დავით (დათუნა) ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (დაახლ. 1618/19–1648), თეიმურაზ I-ის ძე;
დედა ხორეშანი, მეფე თეიმურაზის მეორე ცოლი, ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და იყო. დ. ბ-ს ცოლად ჰყავდა ქართლის კათოლიკოსის ევდემოზ დიასამიძის ძმისშვილი ელენე, რ-ისგანაც შეეძინა ოთხი შვილი: გიორგი, ერეკლე, ლუარსაბი და ქეთევანი. 1626 დ. ბ-ს საუფლისწულოდ მუხრანი გადაეცა, მაგრამ 1638, თეიმურაზის ქართლიდან განდევნის შემდეგ, ეს სამფლობელო კვლავ მუხრანბატონებმა დაიბრუნეს.
დ. ბ. მამასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაში. ზოგჯერ იგი მამას, თეიმურაზ I-ს, ოპოზიციაში ედგა. მაგ., დიდებულთა ერთ ჯგუფთან ერთად მას არ სურდა კახეთის სამეფოში ჩამოსული ვოლკონსკის ელჩობის დროს რუს. ფიცის წიგნზე დაფიცება. მიუხედავად ამისა, რუსი ელჩების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, 1639 წ. 25 აპრ., სხვა კახელ დიდებულებთან ერთად ჯვარზე მთხვევით დაიფიცა რუს. მეფის ერთგულებასა და კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლაზე.
დ. ბ. დაიღუპა ქიზიყში, სოფ. ძველ ანაგასთან, როსტომ მეფისა და ყიზილბაში ხანების ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ნ. ასათიანი