იუსტინიანე II რინოტმეტი (669, კონსტანტინოპოლი, – 11. XII. 711, სინოპი, ბიზანტიის იმპერია), ბიზანტიის იმპერატორი 685–695 და 705–711. პროვინციების მიწათმფლობელ არისტოკრატიაზე დაყრდნობით ცდილობდა ხელისუფლების გაძლიერებას, ებრძოდა ქალაქების სეპარატისტულ ტენდენციებს. 687–689 ილაშქრა თრაკიასა და მაკედონიაში, რათა იქ მცხოვრები სლავები ბიზანტიისათვის დაემორჩილებინა. სლავების ნაწილი მცირე აზიაში გადაასახლა. 692 არაბებთან ბრძოლაში დამარცხდა.
შეთქმულების შედეგად, რ-საც მეთაურობდა მხედართმთავარი ლეონტი, ი. II 695 ტახტიდან გადააყენეს. მას ცხვირი მოკვეთეს (აქედან მომდინარეობს მისი ზეწოდება – რინოტმეტი, რ-იც ბერძნულად ცხვირმოჭრილს ნიშნავს) და ხერსონესში გადაასახლეს. ი. II გადასახლებიდან გამოიქცა. მასთან ერთად იყო ქართლის ერისმთავარი ბაგრატიონთა სახლიდან ვარაზ-ბაკური (ძმასთან ერთად). მათი და ბულგართა ხანის, ტერველის დახმარებით 705 ი. II-მ ტახტი დაიბრუნა. გაწეული დახმარებისათვის მან ვარაზ-ბაკური ოფსიკიონის თემის სტრატეგოსად დანიშნა და პროტოპატრიკიოსის მაღალი საკარისკაცო ტიტული უბოძა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ვარაზ-ბაკური დროებით საქართველოში ჩამოვიდა. მისი ბრძანებით შესრულებულ აბასთუმნის ჯვრის კვარცხლბეკის ამოკვეთილ წარწერაში აღნიშნულია: „აქ შეწევნითა ქრისტესითა, ივსტინიანე მეფისა [ზე, მე] [... ვიქმენ ღმრთისაგან განდიდებული ნათესავთა ყოველთა ჩემთა] ..."
ი. II სასტიკად გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს, ხოლო მათგან დევნილები კი გაათავისუფლა. იმ დროისათვის უკვე ცნობილი სამხ. მოღვაწე ვარდანი ხერსონესში გადაასახლა. 711 ვარდანმა ი. II ტახტიდან ჩამოაგდო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. მისი ბრძანებით ი. II-ს თავი მოჰკვეთეს, მისი ერთგული ვარაზ-ბაკურიც სიკვდილით დასაჯეს.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ვ., ბიზანტიური ცივილიზაცია, თბ., 2006; გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის ასახვა ქართულ ეპიგრაფიკაში, თბ., 2008.
ვ. გოილაძე