იური ანდრიას ძე, გიორგი რუსი, საქართველოს მეფის, თამარის პირველი ქმარი, ნოვგოროდის მთავარი 1172–75, სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი. ბოიართაგან ანდრია ბოგოლიუბსკის მოკვლის (1174) შემდეგ ი. ა. ძ. ნოვგოროდიდან გააძევეს. ნოვგოროდის მატიანე 1175 შემდეგ მას აღარ იხსენიებს. იპატის ნუსხის მიხედვით იგი შემდგომში ქ. ვლადიმირში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობდა სამთავროს ტახტის დაუფლებისათვის ატეხილ დავაში. 1176–77 ანდრია ბოგოლიუბსკის ძმამ, ვსევოლოდმა (ქართ. წყაროებით – სალავათი) მთლიანად დაიპყრო ანდრიას სამფლობელო და ძმის შვილიც გააძევა იქიდან. ამის შემდეგ უფლისწული ჩრდ. კავკასიაში აღმოჩნდა და მისი ბედი რუსი ისტორიკოსებისთვის ქართ. წყაროებიდან გახდა ცნობილი.
1185 ი. ა. ძ. აბულასანის წინადადების საფუძველზე, საქართვ. სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, საქართველოში მოიწვიეს თამარის თანამეცხედრედ. იგი ჩამოსვლისთანავე ფეოდ. დაჯგუფებათა ბრძოლების ქარცეცხლში მოექცა. ჩანს, ი. ა. ძ. აბულასანის დასს უჭერდა მხარს. მისი, როგორც მეფექმრის, ფუნქცია მკვეთრად იყო განსაზღვრული და ძირითადად ლაშქრის მეთაურობით ამოიწურებოდა. თამარის ისტორიკოსების ცნობით, რუსი უფლისწული უზნეო გამოდგა, ამის გამო იგი განაშორეს მეუღლეს და საქართველოდან გააძევეს (1187–88). ი. ა. ძ-მ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. როგორც ჩანს, მასთან კავშირი არ შეუწყვეტიათ თამარის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს, რ-თა შემწეობითაც გაღვივდა აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ (იხ. იური ანდრიას ძის აჯანყება 1191), თუმცა უშედეგოდ. ი. ა. ძ-მ მეორედაც სცადა ბედი, მაგრამ დამარცხდა და გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად სამუდამოდ გადაიხვეწა.
წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; Московский летописный свод конца ХV века, Полное собрание русских летописей, т. 25, М., 1949; Новгородская летопись по синодальному харатейному списку, СПб., 1888.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 7, თბ., 1974; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ც ი ნ ც ა ძ ე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
რ. მეტრეველი