ისქანდერ მუნში

ისქანდერ მუნში, ისქენდერ ბ ე გ თ ო რ ქ მ ა ნ ი (1560/61–1634), ირანელი ისტორიკოსი, წარმოშობით აზერბ. თორქმანის ტომიდან.

მსახურობდა შაჰ-მუჰამად ხუდაბანდასთან ცხენოსანი ღოლამების კორპუსში. 1592/93 „უმაღლესი დივანის" – „დიდი მდივნების" რიგებში ჩარიცხეს. მონაწილეობდა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებსა და მოგზაურობებში.

მას ეკუთვნის თხზ. „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია" („თარიხ-ე ალამარაი-ე აბასი" წგ. 1–2, თეირანი, 1956–57). თხზუ­ლე­ბა მნიშვნე­ლოვა­ნი პირველწყაროა XVI ს. და XVII ს. I მესამედის სა­ქართვ. ისტორიისათვის: შაჰ-თამაზ I-ის შემოსევები; ქართლის ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ სიმონ I-ის დროს; „ყიზილბაშობის" შემოღების მცდელობა XVI ს. 60-იან წლებში დაუდ-ხანის მმართველობის დროს; ირან-ოსმალეთის 1555, 1613 ზავები და სა­ქარ­თვე­ლოს საკითხი; შაჰ-აბას I-ის მიერ ერევნის ციხის აღება და ქართლ-კახე­თის მეფეების მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ სამხ. ოპერაციაში, კონსტანტინე კახთბატონის ვერაგობა; შაჰ-აბას I-ის მიერ ლუარსაბისა და თეიმურაზის დანიშვნა ქართლისა და კა­ხე­თის მეფეებად (ი. მ. ლუარსაბის შე­სა­ხებ შენიშნავდა, რომ სა­ქართვ. მეფეთა შორის იგი გამოირჩეოდა თავისი მამაცობითა და გულადობით და არასოდეს თავს არ დებდა მორჩილებისა და მოხარკეობის უღელში); შაჰ-აბას I-ის შემოსევები სა­ქარ­თვე­ლო­ში; ელების ჩასახლება კახეთში; 1615 აჯანყება კახეთსა და შირვანში; ბაგრატ-ხანის და სიმონ-ხანის დანიშვნა ქართლში; გიორგი სააკაძის ეპოპეა; მარტყოფის აჯანყება; მარაბდისა და ბაზალეთის ბრძოლები და სხვა.

ი. მ. იძლე­ვა 1606 თბილისის აღწე­რას; მას აქვს ცნობები ირანში პოლიტ. და სამხ. ასპარეზზე მოღვაწე ქართველების შე­სა­ხებ: ბიგვერდი-ბეგ სულთანი, ხოჯასთებეგი, ალავერდი-ხანი, იმამყულიხანი, დაუდ-ხანი, გიორგი სააკაძე, ხოსრო-მირზა, სეფიყული-ხან გურჯი, ჯემშიდ სულთანი გურჯი და სხვ.; ქართველების მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ირანის სამეფო ტახტის პრეტენდენტთა შორის გამართულ ბრძოლაში შაჰ-თამაზ I-ის გარდაცვალების შემდეგ (ზაალ-გურჯი, ალხან-გურჯი). ი. მ-ს აქვს ცნობები ირანში ქართველების კულტ. (სიაოშ-ბეგ გურჯი და სხვ.) და დიპლ. (ქართვ. ქალი გულჩარა) სარბიელზე მოღვაწეობის შე­სახებაც. ამ თხზუ­ლე­ბით სარგებლობდა XVII ს. ქართვ. ისტორიკოსი ფ. გორგიჯანიძე. 1629 ი. მ-მ სეფი I-ის დავალებით დაიწყო თავისი თხზულების წერა „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება" („ზეილე თარიხ-ე ალამ არაი-ე აბასი"). ამ თხზუ­ლებაშიც საყურადღებო ცნობებია საქარ­თვე­ლოსა და ირანში მოღვაწე ქართველების შე­სა­ხებ (გ. სააკაძის ცხოვრების ბოლო პერიოდი, მისი დაღუპვა ოსმალეთში, სიმონ-ხანისა და ზურაბ არაგვის ერისთავის ურთიერთობა, მტრობა თეიმურაზ I-სა და ზურაბს შორის, აჯანყება სეფიანთა წინააღმდეგ, ხოსრო-მირზას დანიშვნა ქართლის ვალად, იმამყული-ხანის ოჯახის ამოწყვეტა).

თხზ.: ისქანდერ მუნშის ცნო­ბები საქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. სპარსუ­ლი ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლ. ფუთუ­რიძემ, თბ., 1969; აბასის ქვეყნის და­მამშვენებელი ისტორიის გაგრძე­ლება. ცნობები საქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. სპარსულ ტექსტს გამოკვლე­ვა, ქართ. თარგმანები, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნ. გელაშვილმა, თბ., 1981.

ლიტ.: გ ა ბ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში (აღმოსავლურთან შედარებითი შესწავლის ცდა), თბ., 1958; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყა­რო­ე­ბი და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 1 – ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945.

დ. კაციტაძე