის ჩამოყალიბებამ საზღვარგარეთ და საქართველოში მოღვაწე მეცნიერთა თავმოყრამ „თერგდალეულთა“ იდეების ირგვლივ.

1801 რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით დაიწყო საქართვ. სახელმწიფოს სრული გაუქმება და შეუდგა ქვეყნის კოლონიზაციის კარგად გააზრებული გეგმის განხორციელებას. რუსეთის იმპერიის მესვეურები ხედავდნენ, რომ ამგვარ პოლიტიკას ქართველი ერის მხრიდან მოჰყვებოდა წინააღმდეგობა, რ-ის მოთავეც ბაგრატიონთა სამეფო სახლი იქნებოდა. ამიტომ იმპერატორმა მათი საქართველოდან გადასახლება გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდნენ რუსეთში მეფე გიორგი XII-ის ვაჟები: დავით ბა­ტონი­შვილი, იოანე ბატონი­შვი­ლი, ბაგრატ ბატონი­შვი­ლი, და თეიმურაზ ბატონი­შვი­ლი, პოლიტ. ასპარეზს ჩამოშორებულმა ბატონიშვილებმა აქტიურად დაიწყეს სამეცნ.-საგანმან. მოღვაწეობა, რამაც ხელი შეუწყო ქართველოლოგიური კვლე­ვა-ძიების გაშლას პეტერბურგში.

1805 დავითმა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა საქართვ. მოკლე ისტორია. იგი ქართველ ვოლტარიანელთა პირველი წარმომადგენელია, რ-მაც თავის ნაწარმოებებში ახსნა ფრანგ განმანათლებელთა იდეები. საყურადღებოა მისი სპეციალური ნაშრომი „Обозрение Грузии по части права и законоведения“ და ისტ. ხასიათის სხვა მასალები, რ-თაც XIX ს. საქართვ. ისტორი­ის შესწავლაში დიდი მნიშვ­ნე­ლობა ენიჭება. ბაგრატმა თავისი „ახალი მოთხრობა“ ძირითადად თეიმურაზ–ერეკლეს მეფობის პერიოდს და XIX ს. დამდეგის ამბებს მიუძღვნა. იგი თავისი მსოფლმხედველობით რომანტიკოსია, ხოლო მისი თხზულება ქრონიკალურ სტილშია დაწერილი. ლექსიკოლოგიურ და ისტ.-ფილოლ. მუშაობას ეწეოდა იოანე ბატონი­­შვი­ლი. მან თხუთმეტწლიანი შრო­მის შედეგად შექმნა მნიშვნელოვანი ენციკლოპედიური ნაშრომი – „კალმასობა“.

ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლი­ლი მიუძღვის რუსეთის მეცნ. აკადემიის საპატიო წევრს (1837), თეიმურაზ ბატონიშვილს. მის ნაშრომში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულად საქართველოჲსა“ ქვეყნის წარსული განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ბერძნ.-რომაული და სომხური მასალები. მის ძირითად წყაროს „ქართლის ცხოვრება" წარმოადგენდა. ამავე დროს თეიმურაზი იყე­ნებდა ვახუშტი ბატონი­შვი­ლის ისტორიას, თქმულებებს, ზეპირ გადმოცემებს, ხალხში დარჩენილ ზნე-ჩვეულებებს. საყურადღებოა, რომ მისთვის პირველწყაროს ცნობა ყოველთვის მისაღები არ იყო. ზოგჯერ იგი სხვადასხვა წყაროს მოშველიებით ასწორებდა ცნობას, იძლეოდა წყაროს კრიტიკას და სხვ.

საქართვ. ისტორიის შესწავლის საქმეში, ბერძნულ-რომაული წყაროები თეიმურაზმა პირველად გამოიყენა. იგი შეეცადა იბერკოლხთა წარსულის გასაშუქებლად მითების გამოყენებას, დღის წესრიგში დააყენა საქართვ. ისტორიის მრავალი საკითხის შესწავლა. მისმა შრომებმა ხელი შეუწყო საქართვ. ისტორიისადმი ინტერესის გაღვივებას. იგი თავისი მსოფლმხედველობით რომანტიკოსი იყო. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი „ახალი ისტორია“.

თეიმურაზ ბატონიშვილს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ფრანგ ორიენტალისტ მ. ბროსესთან, რ-საც საქართველოს ისტორიის შესა­ხებ უხვ მასალას აწვდიდა. იგი თავს ბროსეს მოწაფედ მიიჩნევდა. მ. ბროსეს სახელთან არის დაკავშირებული ქართველოლოგიის მეცნიერულ დისციპლინად ჩამოყალიბება ევროპაში. რუსეთის მეცნ. აკადემიაში არჩევისა (1837) და პეტერბურგში გადასვლის შემდეგ მ. ბროსეს განკარგულებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ქართული ისტ. მასალა – ხელნაწერები, მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვ. გაფართოვდა სამუშაო ასპარეზი, განმტკიცდა დოკუმენტური ბაზა. მ. ბროსემ საქართველოშიც იმოგზაურა. მისი გარჯით პეტერბურგი გადაიქცა ქართველოლოგიის ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად. თავისი მოღვაწეობის უმთავრეს ამოცანად თვლიდა ქართ. ისტ. მატიანეთა კრებულის კრიტიკულ, მეცნიერულ გამოცემას. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში განათლებული ევროპა მიიღებდა უმდიდრეს ისტ. კრებულს, რ-იც თამამად გაუსწორებდა თვალს აზიის სხვა ხალხთა ისტ. ქრონიკებს. ამისთვის საჭირო იყო შესამოწმებელი მასალის, როგორც ეროვნ. (ქართული სიგელ-გუჯრები, წარწერები, ლიტ. ძეგლები), ასევე უცხოურის (სომხ., არაბ., თურქ., სპარსული, ბიზანტ., რუსული) მოძიება, შესწავლა და პუბლიკაცია. ამ მიმართულებით გაწეული შრომის შედეგად ბროსემ 1858 შვიდ წიგნად გამოსცა ნაშრომი პირობითი სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, სადაც შევიდა: „ქართლის ცხოვრების“ ტექსტი, ვახუშტი ბატონი­შვი­ლის თხზულების მეორე ნაწილი, მისივე „ქორონიკონები“, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის, ომან ხერხეულიძის თხზულებები და ფარსადან გორგიჯანი­ძის `საქართველოს ისტორიის“ ნაწილი, „სომხური ქრონიკის“ („ქართლის ცხოვრების“ მოკლე სომხური თარგმანი) ფრანგული თარგმანი, ძმების – დავით, იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილების თხზულებები. ამ გამოცემაში საკუთრივ „ქართლის ცხოვრება“ შედგება სამი ნაწილისაგან: დედნის ენაზე დაბეჭდილი ძეგლები, მათი ფრაგმენტული თარგმანი, გამომცემლის მიერ დართული დამატებები და განმარტებები. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ბროსეს ხანგრძლივი ორიგინ. კვლევა-ძიებითი შრომის ნაყოფს, სადაც ავტორმა თავი მოუყარა უამრავ დამატებით მასალას, დააჯგუფა ისინი ცალკეული საკითხების მიხედვით, კრიტიკულად განიხილა და განმარტა. მან ასევე დიდი შრომა გასწია ქართული ეპიგრაფიკული მასალისა და ხელნაწერების შესწავლის საქმეში.

პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია ა. ცაგარელი, რ-მაც დ. ჩუბინაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა პეტერბურგის აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტზე ქართ. სიტყვიერების კათედრას, ქართ. მწერლობისა და საქართვ. ისტორიის საუნივერსიტეტო კურსის შემოღებას.

ა. ცაგარელმა მოსკოვის სა­გარეო სამინისტროს არქივში ­მოიძია მრავალი დოკუმენტი, რ-თა გამოკვლევის შედეგად გამოსცა ნაშრომი „XVIII საუკუ­ნეში ქართველი მეფეებისა და მთავრების მიმოწერა რუსეთის ხელმწიფესთან“, კრებული „XVIII ს. სიგელები და სხვა ისტორიული დოკუმენტები საქართველოს შე­სა­ხებ“. 1876–78 მან აღწერა და მეცნიერულად შეისწავლა სოფ. გორდში დ. დადიანის ქართულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია, 1888 – ი. გ. გრუზინსკის ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების ცნობილი კოლექცია. 1882 გაეცნო პარიზის ნაციონალური ბ-კის ქართულ ხელნაწერებს. 1890 რომში, ვენეციასა და კრაკოვში ჩაატარა კვლევითი სამუშაოები, რ-ის დროსაც შეისწავლა XII ს. ქართული სიძველეები. 1892–94 ჩავიდა იტალიაში წიგნთსაცავებში სამუშაოდ. ვატიკანის ბ-კაში აღმოაჩინა ქართული ოთხთავი. 1883 მან პირველმა იმოგზაურა და იმ დროის კვალობაზე მეცნიერულად დაამუშავა სინას მთაზე, ათონის ივერთა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაცული ქართ. მწერლობის ძეგლთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ შრომის შედეგად 1886–94 გამოსცა სამი წიგნი: „ცნობები ქართული მწერლობის შე­სა­ხებ“, „ქარ­თულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწასა და სინაზე“. იგი არის ქართ. ენათმეცნიერების ­ფუძემდებელი. მისი შრომები თარგმნილია ფრანგ., გერმ., ინგლ. ენებ­ზე.

