ილუსტრაცია

ილუსტრაცია ა. ბანძელაძე
ილუსტრაცია გაბაშვილი

ილუსტრაცია (ლათ. illustratio–განათება, ვიზუალური გამოსახულება), რაიმე, ლიტერატურული თუ სამეცნიერო ხასიათის ტექსტის შინაარსთან დაკავშირებული ვიზუალური გამოსახულება, ანუ სიტყვიერი ინფორმაციის განმარტება ნახატის მეშვეობით. ი-ის მთავარი ფუნქციაა ტექსტის ამა თუ იმ საკვანძო მომენტების დასურათებით ხაზგასმა ან მასში ჩადებული ფარული აზრის გამოკვეთა. ი. ეხმარება მკითხველს ნაწარმოებისა თუ სამეცნ. ნა­შრო­მის უკეთ გააზრებასა და ჩაწვდომაში. ი. შეიძლება იყოს რეალისტურ-ნატურალისტური, აბსტრაქტულ-დეკორატიული, სქემატურ-გეომეტრიული და ა. შ. ი. ძირითადად წიგნის შინაარსთან არის დაკავშირებული, მაგრამ შესაძლოა სხვა­და­სხვა ტიპის შემეცნებითი, სასწავლო, სარეკლამო დანიშნულებაც ჰქონდეს, ანუ თვალსაჩინოებისთვის იქნეს გამოყენებული. ი-ის ტიპური ფორმის ჩამოყალიბება ბეჭდური მრეწველობის დაწყებას უკავშირდება, მაგრამ მისი ჩანასახი წინაქრისტიანულ ხანაშიც, კერძოდ კი – ეგვიპტური პაპირუსების დასურათებაშიც შეიმჩნევა. ი-ის წინაპირობაა ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების წიგნების მინიატიურული მხატვრობაც, ჩინური წიგნის დასურათების ქსილოგრაფიების ნიმუშები (VI–VII სს.) და, ზოგადად, აზიური ქვეყნების (იაპონია, ირანი, ინდოეთი და ა. შ.) ხელოვნებაში არ­სე­ბუ­ლი აკვარელით ან გრავირებით შესრულებული, ტექსტთან ერთად განხორციელებული ფიგურატიული კომპოზიციებიც, რ-ებიც ხში­რად ალბომებშია მოქცეული. ბეჭდური წიგნის ილუსტრირების დაწყებამდე არ­სე­ბუ­ლი მინიატიურები ძირითადად ფუნჯითა და კალმით, ბუნებრივი პიგმენტებისგან შედგენილი საღებავებითა და ოქროსა და ვერცხლის ფერებით სრულდებოდა. მინიატიურათა კომპოზიციების სიუჟეტები მომდინარეობდა წიგნის შინაარსიდან, ხში­რად ერთვებოდა პორტრეტული გამოსახულებებიც, ჟანრული სცენებიც და ა. შ. მინიატიურის ი-ად გადაქცევა XV ს. გერმანიაში, წიგნის ბეჭდვის დასაწყისიდან იღებს სათავეს. პირველ ეტაპზე ი. და ტექსტი ქსილოგრაფიის ტექნიკით (XV ს. 60-იანი წწ.) იბეჭ­დე­ბო­და, წიგნად იკინძებოდა და ზოგჯერ ფერადდებოდა ხელით. აღორძინების ეპოქაში ი. უფრო მეტად ერთვება წიგნის ორგანიზმში და ტექსტის თანაბარზომიერ ად­გილს იკავებს. XVII ს-ში სპილენძის ფირფიტაზე გრავირების ტექნიკის და­ნერ­გვამ ი-ების ბეჭდვა უფრო გააადვილა (შ. ეიზენი – საფრანგეთი, დ. ხოდოვეცკი – გერმანია). XVIII ს. ბოლოს გერმანიაში ა. ზენეფელდერის (1771–1834) მიერ გამოგონებულმა ლითოგრაფიის ტექნიკამ ბევრად იოლი გახადა დიდი ფორმატის ი-ის ბეჭდვა. XIX ს. ბოლოს ი-ის რეპროდუცირებისთვის გამოყენებული თითქმის ყველა არ­სე­ბუ­ლი ტექნიკა (ქსილოგრაფია, ლითოგრაფია, ოფორტი და სხვ.) გამოდევნა ფოტომექანიკურმა ბეჭდვამ.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი  ი-ის საწყი­სე­ბი ხელნაწერი წიგნის გაფორმებიდან იღებს სათავეს. ეს ი-ები გამოირჩეოდა ფაქიზი კოლორიტულობით, დეკორატიულობით, შესრულების მაღალი დონით. ქართ. ხელნაწერი წიგნის ხელოვნებამ განვითარების რამ­დე­ნი­მე საფეხური გაიარა. საუ­კუ­ნე­თა განმავლობაში (V–XVIII სს.) ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო სისადავე და სიმკაცრე [ადიშის ოთხთავი (897), ჯრუჭის I ოთხთავი]. დროთა განმავლობაში წიგნის ტექსტი უფრო მჭიდროდ უკავშირდება გაფორმების მხატვრულ-დეკორატიულობას, შემდგომში გაფორმება – წიგნის ტექსტს. ხელნა­წერი მდიდრდება სიუჟეტური კომპოზიციებით (IX–X სს.). XI ს. ხელნაწერებში ჭარბადაა დეკორ. მოტივები. XIII ს-იდან შემკულობის სისტემა შე­ი­ცვა­ლა, ორნამენტი გართულდა, კომპოზიცია დინამ. გახდა. მომდევნო საუკუნეებში ეს ტენდენცია შენარჩუნდა.

