იმედაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე

ა. იმედაშვილი
rigth|ა. იმედაშვილი, ოტელო

იმედაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე [18. II (2. III). 1882, თბილისი, – 30. IX. 1942, იქვე], მსახიობი. სა­ქართვ. სახალხო არტისტი (1932).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900. სხვა­და­სხვა წლებში მუ­შა­ობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სხვა თეატრებში. 1921–24 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, 1928–31 – კ. მარჯანი­შვი­ლის მიერ დაარსებულ ქუთაის-ბათუმის თეატრში (ახლანდ. თბილ. კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრი), 1939–42 – ქუთ. ლ. მესხი­შვი­ლის სახ. თეატრში. იყო ლ. მესხი­შვი­ლისა და ვ. აბაშიძის მოწაფე, ქართ. თეატრის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი და დამამკვიდრებელი ქართ. სცენაზე. მონაწილეობდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუს. კომედია და სხვ.) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკური ტრაგიკული როლების შესრულებით.

ი. ქართ. თეატრში ითვლება ოტელოს (უ. შექსპირის „ოტელო") როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. ასევე წარმატებით ითამაშა ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), მეფე ლირი (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), კარლ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები"), დათო (ა. სუმბათა­შვი­ლის „ღალატი"), ესტევანი (კ. მარჯანი­­შვი­ლის მიერ 1922 დადგმული ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყა­რო") და სხვ. ი. გამოირჩეოდა დიდი ტემპერამენტით, პროფ. კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი წვლი­ლი მიუძღვის ქართ. სცენაზე სწორი ქართ. მეტყველების დამკვიდრებაში. 1921-იდან მოღვაწეობდა კინოში; შეასრულა გელას („მოძღვარი", 1922), ექიმის („ამოკი", 1927), კარდინალ მონტანელის („კრაზანა", 1928), ასტამირის („ელისო", 1928) და სხვ. როლები. ი. იყო რეჟისორი, ანტრეპრენიორი, მთარგმნელი; სხვადა­სხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენით.

თხზ.: მოგონებანი, თბ., 1963.

ლიტ.: ბ უ რ თ ი კ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ა., ალექ­­სან­დრე იმედა­შვი­ლი, თბ., 1956; ც ა ­ გ ა რ ე ი ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., ალექსანდრე იმედა­შვი­ლი, თბ., 1972.

ლ. ცაგარეი­შვი­ლი