ბრიტანელმა დიპლომატმა, მწერალმა, მთარგმნელმა და საზოგადო მოღვაწემ, ო. უორდროპმა და მისმა დამ, ცნობილმა მთარგმნელმა მ. უორდროპმა თავიანთი მოღვაწეობა საქართვ. ისტორიისა და კულტურის შესწავლას მიუძღვნეს და სამეცნ. წრეებისათვის ხელმისაწვდომი გახადეს უმნიშვნელოვანესი ქართული მწერლობის ძეგლები. მათ თარგმნეს ქართ. ლიტ-რის საუკეთესო ნიმუშები (1912 გამოსცეს „ვეფხისტყაოსნის“ მარჯორისეული თარგმანი). მათივე ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. ოლივერმა ოქსფორდში დააარსა მარჯორის სახ. ფონდი, რ-ის ძირითად საქმიანობას ქართველოლოგიური კვლევა-ძიების ხელშეწყობა წარმოადგენდა; მაგ., აფინანსებდა ცნობილი მეცნიერის, რ. სტივენსონის ქართველოლოგიურ კვლევებს და სხვ. ცნობილ ინგლისელ ისტორიკოს უ. ალენთან ერთად ო. უორდროპმა დააარსა „საქართველოს საისტორიო საზოგადოება“ (1930), გამოსცა ჟურნ. "Georgian". ფონდის ეგიდით გამოიცა გ. ბარეტის მიერ მომზადებული ინგლისში დაცული ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი. ეს ფონდი დღესაც ნაყოფიერ მუშაობას ეწევა.

საქართველოში ფეხმოკიდებულმა რუსეთმა XIX ს. II ნახ-იდან დაიწყო კოლონიური პოლიტიკის განხორციელება, რ-ის უმთავრეს მიზანს ქართველი ერის ასიმილაცია წარმოადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო ქართ. ეროვნ. ცნობიერების მოშლა. ამაში გადამწყვეტ როლს იმდროინდელი რუსული ი. ასრულებდა. ნ. დუბროვინი, ა. ბერჟე, ვ. პოტო, ვ. ივანენკო, როგორც სახელმწ. სკოლის წარმომადგენლები, ცდილობდნენ რუსული კოლონ. პოლიტიკის გამართლებას. გაყალბდა ან მიიჩქმალა XIX ს. დასაწყისიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ეროვნ. მოძრაობის ისტორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპერიის ი-მ სერიოზული სამუშაო ჩაატარა წყაროთმცოდნეობითი ბაზის შესაქმნელად.

ი. ჭავჭავაძის წინამძღოლობით ქართველი სამოციანელები თავგამოდებით ილაშქრებდნენ ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ. მათი აზრით, ასეთ პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა საისტ. მეცნიერებას, რამდენადაც ხალხის გათვითცნობიერებას დიდად უწყობდა ხელს საკუთარი ისტორიის შესწავლა-შეფასება. ცალკე აღნიშვნას იმსა­ხურებს ი. ჭავჭავაძის, როგორც ისტორიკოსის, ღვაწლი. მან ფაქტობრივად ახალი მიმართულება მისცა ქართული ისტ. მეცნიერებისა და ი-ის განვითარებას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მისი სტატიები: „დავით აღმაშენებელი", „აი ისტორია", „ქვათა ღაღადი" და სხვ. ი. ჭავჭავაძეს, პირველ რიგში, ისტორიუ­ლი პროცესის საფუძველი და მამოძრავებელი ძალა აინტერესებდა, ხოლო შემდეგ მოვლენათა შეფასებაც. მისი აზრით, მთავარი ყურადღება შინაგან, ე. ი. სოც.-ეკონომიკურსა და კულტურის პრობლემებს უნდა მიქცეოდა. მანვე პირველმა აღიარა ისტ. პროცესის გასაგებად ეკონ. საფუძვლის ღრმად ცოდნის აუცილებლობა. ქართველ პოლიტ. მოღვაწეთა ნამოქმედარში მას უფრო მეტად კულტურული გეზი, სხვა ერთა ღირსებისა და უფლების პატივისცემა იზიდავდა. ისტორიის მეთოდოლოგიის საკითხებზე მსჯე­ლობისას, ი. ჭავჭავაძის აზრით, აუცილებელი იყო ისტ. კრიტიკისა და შედარებითი მეთოდის გამოყენება, რ-იც ლინგვისტური ანალიზითა და დაკვირვებით მოპოვებული დასკვნებით გამდიდრდება. ივ. ჯავახი­შვი­ლის აზრით, ილი­ას „საქართველოს ისტორიოგრაფიაშიც ისეთი ღვაწლი ჰქონია, რომლის დავიწყების უფლება არც ერთ ქართველს არა აქვს".

იმდროინდელი ქართ. სამეცნ. წრეებისათვის კარგად იყო ცნობილი დასავლური მეთოდოლოგიის ყველა მიმართულება. ეს ბუნებრივია, რადგან ამ პერიოდის მოღვაწე მკვლევრები განათლებას იღებდნენ რუსეთისა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ისინი ეცნობოდნენ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიულ, სოციოლოგიურ, ფილოს. მოძღვრებებს, ი-ის მიზნებსა და კვლევის მეთოდებს, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ქართ. ისტ. მეცნიერების განვითარებას.

ქართ. საზოგადოებრივი აზრი, თერგდალეულების სახით, ილაშქრებ­და პროვიდენციული პოზიციებიდან ისტორიის გააზრე­ბის წინააღმდეგ. „ფატალისტურ“ თეორიებს ისინი ისტორიის ­ლოგიკურ გაგებას უპირისპირებდნენ – თვლიდნენ, რომ საზ-ბის გან­ვი­თარება და წინსვლა მისსა­ვე ძა­ლის­ხმევაზეა დამოკიდებული. მი­იჩ­ნევდნენ, რომ ისტორიკოსი არ ფლობს მოვლენის მიზეზების ამომ­წურავ ცოდნას, ამიტომ მისეული ახსნა არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, ხოლო სრულყოფისათვის აუცილებელია მუდმივი კვლე­ვა. ისინი განსაკუთრებულ მნიშვ­ნელობას კვლევებში ანიჭებ­დნენ „შედარებითი მეთოდის“ გამო­ყენებას. მათი შეხედულებით, წერილობითი მასალების შესწავლა უნდა მომხდარიყო „კრიტიკულ-ისტორიული“ მეთოდის მიხედვით. აგრეთვე, ისტ. მოვლენების ხასიათის გარკვევისათვის აუცილებელ პირობად მიაჩნდათ შესაბამისი ეპოქის მახასიათებლების გათვალისწინება.

XIX ს. II ნახ-ის ისტორიკოსებმა ახლებურად გაიაზრეს ­საქართვ. ისტორიის მთელი რიგი პრობლემები. ქართველოლოგიის წინაშე დააყენეს საქართვ. ისტორიის სისტემურად შესწავლის აუცილებლობა; შეეცადნენ ეპოქის შესაბამისად განესაზღვრათ მისი ნაკლოვანებები, ეჩვენებინათ სრულყოფის გზები და ამით საფუძველი ჩაეყარათ საქართვ. ისტორიის ახალი სკოლისათვის.

საქართველოში მოღვაწე მეცნიერთა დაკვირვებისა და შესწავლის საგანი იყო დამწერლობის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფი­ის, ქარ­თული ენისა და ­მწერ­ლობის საკითხები; საქართველოს პო­ლიტ., სოც., საეკლ. ისტორიის პრობლემები. მიუხედავად მრავალმხრივი ინტერესებისა, მათ ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართვ. ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზის შექმნა. ისინი დიდი მონდომებით ცდილობდნენ საქართველოს ისტორიის მრავალფეროვანი წყაროების მოძიებას, დამუშავებასა და პუბლიკაციას, რადგან კარგად ესმოდათ, რომ საისტ. მეცნიერების დასაყრდენს წყაროდან ამოკრებილი ფაქტები წარმოადგენს. ამ მიმართულებით ისინი პირდაპირ პასუხობდნენ იმდროინდელ ევროპაში ფეხმოკიდებული პოზიტივისტური სკოლის მოთხოვნებს.

აღნიშნული მიზნების წარმატებით განსახორციელებლად საჭირო იყო პრაქტიკული ნაბიჯები – სამეცნ. პერიოდული გამოცემების დაარსება და დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ისტ. მეცნიერების კვლევისათვის საჭირო მასალების თავმოყრა. XIX ს. ბოლოს საქართველოში გამოდიოდა რამდენიმე სამეცნ. ჟურნალი: „ისტორიული“, „საიმპერიო გეოგრაფიული“, `კავკასიის კალენდარი“. სიონის ტაძართან დაარსდა საქართვ. საეგზარქოსოს საეკლ. მუზეუმი (1888), რ-ის დანიშნულება იყო საქართვ. ეკლესია-მონასტრებში შემონახული წერილობითი ძეგლების მოძიება, შეკრება, შენახვა და შესწავლა. მუზეუმის პროგრამას საფუძვლად დაედო დ. ბაქრაძის მიერ შედგენილი წესდება, ხოლო გამგედ თავდაპირველად დაინიშნია თ. ჟორდანია, შემდეგ – მ. ჯანა­შვი­ლი.