XVII ს. საერო წიგნის გაფორმებაში შეიმჩნევა ირანული გავლენა, თუმცა მთელ რიგ ხელნაწერებში (მ. თავაქარა­შვილისეული „ვეფხისტყაოსანი", „ვისრამიანი", „ქილილა და დამანა") ოსტატები ცდილობენ ქართ. ტრადიციების შენარჩუნებას.

გვიანი ხანის მხატვ­რე­ბიდან აღსანიშნავია ავგაროზ ბანდაისძე, ალექსი-მესხი­შვი­ლები, ნიკოლოზ სიონის დეკანოზი, ირანში მომუშავე მხატვარი სიაუში და ალიყული ჯაბადარი, დ. ე. თუმანი­­შვილი და სხვ.

წიგნის მხატვრულ გაფორმებას და ილუსტრაციებით შემკობას ქართ. ბეჭდური წიგნის გაფორმებაშიც თავისი გამორჩეული ადგილი აქვს დამკვიდრებული.

XVIII–XIX სს. II ნახევრამდე თბილისში, მოსკოვში, მოზდოკსა თუ პეტერბურგში ნაბეჭდი ქართ. სტამბური წიგნების მხატვრულად გასაფორმებელი დეკორის ელემენტებიცა და ილუსტრაციებიც, ძირითადად, ევრ. და რუს. წიგნებიდან იყო გადმოტანილი და მხო­ლოდ თითო-ოროლა ი-ის ნიმუშში შეიძლება შევნიშნოთ ეროვნ. ნიშნების გამოვლენის მცდელობა, მაგ.: 1712 წლის „ვეფხისტყაოსანში" მეფე ვახტანგის ფიგურა აშკარად პორტრეტული მსგავსების მცდელობითაა გა­მო­სახული, ცალკე ი-დაა გამოყოფილი ბაგრატოვანთა საგვარეულო გერბიც; „მარხვანის" ერთ-ერთ ი-ზეც (ტფილისი, 1793) წვერულვაშიანი, ქართული იერის მამაკაცი შეიცნობა, ჩოხის მსგავსი სამოსით.

