ივერი (ნამდვ. გვარი – ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ) თამარ ავთანდილის ასული (დ. 8. IX. 1971, თბილისი), საოპერო მომღერალი (ლირიკული სოპრანო). „ვერდის ხმებისა" (ბუსეტო, 1998, II პრემია) და მოცარტის სახ. (ზალცბურგი, „გრან პრი", I პრემია) საერთაშ. კონკურსების ლაურეატი.
1996 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (გ. ბეჟუაშვილისა და ი. გერსამიას კლასები). 1995–2000 ბათუმის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. დიდი წარმატებით შეასრულა კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი პარტია. 2000-იდან მოღვაწეობს ევრ. საოპერო თეატრებში (ბონი, გერმანია, 2000; გრაცი, ავსტრია, 2001; „ლა ფენიჩე", ვენეცია, 2002 და სხვ.). შემდგომ წლებში არაერთი პარტია შეასრულა ვენის საოპერო თეატრში: ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), დონა ანა (ვ. ა. მოცარტის „დონ ჯოვანი", ეს პარტია შეასრულა აგრეთვე მიუნხენში, ბავარიის ეროვნულ თეატრში), ემილია გრიმოლდი (ჯ. ვერდის „სიმონ ბოკანეგრა"), ნედა (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები"); პარიზის „ბასტილიის ოპერის" სცენაზე: ელიზაბეტა (ჯ. ვერდის „დონ კარლოსი"), მიმი (ჯ. პუჩინის „ბოჰემა"), ელექტრა (ვ. ა. მოცარტის „ოდომენეო"), დეზდემონა (ჯ. ვერდის „ოტელო"); ტოკიოში: ლეონორა (ჯ. ვერდის „ტრუბადური"); „ლა სკალაში": ლუიზა მილერი (ჯ. ვერდის „ლუიზა მილერი") და სხვ. 2013–14 გამოდიოდა პარიზისა და ავსტრალიის ეროვნ. საოპერო თეატრებში.
ქართ. რეპერტუარიდან აღსანიშნავია მარიხი, მარო (ზ. ფალია შვილის „აბესელომ და ეთერი", "დაისი"), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"). 2016 ი-მა წარმატებით შეასრულა ეთერის პარტია ზ. ფალიაშვილის ოპერის განახლებულ დადგმაში „აბესალომ და ეთერი". ი. თანამშრომლობს მსოფლიო მნიშვნელობის დირიჟორებთან (ლ. მააზელი, კ. დევისი, დ. ბარენბოიმი, რ. მუტი, ჯ. ლივაინი, ა. პაპანო, დ. ორენი, ფ. ლუისი და სხვ.). ი-ს ხმა გამოირჩევა ხავერდოვანი ტემბრით, მაღალ რეგისტრში – სუფთა, გამჭვირვალე ჟღერადობით, უზადო საშემსრულებლო ტექნიკით, რაც სამსახიობო ოსტატობასა და ტემპერამენტთან ერთად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელზე. 2014 დააარსა ფონდი „უსაფრთხო საზოგადოება", რ-მაც პირველი საქველმოქმედო კონცერტი გამართა (2014) თბილისში, რუსთაველის თეატრში. მიღებული აქვს მ. აბაშიძის სახ. ეროვნ. ჯილდო (ბათუმში მოღვაწეობისათვის), აგრეთვე ე. ვეხტერის ჯილდო ვენის „შტაატსოპერაში" წარმატებული გამოსვლისათვის და ჰელპმანის პრესტიჟული პრემია (ავსტრალია).
ლიტ.: ბ უ ხ რ ი კ ი ძ ე დ., შვიდი პატარა დოკუმენტური ნოველა ქართველ მომღერლებზე, «ანაბეჭდი», 2007, №23; თამარ ივერი – საოპერო სცენის ვარსკვლავი საქართველოდან, «ჯორჯიან ეარვეისი», 2008, №10; კ ი ლ ა ს ო ნ ი ა ს., თამარ ივერი – პრიმადონა საქართველოდან, «ამარტა», 2009, N35.
მ. ჯაფარიძე