XIX ს. ქართული ისტ. ­აზრის განვითარებაში გარდამავალ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ პ. იოსელიანის მოღვაწეობა. იგი რე­ლიგიურ-მონარქისტული ­აღზრდის ტი­პური წარმომადგენელია. ძირითადად სწავლობდა ქართ. ეკლესიის საკითხებს. მან დაიწყო ახალი მასალების მოძიება და პირველი საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა ქართულ სიძველეთა ძეგლების შესწავლას.

ს. ბარათა­შვი­ლის „საქართველოს ისტორია“ ქართულ ი-ში პირველი ნაშრომია, რ-იც აგებულია „მსოფლიო ისტორიის პრინციპზე“. მის მიერ მოცემული საქართვ. ისტორიის პერიოდიზაცია (ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ხანის ისტორია) მნიშვნელოვანი და სრულიად ახალი სიტყვა იყო ქართულ ი-ში. იგი ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს გეოგრაფიულ გარემოს ანიჭებდა.

დ. ბაქრაძის „ისტორია საქართველოსი“ ქართული ი-ის ახალ საფეხურს წარმოადგენს. მან ამ ნაშრომზე მუშაობის პროცესში თითქმის სრულად გამოიყენა ის მასალა, რ-საც წლების განმავლობაში თავად აგროვებდა (მაგ., სვანეთში, აჭარასა და გურიაში მოგზაურობის შედეგად მოძიებული მატერ. კულტურის ძეგლები); შეისწავლა და ნაშრომში დაიმოწმა მდიდარი ეპიგრაფიკული მასალა, მრავალი სიგელ-გუჯარი, ჰაგიოგრაფიული ლიტ-რა, არქეოლ. ძეგლები და სხვ.; ამა თუ იმ საკითხის განხილვისას მოშველიებული აქვს მსოფლიო ისტორიული ცნობები, საქართველო-ამიერკავკასიის შე­სა­ხებ იმ დროისთვის გამოქვეყნებული ლიტ-რა, სერიოზული შრომა გასწია „ქართლის ცხოვრების“ შესწავლისათვის; აღმოაჩინა „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ნუსხა (1884) და ა.შ.

თ. ჟორდანიამ დიდი შრომა გასწია წყაროთა ბაზის გასამდიდრებლად. მას ეკუთვნის „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ სამ ტომად. მას, როგორც არქეოგრაფს, საკუთარი შეხედულებები გააჩნდა ძეგლის გამოსაცემად მომზადების თაობაზე. იგი ცდილობდა არ შეეტანა ტექსტში ცვლი­ლებები და შეენარჩუნებინა მისი პირველადი სახე. თავის კრიტ. შენიშვნებს, განმარტებებს და დასკვნებს ათავსებდა ცალკე სქოლიოში. იგი წარმატებით იყენებდა „შედარებითი გამოცემის“ მეთოდს და დაინტერესებული იყო წყაროს კრიტ. შესწავლით. მან პირველმა შეისწავლა „ქართლის ცხოვრების“ სტრუქტურული შემადგენლობა და მრავალი გასაზიარებელი მოსაზრება გამოთქვა. მეცნიერმა საეკლ. ისტორიის შესწავლისათვის სერიოზული შრომა გასწია. მან პირველად მონოგრაფიულად შეისწავლა დ. გურამი­შვი­ლის, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის, იოსებ სამებელის ცხოვრება და მოღვაწეობა. შექმნა ­ქართული ენის გრამატიკის სახელმძღ­ვა­ნელო. იგი, როგორც ისტორიკო­სი, არა მხოლოდ აღწერს, მო­გვითხრობს ისტორიას, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით ერკვევა მოვლენებში, მათ შორის ეძებს მიზეზშედეგობრივ კავშირს, მის ხელთ არსებული ­წყაროების გაანა­ლიზებით აზუსტებს ფაქტებს და ახდენს იმდროინდელი პოლიტ. გადაწყვეტილებების რეკონსტრუირებას.

მ. ჯანაშვილმა აღწერა წერა-კით­ხვის გამავრცელებელი საზოგადოების 5 263 ხელნაწერი, აღმოაჩინა და გამოსცა ბასილი ზარზ­მელის ცხოვრება, ­„ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების ის ვარიანტი, რ-იც „სწავლულ კაცთა“ კომისიას ეკუთვნის; მნიშვნელოვანია მისი "ფარსადან გორგიჯა­ნიძე და მისი ნაშრომი". მის ყველა გამოცემას დართული აქვს წინასიტყვაობა და კომენტარი, სადაც ტექსტთან, ავტორის ვინაობასა და ნაწარმოების წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხებია გარკვეული. მასვე ეკუთვნის პირველი სახელმძღვანელო – „საქართველოს მოკლე ისტორია“ (1884), რ-შიც „ქართლის ცხოვრების“ სქემის მიხედვით არის მოთხრობილი ჩვენი ქვეყნის ისტორია.

ქართულ საზ-ბაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ე. თაყაი­შვი­ლის მიერ საქართველოს საისტ. და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაფუძნებამ (1907, 1921-მდე თავრე ე. თაყაი­შვი­ლი), რ-იც მიზნად ისახავდა შეეგროვებინა, შეესწავლა და შეენახა ისტორიული, არქეოლ., ანთროპოლოგიური, ლიტ. თუ ეთნოგრაფიული ნაშთები როგორც საქართველოს, ასევე მთელი კავკასიის მასშტაბით; გაეხსნა ქართ. მუზეუმი და ბ-კა. მისი ეგიდით გამოდიოდა პერიოდული სამეცნ. გამოცემები: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. ოფიც. დოკუმენტში იგი იხსენიება, როგორც „ერთადერთი დაწესე­ბულება, რომელიც სამეცნიერო აკა­დემიის მიზნებს ახორციელებს“. ე. თაყაიშვილს საკუთარი კვლევის მეთოდოლოგია გააჩნდა: მაგ., ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლის დროს წარწერას ყოველთვის იმ ძეგლთან ერთად სწავლობდა, რ-ზედაც იყო ამოკვეთილი, ან რ-შიც ის საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა. მისი აზრით, წარწერა და ძეგლი ერთმანეთის წარმოშობის მაუწყებელნი არიან. ამდენად, ძეგლი განსაზღვრავდა არა მხოლოდ წარწერის ადგილ-სამყოფელს, არამედ წარმოადგენდა მისი ისტორ. წყაროსაც. მის კვლევებს ისტ. გეოგრაფიაში გააჩნია თითქმის ყველა ის ელე­მენტი, რ-იც დღეს აუცილებელი პირობაა ამ დარგში წარმატების მისაღწევად: გეოგრ. პუნქტების იდენტიფიკაცია, ფიზ.გეოგრ. დაკვირვება, სამეურნ. და კულტუ­რული ასპექტის, მოსახლეობის მიგრაციის პროცესის გათვალის­წინება და ამავე დროს პრაქტ. ძიების დიდი გამოცდილება. მეცნი­ერის „შრომათა ბიბლიო­გრაფია“ 278 დასახელებას შეიცავს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული „საქართველოს სიძველენი“ სამ ტომად, მის მიერ აღმოჩენილი და გამოცემული „ხელმწიფის კარის გარიგება“ (XIV ს.), „ოსმალოს საქართველოს“ ისტ. ძეგლების შესწავლა-აღწერილობა, კვლევები „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში და სხვ.

XIX ს-ში მოღვაწე ქართველოლოგებმა ხელი შეუწყვეს მეცნიერების წინსვლასა და განვითარებას, მის ახალ ეტაპზე აყვანას, რითაც მომავალ თაობას ახალი ქარ­თველოლოგიური სკოლის შექმნის შესაძლებლობა მისცეს. ყო­ველი­ვე ამის ფუ­ძემდებელი არის ივ. ჯავახი­შვი­ლი. მან საქართველოს ისტ. მასალის გა­მომზეურება-ანა­ლიზით მყარი მეცნ. საფუძველი დაუმკვიდრა ქართ. საისტ. მეცნიერებას.

ქართულ ი-ს მეცნიერული საფუძველი ივ. ჯავახი­შვი­ლის იმ გამოკვლევებმა ჩაუყარა, რ-ებიც გაერთიანდა მის კაპიტალურ ნაშრომში „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.)". მასში მონოგრაფიულადაა შესწავლილი ფეოდალიზმის ხანის ქართული საისტ. თხზულებები უძველესი ქართული ძეგლიდან (იაკობ ხუცესის „შუშანიკის მარტვილობა") მოყოლებული, XVIII ს. დასასრულის მწერლის – ომან მდივანბეგ ხერხეულიძის ნაშრომამდე („ცხოვრება მეფის ირაკლი მეორისა"). ამ ნაშრომით ივ. ჯავახიშვილმა საქართველოს ისტორიის მეცნ. კვლევის ახალი საფეხურის წყაროთმცოდნეობითი საფუძველი შექმნა. მან მკაცრი მეცნიერული და კრიტიკული მეთოდით განიხილა მის დროს ცნობილი, V–XVIII სს. უმთავრესი ქართული ნარატიული საისტ. წყა­როები, გაარკვია თხზულებათა ავტორების ვინაობა და მათი მოღვაწეობის დრო, დასახა ქართ. ისტ. აზროვნების განვითარების ძირითადი მაგისტრალური ხაზი და ყოველ თხზულებას მასში თავისი ადგილი მიუჩინა.