თანამედროვე ქართ. ბეჭდური წიგნის მხატვრული გაფორმება და ი-ების გამოყენება თვითნასწავლი მხატვარ-გრავიორის გ. ტატი­­შვილის სახელს უკავშირდება. მან დამოუკიდებლად შეისწავლა ქსილოგრაფიის რთული ტექ­ნიკა და წიგნთა ი-ებს გრავიურაში ასრულებს. გ. ტატი­შვილის განსაკუთრებით ­მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნამუშევრებია „დედა ენისა" (პირველად 1876 წ. გამოიცა და 1912 წლამდე 27-ჯერ დაიბეჭდა) და „ბუნების კარის" ი-ები. მისივე შესრულებულია საბავშვო წიგ­ნების „ხუმარა სპილოების" (1897), შიო მღვიმელის „სამი ცელ­ქის" და „ოქროს თავთავის" ი-ები.

XIX ს. ბოლოს განეკუთვნება ორი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ილუსტრირებული წიგნი: მ. (გობრონ) საბინინის „სა­ქარ­თვე­ლოს სამოთხე" (1882) და შოთა რუსთაველის ქართვე­ლი­შვილისეული „ვეფხის­ტყაოსანი" (1888). ეს უკანასკნელი მხატვ­რულად შემკულია გ. ტატი­­შვილის მიერ, ი-ები კი მ. ზიჩს ეკუთვნის, ანუ ამ პერიოდში უკვე გამოიცემა ილუსტრირებული სას. და საერო ხასიათის წიგნები.

უხვადაა, ასევე, ილუსტრირებული XIX ს. მიწურულსა და XX ს. დასაწყისში გამოსული ჟურნალ-გაზეთები („კვალი", „ცნობის ფურცელი. სურათებიანი დამატება", „ეშმაკის მათრახი", „თეატრი და ცხოვრება", „ტარტაროზი" და სხვ.), რ-ებიც იბეჭდება როგორც ევროპელი და რუსი, ასევე ნაცნობი თუ უცნობი ­ქართვ. მხატვ­რე­ბის ნამუშევრების ჩართვით. გამოყენებულია ო. შმერლინგის, მ. თოიძის, ა. გოგია­შვილის, ი. როტერის, ა. რ. მრევლი­შვილის, ა. ლ. ბერიძის, გ. ზაზია­შვილის, პ. ღიბრაძის (მღებრაძე), შ. გ. ქიქოძის საგაზეთო ტექსტების დასასურათებელი ი-ები და კარიკატურები.

XX ს. 10–20-იან წლებში, გარდა წიგნის მხატვრობისა, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრირებაზე ასევე აქტიურად მუშაობენ მხატვრე­ბი: ვ. სიდამონ-ერისთავი, ა. ყ. ქუთათელაძე, ს. ნადარეი­შვილი, დონი (დ. ნაცვლი­შვილი) და სხვე­ბი. 10-იან წლებში დასურათებული წიგნის მნიშვ­ნე­ლო­ვანი ნიმუშია ჰ. ჰრინევსკის მიერ ილუს­ტრირებული ი. ჭავჭავაძის „თხზუ­ლე­ბანი" (ტფ., 1914). საბავშვო წიგნებს აფორმებდნენ: შ. ქიქოძე („ამირანის ლექსი", ტფ., 1913), პ. ღიბრაძე (მღებრაძე) (ნ. ნაკაშიძის ზღაპარი „ზარაბიბილის ხელმწიფის ქალი". ქუთ., 1914), ო. შმერლინგი (ე. მარკოვი „აბ-აბი", ტფ., 1927) და სხვ.

