იუდაიზმი

იუდაიზმი, ებრაელთა რელიგია, ერთ-ერთი უძველესი მონოთეისტური რელიგია. მორწმ. რიცხვი – 14,3 მლნ. იგი გამოირჩევა კონსერვატიზმით და ჩვენს დრომდე მოაღწია მცი­რეოდენი სახეცვლილებით. ი-მა დიდი როლი შეასრულა ქრისტიანობისა და ისლამის ჩამოყალიბებაში.

ი-ს ზოგჯერ მოსეს რჯულსაც უწოდებენ, რადგან ამ რელიგიის კანონიკური საფუძვლები ებრაელთა ერთ-ერთმა მამამთავარმა მოსემ ჩამოაყალიბა. ი-ის წმინდა წიგნია ბიბლია, ანუ ძველი აღთქმა, რ-შიც მოცემულია ებრაელთა რელიგ., სოც., პოლიტ. და ზნეობრივი საკითხები. ბიბლიის წიგნებიდან ი-ის უმთავრეს წყაროდ ითვლება მოსეს ხუთწიგნეული – ე. წ. თორა, ანუ ხუმაში. ესენია: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი და მეორე რჯული.

ი-ის საფუძველს წარმოადგენს იაჰვეს კულტი, რ-იც ყველა ებრაელის ღმერთია და საბოლოოდ ეს მოძღვრება მონოთეისტური რელიგიის სახითაა ჩამოყალიბებული. ი-ის განმტკიცებაში უდიდესი როლი შეასრულა იუდეის მეფის, იოსიას რელიგიურმა რეფორმამ, რ-ის დროსაც მოხდა კულტის ცენტრალიზაცია და დამტკიცდა ის ძირითადი ნიშნები, რამაც განაპირობა მისი კანონიკური სახე: მკაცრი მონოთეიზმი და ბიბლიური წიგნების კანონიზაცია. ამ რელიგიის კონსერვატიული ბუნების განმ­ტკიცებას დიდად შეუწყო ხელი საყოფაცხოვრებო, რელიგიურ-იურიდიული და უფლებრივი კანონების კრებულმა, რ-საც თალმუდი ეწოდება. თალმუდი შეიქმნა ძვ. წ. II ს. ბაბილო­ნელ და პალესტინელ ებრაელთა შორის და შედგება ორი ძირთადი ნაწილისაგან: ერთია ადრეული ხანის მიშნა (ფართო ხასიათის განმარტებათა კრებული) და მეორე, შედარებით გვიანდელი ხანის – გემარა. თავის მხრივ, თითოეული იყოფა ორ ნაწილად: გალახად (კანონთა და რიტუალთა წესები) და აგადად (ლეგენდე­ბისა და გადმოცემების წიგნი). მიშნა და­წე­რი­ლია ძველებრაულ ენაზე, ხოლო გემარა – არამეულზე. მოგვიანებით თალმუდს დაემატა სხვა­და­სხვა სახის კომენტა­რების კრებული, რ-საც „მიდრაში" ეწოდება. თალმუდში მოცემულია სხვა­და­სხვა სახის აკრძალვები, მორწმუნის ცხოვრების წესები და ზნეობრივეთი­კური ნორმები ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისათვის. თალ­მუდის კომენტარებს იძლე­ვა სამღვდელო პირი – რაბინი, რ-ის განსწავლულობა და რჯულისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს კომენტარების ხასიათსა და სიღრმეს. თალმუდი, ზოგადად, წარმოადგენდა რთული სიუჟეტური აგებულების კანონთა კრებულს, რ-იც რაციონალური ფორმის სახით ჩამოაყალიბა XII ს. ებრაელმა მოღვაწემ მოშე მაიმონიდმა.