ივ. ჯავა­ხიშვილმა განიხილა შუა საუკუნეების ქართული ი-ის ზოგადი საკითხები: საისტ. თხზულებათა აღმნიშვნელი ტერმინები ძველ ქართულში, ძველ ქარ­თველ ისტორიკოსთა თვალსაზრისი ისტორიკოსის მო­ვალეობაზე, დანიშნულებაზე, წე­რის მანერაზე, საისტ. მწერლობის ორ დარგად (საეკლესიო და სამოქალაქო) დაყოფაზე. საგანგებოდ შეეხო ძველი ქართ. ფილოლ. სკოლის გავლენას საისტ. მწერლობის განვითარებაზე, აგრეთვე უცხოურ მწერლობასთან მის მიმართებას და სხვ.

საბჭ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებში საქართვ. ისტ. მეცნ. შესწავლის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. თსუ-სა და საქართვ. სახელმწ. მუზეუმის გვერდით აღმოცენდა აკად. ინ-ტები ისტორია-არქეოლოგია-ეთნოგრაფიის დარგში. ისინი ფართო მასშტაბის მუშაობას ეწევიან ქვეყნის ისტ. და კულტურის შესასწავლად. გაიშალა არქეოლ. კვლევა-ძიება, დიდი მუშაობა ჩატარ­და საარქივო მასალისა და ძვ. ხელნაწერების შესაკრებად და შესასწავლად, მომზადდა მრავალრიცხოვანი სამეცნ. კადრი. წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოებამ შესაძლებელი გახადა არსებული ხარვეზების ამოვსება და უძველესი დროიდან დღემდე ქვეყნის ტერიტ-ზე მიმდინარე ისტ. პროცესის მეცნიერულად გამართული კონცეფციის შემუშავება. ახალგამოვლენილი არქეოლ. მასალის საფუძველზე შეისწავლეს ქვის ხანის (გ. ნიორაძე, ა. ნ. კალანდაძე, ნ. ბერძენი­შვი­ლი, დ. თუშა­ბრამი­შვი­ლი, ლ. ­ნებიერიძე და სხვ.), ენეოლითის (ო. ჯაფარიძე, ტ. ჩუბინი­შვი­ლი, ა. ი. ჯავახი­შვი­ლი), ადრინდ. ბრინჯაოს მტკვარ-არაქსის კულტურას (ბ. კუფ­ტინი, ო. ჯაფარიძე, ა. ი. ჯავახი­შვი­ლი, ტ. ჩუბინი­შვი­ლი და სხვ.), შუა ბრინჯაოსა და გვიანდ. ბრინჯაო-ადრინდ. რკინის ხანის (ბ. კუფტი­ნი, გ. გობეჯი­შვილი, ა. ნ. კალანდა­ძე, ო. ჯაფარიძე, კ. ფიცხელაური, რ. აბრამი­შვი­ლი, ტ. ჩუბინი­შვი­ლი და სხვ.), ანტ. (ა. აფაქიძე, ო. ლორთ­ქიფანიძე, თ. მიქელაძე, ი. გაგოშიძე და სხვ.), ფეოდ. ხანათა (გ. ლომთათიძე, ვ. ჯაფარიძე და სხვ.) საქართვ. მოსახლ. ეკონ. ცხოვრების, სოც. ორგანიზაციის, მატერ. და სულიერი კულტურის არაერთი ასპექტი. ჩატარებული მუშაობა საშუალებას იძლე­ვა თვალი გავადევნოთ საქართვ. ტერიტორიაზე გვაროვნ. საზ-ბის ჩამოყა­ლიბების, მისი ზრდა-განვითარებისა და დაშლის პროცესს. მკვლევართათვის თვალსაჩინო გახდა კულტ. განვითარების უწყვეტი ჯაჭვი, რაც ლინგვისტური კვლევა-ძიების მონაცემებთან ერთად უარყოფს ადრე გავრცელებულ მოსაზრებებს კავკ. მოსახლ. ეთნ. შემადგენლობის ერთიანი შეცვლის შე­სა­ხებ და ქართვ. და სხვ. კავკ. ტომების უძველეს სამშობლოდ ამავე ტერიტორიას მოიაზრებს. არქეოლ. მასალისა და ძვ. აღმ. წყაროებზე დაყრდნობით მოხერხდა საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. III–II ათასწლეულებიდან ტომთა დიდი კავშირებისა და ადრინდ. კლასობრივი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესისათვის თვალის გადევნება.

მცხეთაში აღმოჩენილი უძველესი წარწერების ინტერპრეტაციისადმი არის მიძღვნილი გ. ვ. წერეთლის ნაშრომები. საქართვ. ისტ. საკითხებს მიუძღვნა მრავალი გამოკვლევა ს. კაკაბაძემ. ანტ. და შუა საუკუნეების სა­ქართვ. ისტ. შესწავლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოს შე­სა­ხებ ამ პერიოდის უცხოური (ბერძნ.-ლათ. აღმოსავლური) წყაროების ცნობე­ბის პუბლიკაციამ (ს. ყაუხ­ჩი­შვილი და თ. ყაუხ­ჩი­შვილი, ა. გ. გამყრელიძე, ა. ურუ­შაძე, ს. ჯიქია, ვ. ფუთურიძე, ლ. მელიქსეთ-ბეგი, ი. აბულაძე, ნ. ჯანაშია, ნ. ცაგარეი­შვი­ლი, გ. ფუთურიძე, ნ. შენგელია, ც. აბულაძე და სხვ.). ინტენსიურად სწავლობდნენ საკუთრივ ქართ. წყაროებსაც (ს. ყაუხჩი­შვი­ლი, შ. მე­სხია, კ. ბ. გრიგოლია და სხვ.).

საქართველოში ფეოდ. ურთიერთობათა გენეზისის კონცეფცია შეიმუშავა ს. ჯანაშიამ. გამოქვეყნდა ნაშრომები ადრინდ. ფეოდ. ხანის ისტორიის საკითხებზე (მ. დ. ლორთქიფანიძე, ა. ბოგვერაძე, ა. ალექსიძე, შ. ბადრიძე და სხვ.); არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა ერთიანი ქართ. ფეოდ. მონარქიის სოც.-ეკონ., სახელმწიფოებრივი წყობილების, საშინაო და საგარეო პოლიტ. ვითარების საკითხებს (შ. მესხია, რ. მეტრეველი, ნ. შოშიაშვი­ლი, მ. ბერძნი­შვი­ლი და სხვ.). ბევრი რამ გაკეთდა მონღოლების შემოსევის შემდეგ დაშლილდაქუცმაცებული საქართვ. სოც.ეკონ. წყობილების შესასწავლად (ნ. ბერძენი­შვი­ლი, ლ. მუსხელიშვი­ლი, დ. გვრიტი­შვი­ლი, ვ. გუჩუა, ო. სოსელია, გ. ჯამბურია, ბ. ლომინაძე, ქ. ჩხატარაი­შვი­ლი, დ. მეგრელაძე, კ. ტაბატაძე, დ. კაციტაძე, ბ. სილაგაძე, გ. აკოფაშვი­ლი, ნ. შ. ასათიანი და სხვ.). ფეოდ. საქართვ. ქალაქების ისტორია და მასთან დაკავშირებული ქვეყნის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის მრავალი საკითხი შესწავლილია შ. მესხიას ნაშრომებში. მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა ფეოდ. საქართველოში მიმდინარე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების შესწავლის მიზნით. დიდია ვ. ნ. გაბაშვი­ლის დამსახურება გვიანდ. შუა საუკუნეებში არსებული ქართ. და აღმოსავლური ფეოდ. წყობილების შედარებითი შესწავლის საქმეში. ფეოდ. ურთი­ერთობათა სისტემაში ქრისტ. ეკლესიისა და საეკლ. მიწათმფლო­ბელობის როლს არაერთი გამო­კვლევა უძღვნა ბ. ლომინაძემ. საქართვ. საისტ. გეოგრ. საკითხები და მუშავებულია ნ. ბერძენი­შვი­ლის, დ. მუსხელი­შვი­ლისა და სხვა­თა ნაშრომებში; შუა საუკუნეების განმავლობაში სხვა ხალხებთან ქართვ. ხალხის ურთი­ერთობის შესასწავლად დიდი მუშაობა აქვთ გაწეული ქართვ. მეცნიერებს (რუსეთთან ურთიერთობას ეხებიან მ. პოლიევქტოვი, ნ. ბერძენი­შვი­ლი, პ. გუგუ­შვი­ლი, ვ. დონდუა, ი. ცინცაძე, გ. პაიჭაძე და სხვ.; ევროპასთან ურთიერთობას – ვ. ნ. გაბაშვი­ლი, გ. ჟორდანია, ი. ტაბაღუა, ბ. გიორგაძე; აღმოსავლეთის ქვეყნებთან – ვ. ნ. გაბა­შვი­ლი, რ. კიკნაძე, მ. სვანიძე, გ. ფუთურიძე, შ. ლომსაძე და სხვ.).

