ივანე მონისძე, XI ს. ქართველი ოქრომჭედელი.
შემორჩენილია მის მიერ ხელმოწერილი და ზუსტად დათარიღებული (1040) ოთხი სწორკუთხა ფირფიტა (17,5 სმ × 7,5 სმ) მღვდელმთავრების – წმ. ბასილის, წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლის, წმ. ათანასეს – გამოსახულებებით და ხუთი მედალიონი (d=8,5 სმ): წმ. მიქაელის, წმ. გაბრიელის, წმ. ურიელის, წმ. რაფაელის და წმ. მოწამე დავით მარგვეთელის ნახევარფიგურებით. წმ. ნიკოლოზის და წმ. ბასილის ფირფიტები დაკრული იყო შემოქმედის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის არშიაზე (ამჟამად შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში). წმ. გრიგოლის, წმ. ათანასეს ფირფიტები, მთავარანგელოზების – მიქაელის, გაბრიელის, ურიელის – მედალიონები დაცული იყო ბარონ ა. შტიგლიცის კოლექციაში (ამჟამად სახელმწიფო ერმიტაჟში), წმ. რაფაელის და წმ. დავით მარგვეთელის მედალიონები განთავსებული იყო შემოქმედის ღვთისმშობლის ხატზე, შემდგომ მ. ბოტკინის კოლექციაში (ამჟამად რუსულ მუზეუმში, სანქტ-პეტერბუგი).
ოთხივე ფირფიტა ერთნაირი მოყვანილობისაა – ვიწრო, მაღალი, ზემოთ ნახევარწრიული მოხაზულობით. სამი მხრიდან შემოვლებული ჭდეებიანი ლილვაკით. თითოეულზე თითო გამოსახულებაა შესრულებული გლუვ ფონზე, ფრონტალურად, მთელი ტანით. ხუთივე მედალიონი ერთი და იმავე ზომისაა გარშემოწერილი ჭდეებიანი ლილვაკით. ნახევარფიგურები მოცემულია ასევე ფრონტალურად (წმ. დავით მარგვეთელი მცირე ბრუნშია), გლუვ ფონზე. ცხრა დეტალისაგან შედგენილი ნაკრები ერთისა და იმავე ძეგლის მოჭედილობის ნაწილებს წარმოადგენს. ი. მ-ის ქმნილებების მეტყველი სახეები ინდივიდუალიზებულია, სხეულთა პროპორციები – სწორი. პლასტიკურად დამუშავებული ფიგურები თავისუფალ პოზაში ხაზგასმული მონუმენტურობით არის აღბეჭდილი. მოქანდაკე მიზანსწრაფულად ქმნის მოცულობით ფორმებს. აქ საქმე გვაქვს ქართ. ოქრომქანდაკებლობის იმ საფეხურთან, როდესაც ოსტატები სკულპტურულ-პლასტიკურ ამოცანებს ისახავენ მიზნად.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე თ., ა ლ ი ბ ე გ ა შ ვ ი ლ ი გ., ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, თბ., 1980; Амиранашвили Ш., История грузинского искусства, М., 1956, 1963; Кондаков Н., Бакрадзе Д., Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890; М и р з о я н А., Грузинская средневековая торевтика в собрании Эрмитажа (исследования и атрибуты), СПб., 2016; Грузия IX–XVII вв. Синай-Византия-Русь. Православное искусство с 6 до начала 20 века. Кат. Выставки, СПб., 2000. В-100; Н о в и к о в с к а я - Б у х м а н С., Произведения Иване Монисдзе в собрании Русского музея. Памятники культуры. Новые открытия. Сб., М., 2002; Такайшвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. I, Тфл., 1905; Ракитина К., Памятники грузинского чекана по серебру IX–XII вв. из собрания Эрмитажа // ТГЭ, Л., 1961, вып. 5; Alibegashvili G., Beridze V., Volskaja A., Khuskivadze L., I Tesôri della Georgia, Milano, 1984.
ე. კავლელაშვილი