გოლგოთა, (ბერძნ. Golgotha < არამ. gūlgūetā, სიტყვასიტყვით – თავის ქალა), მთა, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. იმ დროს გ. იერუსალიმის გარეთ იყო, ჩრდ.- დას-ით. ამჟამად ძვ. ქალაქშია მოქცეული. IV ს-ში გ-ზე იმპერატორ კონსტანტინე I-ის დედამ ელენემ ააშენა ტაძარი, სადაც დღეს უფლის საფლავის ტაძარია. გ. არის სამონასტრო კომპლექსი, რ-იც იერუსალიმის სამ უმთავრეს მონასტერს აერთიანებს: გოლგოთის, უფლის საფლავისა და აღდგომის მონასტრებს. ქართველები დიდი ხნის წინათ დამკვიდრდნენ გ-ზე და მისი საკმაო ნაწილი, იქ არსებული ნაგებობების სახით, საუკუნეების მანძილზე მათ განკარგულებაში იყო. ქართველებს, საკუთრივ გ-ის ეკლესიის ერთი ნაწილის გარდა, სხვადასხვა დროს ეკავათ: ღვთისმშობლის სამლოცველო, მარიამ მაგდალინელის სამლოცველო, ჯვრის აღმოჩენის სამლოცველო და ე. წ. სამლოცველო გ-ის მთის ძირას. დასახელებული სამლოცველოების შესახებ ცნობები უაღრესად მწირია, ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან გ-ის წმ. საფლავის ბაზილიკას და მათი ცალკე გამოყოფა თითქმის შეუძლებელია. გ-ის ტაძარი აშენდა იქ, სადაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. იგი 1010 დაანგრია ეგვიპტის სულთანმა ჰაქემმა. მის აღდგენაში აქტ. მონაწილეობა მიუღიათ ქართველებსაც, ამის გამო მათ გ-ზე გარკვეული უფლებები მოიპოვეს და ადგილიც დაიმკვიდრეს. ამას მოწმობს 1049 გადაწერილი ივლის-აგვისტოს „თვენი" და ისიც, რომ, ხელნაწერის ანდერძის მიხედვით, მისი დამკვეთი იოვანე „გოლგოთელად" მოიხსენიება. დაახლოებით 1050 საქართვ. მეფემ ბაგრატ IV-მ ბიზანტიის კეისრისაგან გ-ზე მიიღო თხემის ნახევარი, სადაც ქართვ. ეპისკოპოსიც დანიშნა. 1308 ქართველებმა ბიზანტიის კეისრის დახმარებით „გოლგოთის სავანე თავიანთ კერძო საკუთრებად დაამტკიცებინეს ეგვიპტის მამლუკ სულთანსა". 1320 გიორგი ბრწყინვალის მიერ ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილმა ელჩმა პიპა ერისთავმა შეძლო წმინდა საფლავის მთელი კომპლექსის გათავისუფლება, რის შემდეგაც „ბერძნებს და დანარჩენ ქრისტიანებს ქართველებისათვის უნდა ეთხოვათ, რომ წმინდა საფლავზე ლოცვის უფლება მიეღოთ... ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ქართველები მშვიდობიანად ფლობდნენ გოლგოთის თხემის მთელ სავანესამლოცველოს". როგორც რუსი დიაკვანი ეგნატე 1391 აღნიშნავდა „ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე... გოლგოთის ძირში იბერიელების მიწაა და იბერიელთა ლოცვები იმართება. ფრანკები თავის წირვებს ქართველთა შემდეგ ასრულებენ". გ-ის მფლობელობაში ქართველებს სომხები და ფრანცისკელები ეცილებოდნენ. სომხებმა წარმატება მოიპოვეს 1407. 1422-მდე იგი ხან ქართველების, ხანაც სომხების ხელში იყო. სულთანმა ჯაკმაკმა კი ეს საკითხი მეფე ალექსანდრე I -ის დროინდელ საქართველოსთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა და გ. ქართველებს გადასცა. ქართველებისათვის გ-ის წართმევა 1475 ფრანცისკელებმა სცადეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. 