შეიქმნა რიგი განმაზოგადებელი ნაშრომები. მ. შ. აღსანი­შნავია ნ. ბერძენი­შვი­ლის, ივ. ჯა­ვახი­შვილისა და ს. ჯანაშიას "საქართველოს ისტორიის" სახელ­მძღვა­ნელო და „საქართველოს ისტორი­ის ნა­რკვევების" 8-ტომეული, მრავალი მონოგრაფიული ნაშრომი, მ. შ. ეთნოგრაფიაში (გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, ა. რობა­ქიძე, რ. ხარაძე, მ. გეგეშიძე), ნუმიზმატიკაში (დ. კაპანაძე, თ. ლომოური), ქართვ. ისტორიკოსებმა ნაყოფიერად იმუშავეს აგრეთვე ევროპის ქვეყნებისა (გ. ნათაძე, ა. ნამორაძე, გ. ჟორდანია, გ. კიღურაძე, ი. ტაბაღუა და სხვ.) და ახლო აღმოსავლეთის ისტ. დარგში (ვ. გაბა­შვი­ლი, გ. გ. გიორგაძე, გ. მელიქი­შვი­ლი, ე. მენაბდე და სხვ.).

ქართული ევროპეისტიკა. საქართველოში დას. ევროპის ისტორიით დაინტერესების პირველი სპორადული ცნობები შეიძლება ადრევე არსებობდა, მაგრამ საკვანძო საკითხებით დაინტერესების ათვლა XIX ს-იდან იწყება. XIX ს. I ნახ-ში საქართველოში დას. ევროპის ისტორიით დაინტერესე­ბის გამოვლინებაა ნ. ბარათაშვი­ლის ლექსი „ნაპოლეონი“ და ა. ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობა („ნაპალიონი და მაშინდელი ანგლიის მთავრობა“, „ღმერთო, იტალია გადამირჩინე“ და სხვ.). დას. ევროპის ისტორიის საკვანძო საკითხებში გათვითცნობიერებას ამჟღავნებდა საქართველოს სამეფო კარი, ევროპული ორიენტაციის მქონე ქართვ. ბატონიშვილები (განსაკუთრებით დავით ბატონი­შვი­ლი). იგივე შეიძლება ითქვას 1832 შეთქმულების მონაწილე ქართველ თავადაზნაურობაზე. ისი­ნი თავიანთი მოსაზრებების დასაცავად ხშირად იშველიებდნენ ევროპის ისტორიის გამოცდილებას.

XIX ს. II ნახ-ში ევროპის ქვეყნების ისტორიით დაინტერესდნენ ­„თერგდალეულები“. ყურადღებას იპყრობს ი. ჭავჭავაძის, ნ. ნიკოლაძის, ს. მესხის, გ. ფ. წერეთლის, დ. მიქელაძის, ვ. ჩერქეზი­შვილის, ვ. ლორთქიფანიძის, ნ. ჟორდანიას ეპისტოლარული მემკვიდრეობა, სადაც მოცემულია მსოფ­ლიო ისტორიის მნიშვ­ნელო­ვანი მოვლენების საინტერესო მი­მოხილვა, რ-იც ემპი­რიული, ფაქტოლოგიური, ისტორიის ­ცოდნას ემყარება.

1918-მდე ევროპის შუა საუკუნეების ისტორიით დაინტერესება ნაკლებად შეინიშნება. გამონაკლისია XIX ს. ბოლოს გამოსული ორი ბროშურა „ჟანა დარკზე“ (1889) და „იან ჰუსზე“ (1891). ეს დაინტერესება ეროვნ.-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ასოცირდება.

მსოფლიო ისტორიის შესწავლის მესამე პერიოდი უკავშირდება საქართვ. ­სუვერენულ რესპუბლიკას (1918–21). მსოფლიო ისტორიის შესწავლამ, პო­პუ­ლარიზაციამ სამეცნ.-პოპულარუ­ლი ხასიათი შეიძინა და უმთავრესად მსოფლიო ისტორიის პირველ ეროვნულ სასკოლო სახელმძღვანელოებში აისახა.

მსოფლიო ისტორიის საკვანძო საკითხების გაშუქების დროს ქართულ ი-ში იყო საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა, რ-იც, უმთავრესად, პროგრესულ-ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული.

საქართველოში მსოფლიო ისტორიის შესწავლამ განიცადა ევოლუცია ლიბერალური ღირებულებებიდან, ისტ. მოვლენებისადმი მრა­ვალვარიანტული მიდგომიდან მარქსიზმისაკენ და მარქსიზმიდან – თავისუფალი აზროვნებისაკენ.

საქართველოში საბჭ. ხე­ლი­სუფლე­ბის დამყარების შემდეგ მსოფლიო ისტორიის შესწავლამ, პოპულარიზაციამ სხვა მიმართულება მიიღო. ამ პერიოდის ქართულ ი-ში ევროპის ისტორიის შესწავლამ მეცნ. ელფერი შეიძინა, მაგრამ ცალმხრივი ხასიათი მიიღო და მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის ჩარჩოებში აღმოჩნ­და მოქცეული.

უნდა აღინიშნოს, რომ XX ს. 30-იანი წლების შუა ხანებამდე ქართ. მედიევისტიკა ჯერ კიდევ უმთავრესად XX ს. ევროპულ მედიევისტიკაში არსებულ სიახლეებზე და ნოვაციებზე იყო ორიენტირებული, რაც, უპირატესად, გამოჩენილი ავსტრიელი ისტორიკოსის, ალფონს დოფშის სახელთან ასოცირდება.

საქართველოში ევროპის შუა საუკუნეების და ახ. ისტორიის შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო გ. ნათაძე. საყურადღებოა მისი შრომები: „ახალი პრობლემები ევროპის ფეოდალიზმის ისტორიიდან. ბენეფიციუმის წარმოშობა და იმუნიტეტის საკითხი“ და „დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმის ისტორია“. ­აღსანიშნავია, რომ საკითხისადმი მრავალვარიანტულმა მიდგომამ ყველაზე მეტად თავი იჩინა ისტორიის მეთოდოლოგიის სფეროში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა აზრთა სხვადასხვაობა ივ. ჯავახიშვილსა და გ. ნათაძეს შორის. ამ კუთხით საგულისხმო ჩანს გ. ნათაძის წიგნი „საზოგადოებათმცოდნეობის მეთოდოლოგიის და მეთოდიკის საკითხები“. ის ისტორიის სოციოლოგიური გაშუქების მომხრეა და ეკონომიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან მარქსიზმისაკენ ევოლუციას ცდილობს. დას. ევროპის ახალ ისტორიას შეეხება აგრეთვე მისი შრომები საფრანგეთის დიდ რევოლუციასა და ნაპოლეონზე.

საქართველოში დას. ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლის კიდევ ერთი ფუძემდებელია ა. ნამორაძე. მისი ძირითადი ნაშრომია „ადმინისტრაციული მეურვეობა და მუნიციპალური მმართველობა საფრანგეთში XVII – XVIII სს-ში“. შუა საუკუნეების ისტორიას ეხება მისივე ნაშრომი „დასავლეთ ევროპის ისტორია, განაკვეთი 1. ფეოდალური ქალაქის გენეზისი და მისი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება“.

ევროპის ისტორიის მკვლევართა პირველი თაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ნ. დუბროვსკი. მისი საუკეთესო შრომები დაწე­რილია XX ს. დასაწყისში. ის იყო იტალიური რენესანსის ერთ-ერთი კომპეტენტური მკვლევარი. საბჭოთა პერიოდში მას შრომები არ დაუწერია, ის მხოლოდ ლექციების კითხვით შემოიფარგლა.

საფრანგეთის დიდ რევოლუციას წარმატებით იკვლევდა გ. კიღურაძე. მისი მთავარი ნაშრომია „საფრანგეთის არმია დიდი რევოლუციის დროს“. მან შეძლო სამეცნ. მიმოქცევაში შემოეტანა ახალი მასალა. გ. კიღურაძე იკვლევდა საერთაშ. ურთიერთობების ისტორიას XX ს. დასაწყისში, ქართ.-ევროპულ კულტურულ ურთი­ერთობებს. დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ევროპის ახალი ისტორიის წყაროთმცოდნეობის, ი-ის და ისტორიის პო­პულარიზაციის საქმეში. ამ თვალ­საზრისით ყურადღებას იპყრობს მისი შრომები: „პირველი მსოფლიო ომის მომზადების ისტორიიდან (მაროკოს პირველი კრიზისი)“, „XVII საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია“ (ორ ნაწილად), „ახალი ისტორია“ (ნაწილი პირველი). მისი თაოსნობით ქართულ ი-ში პირველად გამოვიდა „ქრესთომატია ახალ ისტორიაში“.

საფრანგეთის დიდი რევოლუციის საკითხებს იკვლევდა პროფ. კ. ანთაძე. პოსტსაბჭოთა პერიოდში პროფ. კ. ანთაძის დამსახურება ახალი ტიპის სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების შექმნა იყო.

დას. ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას სწავლობდა ი. ტაბაღუა. მისი მთავარი ნაშრომია „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“. მან მოიძია ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში საქართველოს შესა­ხებ არსებული წყაროები და გამოაქვეყნა სამ წიგნად – „საქართველო ევროპის არქივებს და წიგნსაცავებში“.