XX ს. დასაწყისში ზოგადად სახვით ხელოვნებაში სერიოზული ძვრები იწყება, რაც აისახა წიგნის გრაფიკაშიც. ხდება ევროპასა და რუსეთში წარმატებულად განვითარებადი უახლესი მიმდინარეობების – სიმბოლიზმის, კონსტრუქტივიზმის, სუპრემატიზმის, კუბისტურ-ფუტურისტული ძიებების გაზიარება, ეს განსაკუთრებით გაიზიარეს მხატვ­რებმა: ი. და კ. ზდანევიჩებმა, ი. გამრეკელმა, ლ. გუდია­შვილმა, ბ. გორდეზიანმა, ა. ბაჟბეუქ-მე­ლიქიანმა და სხვებმა (1917 ა. კრუჩონიხის გამოცემულ კრებულსა „Учитесь худоги" და ალბომში „1918", ასევე, „Малохолия в капоте"-ში შევიდა კ. ზდანევიჩის ნახატები და კოლაჟები; 1924 კი გა­მო­ვი­და ჟურნ. „H2SO4 ", რ-იც ი. გამრეკელის და ბ. გორდეზიანის კუბისტურ-ფუტურისტული ნახატებით გაფორმდა). შემოქმედების ადრეულ წლებში მოდერნისტულმა ტენდენციებმა უ. ჯაფარიძის მიერ გაფორმებულ წიგნშიც იჩინა თავი (ი. იმედა­შვილი, „მზეთამზე", ტფ., 1926).

1922 დაიბეჭდა ნ. ბარათა­­შვილის ნაწარმოებთა პირველი კრებული, რ-ის ყდასაც მხო­ლოდ ქართ. შრიფტის მხატვრული ფორმებით ­ქმნის ი. შარლემანი. წიგნი ილუსტრირებულია ფოტოებით, შამილის შე­სა­ხებ არსებულ ტექსტში კი გამო­ყენებულია ნ. ფიროსმანა­­შვილის ფერწერული ნამუშევრის ი.

1922-იდან იწყება მზადება და 1925 გამოდის ე. ნინო­შვილის ნაწარმოებთა ორტომეული, რ-ის ი-ებს ასრულებენ მხატვ­რე­ბი: მ. თოიძე, ე. ლანსერე, ა. ქუთათელაძე, შ. ძნელაძე, ი. თოიძე, შ. მამალაძე. ამ წლებიდან წიგნის ხელოვნებას ემსახურებოდნენ როგორც უშუალოდ გრაფიკოსები, ასევე ფერ­მწერები, მოქანდაკეები, არქიტექტორები და თვითნასწავლი მხატვ­რე­ბიც კი.

XX ს. 30-იანი წლების წიგნის მხატვრობის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა შოთა რუსთაველის საიუბილეოდ „ვეფხის­ტყაოს­ნის" გაფორმებისათვის გამოცხადებული კონკურსი. 1937 პოემის საიუბილეო გამოცემებისთვის ი-ები შეასრულეს ს. ქობულაძემ, თ. აბაკელიამ, ი. თოიძემ. ცოტა ადრე, 1934, დაიბეჭდა ლ. გუდია­შვილის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი".

ამავე წლების მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წიგნია, ასევე, 1934 დაბეჭდილი ფირდოუსის „შაჰ-ნა­მეს" საიუბილეო გამოცემა, რ-იც მხატვარ ი. გაბა­შვილის მიერ უხვადაა ილუსტრირებული.

40–50-იანი წლების წიგნის დასურათებაში რეალისტური ნახატით შესრულებული ი-ები ჩნდება (ა. ქუთათელაძე, ს. ქობულაძე, ვ. გიორგობიანი, ე. ბაღდავაძე, ს. ნადარეი­შვილი, ი. გაბა­შვილი, უ. ჯაფარიძე, მ. დაუ­შვილი და სხვა მრა­ვა­ლი ცნობილი თუ უცნობი მხა­ტვარი).

50-იანი წლების II ნახევრიდან ქართულ სახვით ხელოვნებაში ეროვნ. ტენდენციების ათვისების თვალსაზრისით მნიშვ­ნე­ლო­ვანი ძვრები იწყება, იხვეწება და მკვიდრდება გრაფიკის სხვა­დასხვა ტექნიკა (ოფორტის სხვადა­სხვა სახეობა, ლინოგრავიურა, ლითოგრაფია...). წიგნის გრაფიკის ნიმუშების შინაარსობრივ გადაწყვეტაში მატულობს მისწრაფება რომანტიზმისკენ, ბუნების სიღრმეების წვდომისკენ, „ხალხურობის" ელემენტების შემოტანისკენ. ახლებურად და უფრო ფართოდაა გაგებული წიგნის გაფორმების პრობლემებიც. მხატვარ-ილუსტრატორი უფრო და უფრო ხში­რად გვევლინება წიგნის მთლიანი ორგანიზმის შემქმნელად.