1492 ადგილობრივი სასამართლოს განჩინებით გ-ის თხემი ორად გაიყო – ჩრდ. ნაწილი ქართველებს დარჩათ, სამხრ. კი – ფრანგებს. XVI ს. 10-იანი წლების დასაწყისში ფრანცისკელები გ-იდან გააძევა ბეენა ჩოლოყაშვილმა. ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ ხელნაწერში ბეენა გვამცნობს: „ნებითა ღმრთისითა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყულა გარეთ გამოუყარე – კანდელი და რაცა მათი იყო მე ცოდვილმა ბეენ ამინ". იტალ. წყაროს მიხედვით, 1514 ფრანცისკელებმა რაღაც საშუალებით გამოისყიდეს 85 ჯვარცმის ეკლესია. ეს ცნობა დასტურდება ნ. მარის მიერ გამოქვეყნებული ჯვრის მონასტრის ერთი აღაპით, რ-შიც საუბარია იმავე წელს ზოსიმე კუმურდოელის მიერ გ-ის გამოსყიდვაზე. ქართველებისა და ფრანგების მეტოქეობა გ-ის გამო იმდენად ცნობილი და მწვავე ხასიათისა იყო, რომ შემდგომი პერიოდის ადგილობრივ (იერუსალიმის) და ქართ. ზეპირ თუ წერილობით წყაროებშიც კი აისახა. ქართველების მდგომარეობა გ-სა და საერთოდ იერუსალიმში გაუარესდა XVI ს. I მეოთხედში, ოსმალების გაბატონების შემდეგ. მიუხედავად ამისა, კახთა მეფის ლევანის მიერ წარგზავნილმა ჯვარის მამა იოაკიმმა (1535 ან 1536) „საფლავი ქრისტესი დაქცეული და გოლგოთა" აღაშენა. ალექსანდრე II–ის ჩარევით კი ოსმ. სულთანმა მურად III-მ გ-ის ქრისტეს საფლავის ეკლესია ქართველ ბერებს გადასცა. XIX ს. I ათწლედში „გოლგოთას შუაზე ეპისკოპოსის საჯდომი სკამი" ქართ. წარწერით უნახავს „ლავრენტი ბერს გოგელაძეს ოკრიბელს". 1534–40 ლათინები ქართველებს ედავებოდნენ გ-ის თხემზე არსებული საკურთხევლის მფლობელობაში. XVI ს. დასასრულს გ-ზე ქართველების ყოფნას აღნიშნავდნენ პოლონელი ნ. რაძივილი და რუსი ტ. კორობეიკოვი. 1584 გ-ის ეპისკოპოსი ქართვ. ეპიფანე ყოფილა, XVII ს-ში – თეოდოსე მანგლელი (რევიშვილი), თუმცა ქართველთა წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა – ფრანცისკელებმა საერთო ენა გამონახეს ადგილობრივ ოსმალო მოხელეებთან და 1582-თვის ქართველებს გ-ზე მხოლოდ სამლოცველო შემორჩათ. XVII ს. 40-იან წლებში კი ქართველებმა საერთოდ მიატოვეს გ. და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადასახლდნენ. ქართვ.
მეფე-მთავრებისა და მოსახლეობის მიერ გ-თვის შესაწირავების, მოწყალების გაგზავნისა და ფინანს. დახმარების შესახებ ცნობები X ს-იდან მოიპოვება (კონსტანტინე პორფიროგენეტი). ქართველები გ-სა და ქრისტეს საფლავს აგრეთვე სწირავდნენ მიწებსა და სხვა ქონებას. იერუსალიმში, ყველა ქართ. ეკლესია-მონასტრის დაკარგვის მიუხედავად (XVII– XVIII სს. მიჯნა), შესაწირავების გაგზავნა და მოწყალების მოკრება გრძელდებოდა XIX ს-შიც. გ. გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს მძიმე, ძნელ გზას, ტანჯვის გზას („გოლგოთაზე ასვლა").
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბ., 1998; მ ი ს ი ვ ე, საქართველოიერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.
ე. მამისთვალიშვილი