დას. ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალ და უახლეს ისტორიას იკვლევდა ვ. ბ. დონაძე. მისი შრომებია: „რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა XVIII–XIX საუკუნეების მიჯნაზე“, „ნიკო ნიკოლაძის ისტორიული შეხედულე­ბები“, „ქართველი სამოციანელები ახალი ისტორიის პრობლემათა შე­სა­ხებ“, „ილია ჭავჭავაძე და მსოფლიო ისტორიის ახალი პერიოდის აქტუალური პრობლემები“. მან შექმნა აზიის და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო.

დას. ევროპის შუა საუკუნეების და ახალ ისტორიას იკვლევდა გ. ჟორდანია. მისი ნაშრომებია „რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის პირველ ნახევარში“ და „რომის კათოლიკური მისია და საქართველო (XVI საუკუნის დასასრული და XVII საუკუნის 20– 30-იანი წლები)" (ზ. გამეზარდაშვილთან ერთად).

ქართული მედიევისტიკის წარმომადგენლები იყვნენ გ. ტივაძე და კ. ლილუა­შვი­ლი, აღმ. ევროპის, სლავების ისტორიას იკვლევდა კ. მეშველიანი.

შუა საუკუნეების ისტორიის სწავლების, შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს გ. ჩხარტიშვილმა, ი. ბერაძემ, გ. კუტალიამ, ი. ნოდიამ, ლ. შუბლაძემ; ახალ და უახლეს ისტორიაში: ნ. კიკვაძემ, გ. სიმონიძემ, ვ. ივანოვმა, რ. ლასკარმა, რ. სიკინჭილაშვილმა, ნ. ნამორაძემ, გ. ბოლოთაშვილმა; უახლეს ისტორიაში – ა. ჩიკვაიძემ, ლ. სვანიძემ.

ევროპის ისტორიის შესწავლის კიდევ ერთ ცენტრს წარმოადგენდა ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი (ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტი), სადაც მოღვაწეობდნენ ა. ჩხეიძე, გ. მანჯგალაძე. შუა საუკუნეების ისტორიას იკვლევდა ზ. ჩიმაკაძე (შეფტელი), უახლესი ისტორიის აქტუალურ საკითხებს – ნ. ნანიტაშვი­ლი.

პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართ. მედიევისტიკაში მუშაობენ გ. კუტალია, ბ. ჯავახია, ა. გეთია­შვილი, მ. პაპა­შვი­ლი, ი. ხუბა­შვი­ლი, თ. წითლანაძე, ნ. გომართელი, თ. ქარჩავა; ახალი და უახლეს ისტორიაში – ვ. თვალავაძე, ლ. ფირცხალავა, ნ. კიღურაძე, ც. ჩიკვაიძე, ვ. კაჭარავა, მ. კალანდაძე, ი. მენთეშა­შვი­ლი, ე. მეძმარია­შვი­ლი, ნ. ციხისთავი, თ. პაპასქირი, ზ. გოგენია, თ. ანთაძე, ფ. შეყლა­შვილი, გ. ბოლოთა­შვი­ლი.

ევროპის ისტორიის სწავლებას, შესწავლას, პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა ქუთაისის (ლ. სვანაძე, შ. აბრამიძე, ტ. ჭიღვარია), სოხუმის (შ. ბასი­ლია, ო. არდაშელია), ბათუმის (ი. ბელთაძე, ა. სულგულაძე, მ. შიორიძე), გორის (ე. მამისთვალი­შვი­ლი, ვ. ჩოჩია, მ. ეფრემიძე, თელავის (ე. ჯაჭვაძე) უნ-ტებში.

საქართველოს XX ს. ის­ტორიის ­ისტორიოგრაფია. ამ პერიოდის ქართულმა ი-მ განვითარე­ბის სამი ეტაპი ­განვლო: პირველი – 1900–21 დემოკრატიული; მეორე – საბჭოთა (მარქსისტულ-ლენინური) და მესამე – დამოუკიდებელი ქართული ი-ის ეტაპები.

პირველი – დემოკრატიული პერიოდის ქარ­თული ი. (1900–21). ამ ეტაპზე ­ქართვ. ისტო­რიკოსები და საზ. თუ პოლიტ. მოღვაწეები მათი თანამედროვე საქართველოს რეალობის ცალკეულ საკითხებს შეისწავლი­დნენ.

XX ს. დასაწყისში დაწყებული სოც.-ეროვნ. მოძრაობის შესახებ მეთოდოლოგიური დასკვნები შეიმუშავა ივ. ჯავახი­შვილმა.

ქვეყნის ეკონომიკისა და მათ შორის ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარების მდგომარეობის შე­სახებ ფუნდამენტური ნაშრომები შექმნეს ფ. გოგიჩაიშვილმა და ზ. ჭიჭინაძემ. ს. ავალიანმა ­ღრმად შეისწავლა გლეხურ-აგრ. საკითხი; ეროვნ. ისტორიის არაერთი საკითხი მეცნ. კუთხით განიხილა ვ. ჩერქეზიშვილმა, მ. ­წერეთელმა, ა. კ. ჯორჯაძემ. ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტო­კეფა­ლიისათვის ბრძოლის საკითხებს ეხებოდა კ. ცინცაძის, მ. კელენჯერი­ძის, ა. ცაგარელის ნაშრო­მები. საქარ­თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შესწავლას მისი არსებობის წლებში ჩაეყარა საფუძველი. გამოჩნდა პირველი ნაშრომები, რ-ებშიც მიმდინარე პოლიტ. პრობლემები და აღდგენილი ქართ. სახელმწიფოს ისტორიის საკითხებიც შეისწავლებოდა (ი. გომართელი, გ. ვეშაპელი, პ. ინგოროყვა, მ. კელენჯერიძე, გ. ჟორდანია, გ. რცხილაძე, პ. სურგულაძე, თ. ღლონტი და სხვ.). ცალკე გამოსაყოფია ნაშრომები, რ-ებიც მიეძღვ­ნა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის, ემიგრანტული მთავრობისა და პოლიტ. ელიტის წარმომადგენლების მოღვაწეობას. ამ საკითხს მიუძღვნეს თავიანთი ნაშრომები შ. ამირეჯიბმა, კ. გვარჯალაძემ, კ. კანდელაკმა, ა. კვიტაიშვილმა, ა. მანველიშვილმა, ვ. მგელაძემ, ვ. ნოზაძემ, ნ. რამიშვილმა და სხვ.

მეორე – ქართული საბჭოთა (მარქსისტულ-ლენინური) პერიოდის ი. მარქსისტულ-ლენინური ი-ის მთავარი მახასიათებელია ისტ. მოვლენების კლასობრივი ბრძოლის პრინციპით კვლევა და წარმოდგენა. ამგვარ მიდგომას ჯერ კიდევ ქართ. სოც.დემოკრატიის ორივე ფრთის, მენშევიკებისა და ბოლშევიკების წარმომადგენლებმა (ნ. ჟორდანია, ი. სტალინი, ფ. მახარაძე და სხვ.) ჩაუყარეს საფუძველი. XX ს. 20–30-იან წლებში ჩამოყალიბდა ქართ. საბჭ. ისტორიოგრაფიული სკოლა, რ-საც ახალი მახასიათებლები დაემატა: ისტორიული ფაქტების გაყალბება, დამახინჯება, წყაროებისა და დოკუმენტების შერჩევითი გამოყე­ნება; ისტორიის წარმოდგენა მხო­ლოდ საბჭ. სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ინტერესების გათვალისწინებით; მრავალი წყაროსა და ფაქტის უგულებელყოფა და მხოლოდ ბოლშევიკური ინტერესების წარმოდგენა და სხვ. ამ წინასწარ შემუშავებული პარტი­ული სქემის მიხედვით იქნა შესწავლილ-წარმოდგენილი XX ს. საქართვ. ისტორიის რამდენიმე სხვადასხვა პერიოდი (1900– 21; 1921–41; 1941–45; 1945–91). ამგვარი გაყალბებული ისტორიის შესაქმნელად ჩამოყალიბდა სპეც. საკვლევი ორგანიზაციები, რ-ებიც მიმართულებას აძლევდნენ ისტორიკოსებს. 1923 შეიქმნა ­საქარ­თვ. კომპარტიის (ბოლშევი­კების) ისტორიის კომისია – პარტისი, XX ს. 30-იან წლებში კი – ამავე მიზნების მატარებელი კვლევითი ცენტრი: სკკპ ცენტრ. კომიტეტთან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინ-ტის საქართველოს ფილიალი.

