იალბუზი, კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთის (რფ) ტერიტორიაზე (1944–55 ი. საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული). მთის მასივი აღმართულია კავკასიონის გვერდით ქედზე და წარმოადგენს უმთავრესად ანდეზიტებით აგებული ჩამქრალი ვულკანის ორმწვერვალიან კონუსს. დას. მწვერვალის სიმაღლეა 5642 მ, აღმ-ისა – 5621 მ. გამყინვარების საერთო ფართ. – დაახლ. 134 კმ². დიდი მყინვარებია: აზაუ, ირიკი, ტერსკოლი.
ი-ს ყაბარდოელები უწოდებენ „ოშხო-მახოს", ბალყარები –„მინგითაუს", ჩერქეზები –„აშ-გამახოს". მისი სპარს. სახელია „ელბოროსი", საიდანაც დამკვიდრდა ქართ. იალბუზი და რუს. ელბრუსი.
ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) თავის შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" მას „იალბუზად" მოიხსენიებს და „კავკასთაგან უმაღლესად მჩენარეს", „ქარმყინვარეს" და „მარადის მყინვარეს" უწოდებს.
ი-ის აღმ. მწვერვალზე 1829 წ. 10 ივლისს ავიდა ყაბარდოელი ქილარ ხაშიროვი – კავკასიის გამაგრებული ხაზის გენერლის, გ. ა. ემანუელის მეთაურობით ჩატარებული საერთაშ. სამეცნ. ექსპედიციის ერთ-ერთი გამყოლი. ევრ. წყაროებში ქ. ხაშიროვის ასვლა საეჭვოდ არის მიჩნეული. პირველ ამსვლელებად სახელდებიან ინგლ. ექსპედიციის წევრები, რ-ებიც ი-ზე ავიდნენ 1868 (ხელმძღვ. დ. ფრეშფილდი).
1874 წ. 28 ივლისს ი-ის დას. მწვერვალზე ავიდა ბალყარელი გამყოლი ა. სოტაევი ინგლ. ექსპედიციის წევრებთან ერთად (ხელმძღვ. ფ. გროვი).
1890 ი-ის დას. მწვერვალზე, 1896 კი აღმ. მწვერვალზე ავიდა რუსი ტოპოგრაფი და მთამსვლელი ა. ვ. პასტუხოვი და საფუძველი დაუდო ი-ის შესწავლას.
1925 წ. 12 ივლისს ი-ის აღმ. მწვერვალზე „11-ის თავშესაფრიდან" ავიდნენ საქართვ. გეოგრ. საზ-ბის მთასვლა-მგზავროსნობის განყ-ბის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის წევრები გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციას ახლდნენ გამყოლები გ. წიკლაური და ი. კაზალიკაშვილი. ასვლაში მონაწილეობდა 19 მთამსვლელი, მათგან – 5 ქალი (მ. ბეჟანიშვილი, ე. ლორთქიფანიძე, ა. ნიკოლაიშვილი, მ. ტყავაძე, ლ. ჩხეიძე). ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა ს. ჯაფარიძე.
1927 წ. 15 აგვისტოს ი-ის დას. მწვერვალი სამხრ.-აღმ-იდან, უნაგი რას გავლით დალაშქრეს მთამსვლელებმა ს. ჯაფარიძემ (ხელმძღვ.), დ. და შ. მიქელაძეებმა და ი. ფროლოვმა.
1943 წ. 13 და 17 თებერვალს ალპინისტურმა რაზმმა, რ-შიც შედიოდნენ ქართვ. მთამსვლელებიც (ბ. ხერგიანი, გ. ხერგიანი, გ. სულაქველიძე და სხვ.) ი-ის ორივე მწვერვალიდან ჩამოხსნა გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული სვასტიკიანი დროშები და საბჭოთა დროშები აღმართა.
ი. და მისი მიდამოები სამთო-სათხილამურო სპორტის და ტურიზმის ცენტრია.
ლიტ.: კავკასიონზე. კრ., შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; ბ ე რ ი შ ვ ი ლ ი ე., სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006; БСЭ, т. 30, М., 1978; К у д и н о в В. Ф., Эльбрусская летопись, Ставрополь, 1969.
ე. ლოლუა
მ. უთმელიძე