ი-ში განსაკუთრებული როლი ენიჭება წინადაცვეთას, რ-იც ახალ­შობილს უტარდება დაბადებიდან 8 დღის შემდეგ. ი-ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია შაბათი დღე, რ-იც აღინიშნება იაჰვესა და ებრაელ ხალხს შორის მჭიდრო კავ­ში­რი­სა და შე­ურ­ყე­ვე­ლი ვალდებულების ნიშნად. რელიგიური დღესასწაულებიდან ყველაზე საკრალურად ითვლება პასექი (ეგვიპტის მონობიდან გამოსვლა), როშხანაშა (ახალი წელი), იომ კიპური (თხოვნის დღე), სუქოთი (შვიდდღიანი საშემოდგომო დღესასწაული) და ფურიმი (საგაზაფხულო დღესასწაული), მიძღვნილი სახალხო გმირების – ესთერისა და მორდოხაისადმი. ი-ის საფუძვლების შესწავლა ხდება საგანგებო სას. სკოლაში, რ-საც ეწოდება „ეშო­ბოთი" და „ხედერი", ხოლო აქ მოღვაწე სჯულის მასწავლებელს – „მელამედი".

„ქართლის ცხოვრება" ებრაული თემის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოსვლას ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა დარბევას უკავშირებს (ძვ. წ. 586), რაც პირველი ებრაული კოლონიის ჩვენში დამკვიდრებას თითქმის 26 საუკუნის წინ უდებს სათავეს. მომდევნო პერიოდში, ძვ. და ახ. წელთაღრიცხვების მიჯნაზე, ებრაელ ლტოლვილთა კიდევ რამდენიმე ტალღა შემოსულა და ქართული წყა­რო­ე­ბის მიხედვით უკვე VI ს-თვის ისინი დამკვიდრებული ჩანან მცხეთაში, ურბნისში, ბოდბესა და კოდისწყაროში. მცხე­თაში დასახლებულ ებრაელთა უბანს ერქვა „უბანი ჰურიათა", რ-საც ჰქონდა სალოცავი „ბაგინი ჰურიათა", ანუ ბეით-ქნესეთი (სი­ნა­გო­გა).

ქართ. საერო და სას. საზ-ბის დამოკიდებულებას ებრაელთა მი­­მართ თვალნათლივ ­წარმოაჩენს ის გარემოება, რომ ებრაელი ქალი სი­დონია არის ქართ. ეკლესიის უდიდესი წმინდანი, ხოლო საქარ­­თვე­ლო­ში საუფლო კვართის ჩამომტანი ასევე ებრაელი ელიოზია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოსულმა ებ­რაელებმა შეითვისეს ქართული ენა, გაეცნენ და ეზიარენ ადგილობრივ სამეურნეო სისტემას, ეროვნულ ადათ-წესებს და მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს წასულან ქართ. სა­ხელმ­წი­ფო­ებრი­ვი ინტერესების წინააღმდეგ. თანაცხოვრების პერიოდში, საერო ცხოვრებაში ადაპტირების მიუხედავად, ისინი მტკიცედ იცავდნენ ი-ის წესსა და მორალს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში ი-ში შეინიშნება სხვა­და­სხვა მიმდინარეობის სექტათა გაძლიერება. ჩვენში ასეთმა სექტებმა ვერ მოიკიდა ფეხი და შესაძლოა ითქვას, რომ ქართვ. ებრაელობა ბოლომდე დარჩა ტრადიციული, თალმუდისტური ი-ის ერთგული.

ებრაელები კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აგებდნენ თავიანთ სინაგოგებს და რაბინები დაუბრკოლებლივ ასრულებდნენ მათთვის დაწესებულ სარიტუალო მსახურებას. აღსანიშნავია, რომ დღემდე სა­ქარ­თვე­ლო ითვლება სანიმუშო ქვეყნად, სადაც არასდროს მომხდარა ებრაელთა დარბევა და მათზე კონფესიური ნიშნით ძალადობა. ებრაულ-ქართული კულტ. ურთიერთობის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს ლა­ილაშისა და ბრეთის ებრაულ ენაზე და­წე­რი­ლი ბიბლიები, რ-ებიც წმ. წიგნებს წარ­მო­ადგენ­დნენ არა მხო­ლოდ ებრაელთათვის, არამედ ქართველთათვისაც.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., ებრაელები სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2002; ნ ა დ ი რ ა ძ ე  ე., მსოფლიოს რელიგიები, თბ., 1996; რელიგიები სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2008; Кривелев И. А., История პелигии, т. 1, M., 1975.

ე. ნადირაძე