1900–21 ისტორიაში საბჭოთა ი-ის მიერ სრულიად უგულებელყოფილი აღმოჩნდა ეროვნ.-განმათავისუფლებელი მოძრაობა, არაბოლშევიკური პარტიები და პრესის ორგანოები. მათი ადგილი დაიკავა მხოლოდ ბოლშევიკური პარტიის საქმიანობის ცალსახა აპოლოგიამ. ისტორიის დამახინჯება ათეული წლების განმავლობაში ხდებოდა ფ. მახარაძის, მ. ორახელა­შვი­ლის, ლ. ბერიასა და სხვათა მიერ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო გ. ხაჭაპურიძე (პერაშკოვი). XX ს. 50–60-იან წლებში დამუშავდა 1900–21 საქართველოს ისტორია მარქსისტულ-ლენინური სქემების მიხედვით, რ-საც მიმართულებას მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქარ­თველოს ფილიალი აძლევდა. შეიქმნა საქართველოს 1900–21 პერიოდის ტენდენციური ისტორია, თუმცა ამ ინ-ტში მოღვაწე ისტორიკოსებმა შეისწავლეს აღნიშნული პერიოდის საარქივო და პრესის მასალები, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო მათი ობიექტური ინტერპრეტირება ვერ შეძლეს. 1900-იანი წლების ქართული რეალობის შე­სა­ხებ სერიოზული ნაშრომები შექმნეს ისტორიკოსებმა ს. ხუნდაძემ და გ. გიორგაძემ XX ს. 20-იან წლებში, როდესაც საბჭ. იდეოლოგია ჯერ კიდევ არ იყო ერთპიროვნულად გაბატონებული. იყო ისეთი ნაშრომებიც, რ-ებშიც XX ს. დასაწყისის არაპოლიტ. მოვლენები იყო შესწავლილი და ავტორებს ობიექტური შეფასების შესაძლებლობა ეძლეოდათ (მაგ., გ. გამყრელიძის, რ. მეტრე­ველის, გ. ჟორდანიას, ს. ჯორბენაძის და სხვა ავტორთა ნაშრომები).

მთლიანად გაყალბდა 1917– 21 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. ეს პერიოდი გამოცხადდა მხოლოდ ბოლშევიკური პარტიის ბრძოლის ისტორიად. მიუხედავად მძიმე იდეოლოგიური წნეხისა, ზოგიერთმა ისტორიკოსმა (მ. გაფრინდა­შვილი, ლ. გორგილაძე, ს. კაკაბაძე, ფ. ლომა­შვი­ლი, პ. რატიანი, ა. სურგულაძე) გარკვეულწილად შეძლო ცალკეული სერიოზული ნაშრომების შექმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია უ. სიდამონიძის ნაშრომი „საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია 1917–21 წწ.“ (1970), აგრეთვე ა. ბენდიანი­შვი­ლის ობიექტურობით გამორჩეული ნაშრომი „ეროვნული საკითხი საქართვე­ლოში 1901–1912 წწ.“. ეს ის­ტორიკოსები გამოირჩეოდნენ XX ს. საქარ­თველოს ი-ის ობიექტური ხედვით. შედარებით ნაკლები იყო იდეოლოგიური ზეწოლა ეკონო­მიკური ისტორიის სფეროში, რ-საც იკვლევდნენ გ. ბაქრაძე, ა. ბენდიანი­შვი­ლი, გ. მარგიანი, ნ. ტყეშელა­შვი­ლი, დ. ცინცაძე. ფუნდამენტური ნაშრომები შექმნა პ. გუგუშვილმა. ქართ. საბჭ. ი-ის ნაღვაწი შეჯამდა „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ VI ტომში (1972). სრულიად გაყალბდა ე. წ. საქ. სსრ XX ს. 20–30-იანი წლების ისტორია. 1921 საბჭ. რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობა გამოცხადდა ქართვ. ხალხის განთავისუფლებად ბურჟუაზიისა და მემამულეების ბატონობისაგან; 1924 წლის აჯანყება და, საერთოდ, ეროვნული მოძრაობა მიჩნეული იყო ექსპლუატატორული კლასების ბატონობის აღდგენის მცდელობად; ისტორიკოსებს საშუალება აღარ ჰქონდათ ობიექტურად გაეშუქებინათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტ. მოვლენები; ისინი წარმოაჩენდნენ მხოლოდ რესპუბლიკაში მიმდინარე სოცია­ლიზმის რუსული მოდელის მშე­ნებლობას; მრეწველობისა თუ სოფ­ლის მეურნეობის სფეროში გეგ­მების შესრულებას; კულტური­სა თუ მეცნიერების სფეროები მხოლოდ სოც. რეალიზმის იდეო­ლოგიური მოთხოვნების ჩარჩოებში განიხილებოდა და ა. შ. საბჭოთა ი-თვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა არასასურველი ფაქტების მიჩქმალვა, უგულებელყოფა, და­მა­ხინჯება, ტენდენციურად შეფა­სება და საბჭ. ხე­ლისუფ­ლე­ბის მი­ერ მითითებული დაკვეთებისა და სქემების მიხედვით ისტორი­ის შეთხზვა. ქართ. საბჭ. ი. იქცა მთლიანად კომუნისტური იდეო­ლო­გიის მსახურად. ისტორიკოსები ვალდებულები იყვნენ განეხილათ სახელმწ. ლიდერების: ვ. ლენინის, ი. სტალინის, გ. ორჯონიკიძის, ფ. ძერჟინსკის, ფ. მახარაძის, ლ. ბერიას, მოგვიანებით კი – ნ. ხრუშჩოვის, ლ. ბრეჟნევის, ა. კოსიგინისა თუ სხვათა გამოსვლები, მოხსენებები. XX ს. 20–30იან წლებში მიმდინარე სოც. ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის, ე. წ. სოციალისტური საზ-ბების მშენებლობის საკითხებზე წერდნენ ისტორიკოსები და ხშირად კი – კომუნისტი ფუნქციონერებიც. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქართველმა საბჭ. ისტორიკოსებმა იდეოლოგიური მორჩილების ჩარჩოებში შეისწავლეს აღნიშნული პერიოდის წყაროების მნიშვნელოვანი ნაწილი, რ-იც ნებადართული იყო ცენზურის მიერ. ქართულმა საბჭ. ი-მ ამ პერიოდის ისტორია შეაჯამა „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ VII ტომში (1976. რედ. ი. კაჭარავა), რ-შიც იკითხება იმ ეპოქაში გაბატონებული იდეოლოგიური კლიშეები. ტენდენციურია II მსოფლიო ომის (1939–45) პერიოდის საქართველოს ისტორიაც. ქართვ. ისტორიკოსები უმთავრესად იკვლევდნენ პერსონალიების მონაწილეობის ცალკეულ ეპიზოდებს, ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობას და თავგანწირვას, ქართ. საჯარისო ფორმირებების საბრძოლო გზას. მათ ნაშრომებში II მსოფლიო ომი გამოცხადებული იყო საბჭ. კავშირის ხალხების და მ. შ. ქართვ. ხალხის დიდ სამამულო ომად.

XX ს. 50–60-იან წლებში, საბჭოთა პოლიტ. სისტემა შევიდა ლიბერალიზაციის ხანაში. თითქოს შეიქმნა სათანადო პირობები ისტ. მოვლენების ობიექტური შესწავლა-შეფასებისათვის. მიუხედავად ამისა, ქართულ საბჭ. ი-ს ამ მხრივ პროგრესირება არ განუცდია. ამის გამო, საქართველოს 1946–91 ისტორია წინა პერიოდების პრინციპებით და კლიშეებით აღიწერა. ისტორიკოსები იძულებულ­ნი იყვნენ თავიანთი კვლევის ძირითადი აქცენტი გადაეტანათ საქართველოს სოციალისტური მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სოც.-ეკონ. დარგების თუ კულტ.-სამეცნიერო პროცესების, კომპარტიის პანეგირიკული ისტორიის, ხუთწლედების შესწავლაზე. კვლევის სფეროდან სრულიად ამოიღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტ. მოვლენები, ეროვნ. პრობლემატიკა, მწვავე სოციალური საკითხები და ა. შ. საქართველოს ისტორია გადაფარა სოციალიზმის რუსული მოდელის კონსტრუირების პანეგირიკულმა გაშუქებამ. 1946–85 წლების პერიოდი მოინათლა ომისშემდგომი სახალხო მეურნეობის აღდგენისა და სოციალიზმის სრული და საბოლოო გამარჯვების, განვითარებული სოციალისტური საზ-ბის ეპოქად, თუმცა აღსანიშნავია პოზიტიური მხარეც – კვლევას შედეგად მოჰყვა ცალმხრივი, მაგრამ დიდძალი ფაქტოლოგიური მასალის შესწავლა (სტატისტიკური მონაცემები ხუთწლედების გეგმებისა და შესრულების შე­სა­ხებ მრეწველობა-მეურნეობის დარგებში), რ-ებმაც თავი მოიყარა ისტორიკოსთა ნაშრომებში. პერსპექტივაში შესაძლოა მათი გამოყენება ისტორიის ბევრად უფრო ობიექტური სურათის შესაქმნელად. საბჭოთა ი-ის შესასწავლ ერთ-ერთ უბანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისა და საქართვ. კომპარტიის ხელმძღვანელის როლის და ხელი­სუფ­ლე­ბის ორგანოების საქმიანობის პანეგირიკული ისტორიის შექმნა. შეისწავლებოდა აგრეთვე ცალკეული ფაბრიკა-ქარხნების, სა­წარმოების, კოლმეურნეობების ისტორიაც. დემოგრაფიული მონაცემები პროფესიულად იყო შესწავლილ-წარმოჩენილი პ. გუგუ­შვილის, ა. კაცაძის, რ. კლი­მია­შვილის, ვ. ჯაო­შვი­ლისა და სხვა ავტორების ნაშრომებში.