1950–60 წლებში წიგნის მხატვრულ გაფორმებაში ახალი თაობის მხატვ­რე­ბი ებმებიან: ბ. ბერძენი­­შვილი, დ. დუნდუა, დ. ვ. ერისთავი, გ. კალაძე, ჯ. ლოლუა, მ. მალაზონია, ნ. ვ. მალაზონია, თ. მირზა­­შვილი, ზ. ნიჟარაძე, გ. ოჩიაური, ა. სლოვინსკი, გ. ფირცხალავა, ო. ქოჩაკიძე, თ. ყუბანეი­შვილი, ი. ჩიკვაიძე, ო. ჯიშკარიანი.

გამოხატვის ფორმები უფრო მრა­ვალმხრივი და მრავალფეროვანი ხდება. სიღრმისეული ფსიქოლ. წვდომითაა გამორჩეული თ. ყუბანეი­შვილის ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელის" (1960) ი-ები; სიფაქიზისა და სიძლი­ე­რის ერთობლივად გამომხატველია გ. ოჩიაურის ი-ები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისთვის.

1970–80 წლებშიც წიგნის ილუსტრირებას ემსახურებოდნენ წამყვანი მხატვარ-გრაფიკოსები: ნ. ზაალი­შვილი, ლ. ა. ზამბახიძე, ს. კინწურა­შვილი, ქ. მატაბელი, ვ. რურუა, ი. ფარჯიანი, კ. ფაჩულია, ლ. შენგელია-აბაშიძე, გ. წერეთელი, თ. ხუცი­შვილი და სხვ.

ამ თაობის მხატვრებს თავისი განუმეორებელი ხელწერა გააჩნიათ. მათ შემოქმედებაში ვხვდებით „ხელნაკეთ", „ხელნახატ" ბეჭდურ წიგნებს. ამ წიგნთა მთლიანი მაკეტი – ტექსტი და ი. ერთ მთლიანობაშია გააზრებული და შესრულებული. ამგვარი გაფორმების ერთ-ერთი პირველი მაგალითია ა. ბანძელაძის მიერ გაფორმებული „არსენას ლექსი" (1966).

ეს ტრადიცია შემდგომ წარმატებით გააგრძელეს სხვა­და­სხვა თაობის მხატვრებმა: ლ. დავითიანი, გ. კაკაბაძე, გ. კ. კალაძე, მ. მალაზონია, ლ. მარგიანი, ო. მეგრელიძე, თ. მირზა­შვილი, დ. პოპია­შვილი, ი. ფარჯიანი, ლ. ჩაგანავა და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბავშვო წიგნის ი-საც, რ-იც ყოველთვის სათუთი მიდგომით იყო გამორჩეული. XX ს-ში შე­სა­ნი­შნა­ვი ი-ები იქმნებოდა სხვადა­სხვა თაობის წამყვანი მხატვ­რების მიერ (ი. გაბა­შვილი, ე. ახვლედიანი, ე. ბაღდავაძე, ს. ქობულაძე, გ. როინი­შვილი, ზ. ნიჟარაძე, ჯ. ლოლუა, თ. მირზა­შვილი, ა. ბანძელაძე, რ. მახარაძე, ზ. დეისაძე, მ. მორჩილაძე, ს. კინწურა­შვილი და სხვ.). განსაკუთრებით გამორჩეული იყო ი-ები საბავშვო ჟურნალისთვის „დილა", რ-ის გაფორმებაშიც თითქმის ყველა თაობის წამყვანი მხატვარი იყო ჩართული.

