იუნკერთა სკოლა

იუნკერთა სკოლა, ქართული სამხედრო სასწავლებელი. დაარსდა თბი­ლისში 1919. მდებარეობდა პლეხა­ნოვის (ახლანდ. დავით აღმაშენე­ბლის) გამზირზე სამხედრო სასწავლებლის შენობაში. სკოლის შექმნის ინიციატორი დაპირველი დირექტორი იყო გენ. გ. კვინიტაძე.

ი. ს-ში სასწ. პროცესი ორწლიანი იყო – პირველ წელს ხდებოდა საერთო თეორ. და პრაქტიკული ცოდნის მიღება, ხოლო მეორე წელს სწავლება იყო დიფერენცირებული: ქვეითი ჯარის, მესანგრეთა ჯარის, ცხენოსანთა ჯარისა და საარტილერიო ჯარის დარგებად.

პროგრამა ითვალისწინებდა ისე­თი საგნების შესწავლას, როგორიცაა სამხ. ისტორია, ტაქტიკა, ტოპოგრაფია, ფორტიფიკაცია, საქარ­თვე­ლოს ისტორია, ქართული ლიტერატურა და სხვ.

ნოემბერში მიიღეს ახალწვეულე­ბი, რ-თაგან შეიქმნა სამი ქვეითი ჯარის ასეული, ერთი მეტყვიამფრქვევთა ასეული, მესაზღვრეთა ნახევარასეული, ხოლო მოგვიანებით დაემატა საცხენოსნო პოლკის ოცეული. გ. კვინიტაძესთან ერთად სკოლაში მოღვაწეობდნენ პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე (დირექტორი გ. კვინიტაძის შემდეგ), კლასების ინსპექტორი ქ. ჩხე­ტიანი, ივ. ჯავახი­შვი­ლი, ი. კაკა­ბაძე; პედაგოგები, მ. შ. ვ. ბარნოვი.

სამხ. სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მი­­იღეს რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში (იხ. თბილისის დაცვა 1921; კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები 1921).

სკოლამ არსებობა შეწყვიტა 1921, რუსეთის მიერ სა­ქარ­თველოს ოკუპაციის შემდეგ.

ლიტ.: მ ა თ ი კ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., კვალია­შვი­ლი მ., იუნკრები, თბ., 1990; ს ა ი თ ი ძ ე  გ., გენერალი გიორგი კვინიტაძე და თბილისის ქართული სამხედრო (იუნკერთა) სკოლა, კრ.: ისტორიანი, თბ., 2009. კ ვ ი ნ ი ტ ა ძ ე  გ., ჩემი მოგონებები. 1917–1921, თბ., 2014.

მ. ზალდასტანი­შვი­ლი