(Goldoni) კარლო (25. II. 1707, ვენეცია, – 6. II. 1793, პარიზი), იტალიელი დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი. წერდა კომედიებს, ტრაგიკომედიებს, ინტერმედიებს, ლიბრეტოებს, სცენარებს, ლექსებს და სხვ. გ-ს შემოქმედება საქართველოში XIX ს. მიწურულს გახდა ცნობილი პიესით „ბუზღუნა კეთილისმყოფელი", რ-იც 1879 იტალიურიდან თარგმნა ი. მაჩაბელმა. პიესა მაშინვე დადგა ქართ. დრამ. მუდმივმა დასმა სათაურით: „როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს". განსაკუთრებით საინტერესოა ქართ. თემაზე დაწერილი პიესა „მშვენიერი ქართველი ქალი", რ-იც პირველად 1761 ვენეციაში, სან ლუკას თეატრის სცენაზე დაიდგა, ხოლო მეორედ – თბილისში, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში 1981 (დამდგმელი რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი). ეს დადგმა და პიესის იმავე წელს გამოცემული თარგმანი (იტალ.- ქართ. პარალელური ტექსტი, თარგმანი და წინასიტყვაობა ზ. სტურუასი) მიეძღვნა გ-ს დაბადებიდან 275 წლისთავს. ქართ. სცენაზე გ-ს არაერთი პიესა დაიდგა, მ.შ. აღსანიშნავია „ორი ბატონის მსახური" (1946, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი; 1970, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი), „სასტუმროს დიასახლისი" (1952, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი), „საპატარძლო აფიშით" (1942, რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრი) და სხვ. მისი პიესები დაიდგა აგრეთვე ბათუმის, გორის, ხაშურის, ჭიათურის თეატრებში. ქართულად თარგმნილია გ-ს მრავალი ნაწარმოები, ზოგი მათგანი რამდენჯერმე თარგმნა სხვადასხვა მთარგმნელმა. პიესებს თარგმნიდნენ ი. გრიშაშვილი, გოლა (გ. მუმლაძე), ა. ფრონისპირელი, დ. კასრაძე, გ. ყალაბეგიშვილი, ა. ფაღავა და სხვ. 1903 პ. უმიკაშვილმა თარგმნა იტალ. დრამატურგის პ. ფერარის პიესა „გოლდონი და მისი ახალი 16 კომედია". შ. დადიანმა 1930 გ-ს პიესის „ცნობისმოყვარენის" მიხედვით დაწერა ორიგინ. პიესა „ცის, ბრის".
თხზ.: Opere complete, v. 1–40, Venezia, 1907–57; Комедии, т. 1–2, М.–Л., 1959.
ლიტ.: Р е и з о в Б. Г., К. Гольдони, Л.–М., 1957.
ზ. სტურუა