2000-იდან იკვეთება ჟურნ. „დილას" გამფორმებელთა ახალახალი სახელები (გ. ჩაჩანიძე, ნ. სანაია, ლ. სულაკაური, ნ. ჩაკვეტაძე); გამოდის სხვა საბავშვო ჟურნალებიც: აფხაზეთის კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ცენტრის საყმაწვილო ჟურნ. „იალქანი" და საბავშვო ჟურნ. „აფქიო" (მხატვარი დ. მუხა­ძე);

ამავე წლიდან წიგნის ილუსტრირებაში აქტიურად ­ებმებიან მხატვ­რები: ნ. მორბედაძე, ვ. მუსხე­ლიშვილი, ო. თავაძე, ნ. ჯიშკარიანი, ნ. აფციაური, ნ. ფერაძე, მ. ხომერიკი, გ. ჩაჩანიძე, კ. ბახტაძე, დ. მუხაძე, ო. მეგრელიშვილი, ლ. ტაბლიაშვილი, დ. ბერძენიშვილი, თ. მელიქიშვილი, ა. ბალანჩივაძე, ქ. ლომაშვილი, ნ. ჩოჩელი, ლ. გარდავა და სხვ.

ხდება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ახლებური გააზრება. პოემის ი-ებს ქმნიან: მ. ცეცხლაძე (2005), ლ. აბაშიძეშენგელია (2007), ქ. მატაბელი (2009), ი. ოჩიაური (2012), დ. მაჭავარიანი (2012).

2014 დაიბეჭდა „ვეფხის­ტყა­ოსანი" (სინთეზური ხელოვნე­ბის ნიმუში – მხატვრის წიგნი. „ტაია ფილმის" ინიციატივით. იდეის ავტორი ქ. გალდავა). მის ილუსტრირებაში ჩართული იყო 15 მხატვარი [თ. კვესიტაძე, თ. ვარვარიძე, თ. ჯავახიშვილი, კ. სულაბერიძე, რ. ხიზანიშვილი (გობეჯიშვილი), მ. სუმბაძე, უ. ხუმარაშვილი, მ. გოგრიჭიანი, მ. ცეცხლაძე, თ. მელი­ქიშვილი, ი. მჭედლიშვილი, გ. ალექსი-მესხიშვილი, მ. ჯაფარიძე, ო. ტიმჩენკო, ო. მურაჩაშვილი];

გამოიცა ასევე კომიქსით ანუ ნახატს თანდართული მცირე ტექსტებით მოთხრობილი – „ვეფ­ხისტყაოსანი" – გრაფიკული რომანი (I ნაწ., თბ., 2016), რ-იც პ. დავითაიას მიერ შესრულდა. ეს წიგნი ყველა ასაკის ადამიანისთვისაა განკუთვნილი, განსაკუთრებით კი იგი ბავშვებს ეხმარება, რათა ადრეულ ასაკშივე, ფილმის მსგავსად, კადრირებულად, ხატოვნად გაეცნონ ნაწარმოების შინაარსს. ამგვარივე მიდგომით მუშაობს „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებაზე მხატვარი დ. მაჭავარიანიც (201617), რ-იც აქტიურად იყენებს ციფრულ გრაფიკას.

წიგნის ი-ის შექმნაში, ხელთქმნილობის პარალელურად თანდათან მკვიდრდება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რ-საც წარმატებით იყენებენ ახალგაზრდა ხელოვანები (დ. ჯა­მრიშველი, ს. ბენიძე, თ. ნადარეიშვილი, ე. ტაბლიაშვილი და სხვ.).

ქართული საილუსტრაციო მხატვრობა მუდმივად ვითარდება და მის განხორციელებაში ებმებიან ხე­ლოვანთა ახალ-ახალი თაობის წარმომადგენლები. ყოველივე ეს კი ქარ­თული ი-ის მომავალ წარმატებაზე მიგვანიშნებს.

მ. გაჩეჩილაძე