მესამე – თანამედროვე დემოკრატიული (დამოუკიდებელი, თავისუფალი) პერიოდის ქართულ ი-ში საბჭოთა იდეოლოგიამ სრული გაკოტრება იმაზე ადრე განიცადა, ვიდრე სსრკ დაიშლებოდა. XX ს-ში. 80-იანი წლების II ნახ-იდან ქართულ ი-ში დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი – თავისუფალი, ობიექტური, იდეოლოგიური ზეწოლისაგან გათავისუფლებული. XX ს. 80-ანი წლების მიწურულს დაიწყო ადრე აკრძალული პოლიტ. მოვლენებისა და პიროვნებების შე­სა­ხებ სტატიებისა და პუბლიცისტური წერილების გამოქვეყნება. პირველ რიგში ისტორიკოსთა ყურადღების ცენტრში მოექცა XX ს. დასაწყისის და განსაკუთრებით, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრ. რესპუბლიკის ისტორია. ქართ. პრესა აივსო ამ პერიოდის გამოჩენილი პოლიტ. მოღვაწეების (ნ. ჟორდანია, ა. ჩხენკელი, ე. გეგეჭკორი, ვ. მგელაძე, ა. კ. ჯორჯაძე, გ. ლასხი­შვი­ლი, ვ. ჩერქეზი­შვი­ლი, ს. კედია და სხვ.) ბიოგრაფიული ეპიზოდების ამსახველი სტატიებით. 1991–93 გამოქვეყნდა გ. შარაძის სამტომეული „უცხოეთის ცის ქვეშ“, რ-შიც პირველად იყო თავმოყრილი 1921 საზღვარგარეთ იძუ­ლებით გახიზნული პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და ქართული პოლიტ. ელიტის მოღვაწეთა ბიოგრაფიები და პატრიო­ტული საქმიანობა ემიგრაციაში. 1991 გამოქვეყნდა ლ. თოიძის მონოგრაფია „ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შეფასებისათვის“. იმავე წელს გამოვიდა ა. და პ. სურგულაძეების „საქართველოს ისტორია 1783–1990“, რ-შიც ახლებურად და ობიექტურად იქნა გააზრებული ქვე­ყნის ახალი და უახლესი ისტორიის რიგი სა­კითხები. ობიექტურადაა განხილუ­ლი XX ს. ისტორია ფ. ლომა­შვი­ლის ავტორობით შედგენილ საქართვ. ახალი და უახლესი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში. 2003 ავტორთა კოლექტივის მიერ (ვ. გურული, მ. ვაჩნაძე, დ. შველიძე, ნ. კირთაძე, ა. წოწკოლაური, პ. ფირანი­შვი­ლი) გამოქვეყნდა „საქართველოს ისტორია. XX საუკუნე“ – სახელმძღვანელო თსუ-ის სტუდენტებისათვის. დაიწყო საქართვ. ისტორიის ობიექტური კვლევა. შემდგომ წლებში მეცნიერულად ­შეისწავლეს 1900–21 პერიოდის ისტორიის მრავალი მოვლენა, პოლიტ. მოღვაწეთა საქმიანობა, პირველი რესპუბლიკის პერიოდი და ა. შ. თანმიმდევრობით გამოქვეყნდა დ. შველიძის, ვ. გურულისა და მ. ვაჩ­ნაძის ერთობლივი, შ. ვადაჭკორიას, ო. ჯანელიძის მონოგრაფიები წამყვანი პოლიტ. პარტიების – სოციალისტ-ფედერალისტების, სოციალ-დემოკრატების, ეროვნ.დემოკრატების შე­სა­ხებ.

თანამედროვე ქართ. ი. ნაკლებ ყურადღებას იჩენს 1921–91 საბჭ. საქართველოს პერიოდის რიგი საკითხების მიმართ, სამაგიეროდ დიდ ინტერესს ავლენს საბჭ. პერიოდის ეროვნ.-განმათავისუფლებელი მოძრაობის პრობლემების მიმართ (1924 აჯანყება; 1956 მარტის მოვლენები; დისიდენტური მოძრაობა; XX ს. 80-იანი წლების ეროვნ. მოძრაობა; 1989 წ. 9 აპრილი, ასევე, XX ს. 30-იანი წლების რეპრესიები, ი. სტალინის პოლიტ. ბიოგრაფია; II მსოფლიო ომი და ა. შ.). იხ. აგრეთვე სტ. ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა. უპირატესად სწორედ ეს მოვლენებია შესწავლილ-წარმოჩენილი ტ. ბერი­შვი­ლის, რ. გრძელი­ძის, თ. ენდელაძის, ნ. ზოსიძის, ზ. კობახი­ძის, ე. კუპატაძის, ი. მანველიძის, შ. მურესიძის, მ. ნათმელაძის, ფ. და რ. ნიკოლაძეების, შ. ნოზაძის, უ. ოქროპირიძის, ვ. რცხილაძის, ა. სურგულაძის, გ. ყორანაშვი­ლის, ა. სონღულა­შვი­ლის, რ. ჩხეიძის, გ. ციცი­შვი­ლის, გ. ცხოვრებაძის და სხვათა ნაშრომებში. XX ს. 30-იანი წლების ტერორი შესწავლილი და წარმოჩენილია ორტომეულში: „ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში“ (შემდგენლები: მ. იუნგე, ო. თუშურა­შვი­ლი, ბ. ბონვეჩი; 2015). ქართვ. ისტორიკოსები დაინტერესებული არიან თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორიით (1991-იდან დღემდე). განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, ტერიტ. მთლიანობის, სეპარატისტული რეგიონების, რეგიონული კონფლიქტების, დემოკრ. სახელმწიფოსა და ინ-ტების მშენებლობის, გეოპოლიტიკური პრობლემატიკის საკითხებს, 2008 საქართველო-რუსეთის ომს და სხვ.

XX ს-ში მრავლად შეიქმნა მემუარული ლიტ-რა, რ-საც წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს. ზ. ავალი­შვი­ლის, ა. ასათიანის, ი. ბათია­შვი­ლის, შ. ბერეჟიანის, ლ. ბერძენი­შვი­ლის, რ. გაბა­შვი­ლის, გ. გაბლიანის, ჯ. გახოკიძის, მ. გეგეშიძის, ვ. გოგუაძის, ბ. გუგუ­შვილის, დ. ვაჩნაძის, მ. ვაჩნაძის, ს. ზალდასტანი­შვი­ლის, ჯ. იოსელიანის, გ. კერესელიძის, გ. კვი­ნიტაძის, გ. ლასხი­შვი­ლის, ნ. ლომოურის, გ. ლორთქიფანიძის, გ. მაზნია­შვილის, შ. მაღლაკელიძის, ვ. მგელაძის, ი. მჭედლი­შვი­ლის, ნ. ნათაძის, ჯ. პატია­შვი­ლის, ნ. ჟორდანიას, თ. სახოკიას, ა. სულხანი­შვი­ლის, გ. ურატაძის, გ. ქიქოძის, ე. შევარდნაძის, კ. ჩარკვიანის, ს. ჩიჯავაძეკედიას, ვ. ძაბირაძის, ი. წერეთლის, ნ. ჭუმბურიძის, ვ. ჯუღელის და სხვათა მემუარები ეხება XX ს. ცალკეულ პერიოდებს.

ლიტ.: ანთაძე თ., კალანდაძე მ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ისტორია, თბ., 2014; გ ა ბ ა ­შ ვ ი ­ ლ ი  ვ., ვახუშტი XVII–XVIII სს. ევროპული ისტორიოგრაფიის სინათლეზე, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და საქართველოს ისტორიის საკითხები. სტატიების კრებული, ტ. 2, თბ., 2017; გ ო გ ი ა ­შ ვ ი ­ლ ი  ო., ილია დღეს, ტ. 1–7, თბ., 2011–16; გ უ რ უ ლ ი  ვ., საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ისტორიოგრაფია (1801–1991), თბ., 2011; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  მ., დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1999; მ ი ს ი ვ ე, ქართული მედიევისტიკის სათავეებთან, თბ., 2009; მ ი ს ი ვ ე, პროფესორი კოტე ანთაძე, თბ., 2014; მ ი ­ს ი ვ ე, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში, თბ., 2015; მ ე ტ რ ე ვ ­ ე ლ ი  რ., ივანე ჯავახი­შვი­ლი, თბ., 2012; მ ი ს ი ვ ე, ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში, თბ., 1999; მ ე ს ხ ი ა  შ., ვახუშტი და ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, «ანალები», 1947, [ტ.] 1; ნ ა დ ი რ ა ძ ე  ქ., ქართული ისტო­რიოგრაფია, თბ., 2012; ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფიის ძირითადი მიღწევები, თბ., 1978; ყ ო რ ა ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ივანე ჯავახი­შვი­ლი: ახლებუ­რად წაკითხვის ცდა, თბ., 1999; მ ი ­ს ი ვ ე, ილიას ფენომენი, თბ., 2007; მ ი ს ი ვ ე, ქართული ისტორიოგრაფიის დღევანდელი მდგომარეობა და პერს­პექტივები, თბ., 2008; ხ ა ნ თ ა ძ ე  შ., ქართული ისტორიოგრაფია XVIII სა­უკუნეში, თბ., 1985; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977; Х а н т а д з е  Ш., К историографической характеристике „Картлис Цховреба“, «ქართული ისტორიოგრაფია», [ტ.] 2, თბ., 1971.

გ. მელიქი­შვი­ლი

ქ. ნადირაძე

მ. კალანდაძე

დ. შველიძე