იური ანდრიას ძის აჯანყება 1191, აჯანყება, რომელიც ფორმალურად მიზნად ისახავდა იური ანდრიას ძის უფლებების აღდგენას საქართველოში, ფაქტობრივად კი ითვალისწინებდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს შერყევასა და მსხვილ ფეოდალთა გარკვეული ჯგუფის უფლებათა გაფართოებას, ამავე დროს იურის განდევნით დაზარალებულ მოქალაქეთა ზედაფენის გავლენის აღდგენას სამეფო ხელისუფლებაზე.
აჯანყებაში თითქმის მთელი დას. და სამხრ. საქართველოს საკმაო ნაწილი იყო ჩაბმული. ამბოხებულთა რიგებში იყვნენ: მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი გუზანი (იხ. გუზან აბულასანის ძე ტაოელი), სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი და სხვ. მათ მოიწვიეს იური ანდრიას ძე და გეგუთში მეფედ გამოაცხადეს.
თამარ მეფემ სცადა მოწინააღმდეგეებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება, მაგრამ დაზავება ვერ მოახერხა. მეამბოხეთა ერთმა ნაწილმა გადალახა ლიხის მთა, ააოხრა ქართლი და ნაჭარმაგევამდე მივიდა. მეორე ნაწილმა გადაიარა რკინისჯვარი, აიღო ციხისჯვარი, გადაწვა ქ. ოძრხე.
საქართველოს სამეფო კარმა შეკრიბა ლაშქარი, რ-იც ამირსპასალარ გამრეკელ თორელის მეთაურობით აჯანყებულთა მეორე ნაწილს შეებრძოლა. მეამბოხეებმა უკან დაიხიეს. სამეფო ლაშქარი დაედევნა მტერს. თმოგვსა და ერუშეთს შუა გაიმართა დიდი ბრძოლა, რ-იც თამარის მოლაშქრეების გამარჯვებით დამთავრდა.
შეიტყვეს თუ არა ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა თანამზრახველთა დამარცხება ჯავახეთში, თვითონაც გაიქცნენ. დამარცხებულ მეამბოხეთა ხელმძღვანელები ლიხთიმერეთიდან მორჩილებით გადმოვიდნენ და უფლისწული იურიც გადმოიყვანეს. თამარის ბრძანებით იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვეს (ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, იგი კვლავ ბიზანტიაში წავიდა). არც ამბოხების სხვა თავკაცები დაუსჯიათ მკაცრად, თუმცა თანამდებობები კი ჩამოართვეს. მეფის ერთგულები სათანადოდ იქნენ დაჯილდოებულნი და „შეწყალებულნი“.
იური ანდრიას ძემ ერთხელ კიდევ სცადა ბედი და არანის მხრიდან შემოიჭრა საქართველოში, დაარბია კამბეჩანის მხარე და ტყვე და ნადავლიც „აიღო“. მას მცირე ლაშქრით დაედევნა ხორნაბუჯის პატრონი საღირ მახატლის ძე, შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც, რის შემდეგაც იური ანდრიას ძე სამუდამოდ გადაიხვეწა.
წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან იური ანდრიას ძე.
რ. მეტრეველი