იმერეთი

იმერეთის რუკა

იმერეთი, 1. ფართო მნიშვნელობით დასავლეთ საქართვე­ლოს ის­ტორიული სახელწოდება, ისევე როგორც ეგრისი, ­ლაზიკა, კოლ­ხე­თი, აფხაზეთი; 2. და­სავლეთ სა­ქართვე­ლოს ერთ-ერთი ­ისტო­რი­ულ-ეთნოგრა­ფი­უ­ლი მხარე (ადმ.-ტერ. დაყოფა იხ. სტ-ში იმერეთის რეგიონი). ­ეთნოგრა­ფი­ულ ი-ს აღმ-იდან ქართლისგან ლი­ხის ქედი გამოყოფს, სამხრ-ით სამცხე ესაზღვრე­ბა, ჩრდ-ით – რა­ჭა და ლეჩხუ­მი, დას-ით – სამეგრე­ლო, ხო­ლო სამხრ.-და­ს-ით – გუ­რია. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან – ი., ე. ი. ლიხსიქითა მხარე. გამოთქმულია ასევე მოსაზრება, რომ ტერმინი „იმერეთი" მომდინარეობს „იბერების" სატომო სახელიდან. XV ს. II ნახ-იდან ი. დამოუკიდებელი ფეოდ. სამეფო იყო (იხ. სტ. იმერეთის სამეფო).

აღმ. სა­ქართველო თუ ქართულ წყარო­ებში ამე­რეთად (ლი­ხის ქედის ამი­ერ მხა­რედ) იწოდებო­და, დას. საქართვე­ლოს (ლი­ხის ქედის იმიერ მხა­რეს) ი-ს უწოდებდნენ. XIX ს-ში აღმ. სა­ქართველოში მცხოვრებთათვის „იმერელში" დას. საქართვე­ლოს ყველა მკვიდ­რი მოიაზრბოდა. და­ს. და აღმ. საქართველოში მცხოვრები ქართვე­ლების აღსა­ნიშნა­ვად ქართვე­ლი ისტო­რიკო­სებიც ხშირად „იმერნი და ამერნის" ხმარობდნენ. ვა­ხუშტი ბაგრა­ტი­ო­ნი წერდა: „...ძლი­ე­რისა ბრძო­ლითა მოსწყდნენ მრა­ვალნი იმერნი და ამერნი". ასე რომ „იმერეთი" მომდინარეობს სიტყვიდან "იმიერი" (შემოკლებით – იმერ), რაც ქართული საისტ. წყაროებით გულისხმობს იქითას, გაღმას, გადაღმას, მიღმას.

ი. ორ ნაწილად – ზე­მო იმერეთად და ქვე­მო იმე­რეთად იყოფა. ზე­მო ი. ქართლ-იმერეთის ქე­დიდან იწყე­ბა და აღწევს იმ ადგი­ლამდე, სა­დაც მდი­ნარე­ე­ბი ყვირილა (ჩრდ.) და ხა­ნისწყა­ლი (სამხრ.) მდ. რიონს ერთვის. ქვემო ი. მოი­ცავს ტე­რიტო­რი­ას მდ. ყვი­რილის შესართა­ვიდან მდ. ცხენისწყლამდე. ქვე­მო ი. კოლხე­თის დაბლობზეა გაშლი­ლი. ის მეტნაკლე­ბად პლატოა, ვა­კეა, ხო­ლო ზე­მო ი. მთა­გორი­ა­ნი მხა­რეა. გარდა ზე­მო და ქვე­მო ი-ისა, გამო­იყოფა აგრეთვე ოკრი­ბა.ი-ის ცენტრია ქ. ქუ­თა­ი­სი. XVIII–XIX სს. მიჯნა­ზე ი-ში 120 ათ. მცხოვრები იყო.

„ზე­მო იმერეთი" ფე­ო­დ. ხანის გვი­ან სა­უ­კუნე­ებში გა­ჩენი­ლი ტერმი­ნია. უფრო ადრე ი-ის აღმ. მხა­რის სა­ხელწო­დება არგვე­თი (მარგვე­თი) იყო. შემდეგ თანდათან „არგვე­თი" დღე­ვანდე­ლი ი-ის აღმ. ნა­წილს ეწო­და, ხოლო დას. ნა­წილს კი – „სა­მოქა­ლაქო". „იმერეთს" პირვე­ლად იხსე­ნი­ებს დავით აღმა­შენებლის ისტორიკო­სი: „მას ჟამსა მე­ფე გარდა­ვიდა იმერეთს".

ეთნოგრა­ფი­უ­ლად ზე­მო და ქვე­­მო ი. განსხვავდე­ბოდა ერთმანეთისგან, რა­საც, უპირვე­ლეს ყოვლისა, რე­ლი­ე­ფი, ბუ­ნებრივ-გე­ოგრ. გა­რემო და კლიმატი განსაზღვრავდა. ზემო ი-ში ზაფხული ზომიერად გრილია, ხოლო ზამთარი შედარებით ყინვიანი. აქ ჰავა უფრო მშრა­ლია, რელიეფი ხასი­ათდე­ბა გო­რები­სა და ხეობების სიხში­რით. ამდე­ნად, ზე­მო ი-ში მეტწი­ლად ხე­ვური და­სახლე­ბაა. ქვემო ი-ში, რ-იც კოლხეთის დაბლობის გაგრძელებას წარმოადგენს, ზამთარი და ზაფხული უფრო თბილია. აქ დასახლე­ბა გაშლილ ვაკეზე მდებარეობს და ეზო­-კარმიდამო დიდია.

არგვეთში (ზე­მო ი-ში) ძი­რითადად მე­ვენა­ხე­ო­ბა და მე­საქონლეო­ბა იყო გავრცელებუ­ლი. ვა­ზის კულტუ­რა მაღლობ ­ადგილებში კარგად იყო განვითარებული (ვანი, ბაღდა­თი, ჭია­თურა, საჩხერე, ხარაგაული). იმერელი გლეხები ძირითადად ფეტვის მჭადით იკვებებოდნენ. ფეტვის გამშრალ თავთავებს ჩამურში ცეხვავდნენ. იმერეთის ჩრდ.-დას. რ-ნებში გვიანობამდე შემოინახა ხორბლის ძველი ჯიშებიც: მახა, იფქლი, ზანდური, კენტეხილა. 1578 ქუ­თა­ი­სის საყდრის დავთრის მოხედვით ქვემო იმე­რელი გლე­ხები სწირავდნენ: ღვი­ნოს, საკლავს, ღომს, ფეტვს, გოჭს, ქა­თამს, ყველს, კვერცხს, თევზს. ქვე­მო (ვაკე) ი-ში წამყვანი კულტურებია მცე­ნარე­ე­ბი: დაფნა, ლეღვი, ხურმა და სხვ. ი-ის პლატოზე მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი მიუთითებს, ი-ში მარცვლეულის ყველა ჯიში ითესებოდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით „სთესენ ღომსა ფრიად და გამოიზრდებიან მით". მოგვიანებით ი-ში მარცვლე­უ­ლი კულტუ­რები­დან სიმინდის მოყვანამ წამყვა­ნი ადგილი და­ი­კავა, რა­მაც უკან გა­დასწია ტრად. მარცვლეული კულტურები - ხორბალი, ქე­რი და ფეტვი. ი-ში ყანების დამუშავების ნადური ფორმა არსებობდა. ბარის სოფლებში ბამბასაც თესდნენ (თითქმის ყველა ოჯახი), რ-საც ტანსაცმლისა და ლოგინისათვის იყენებდნენ.

ი-ში მესაქონლეობა მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო. ძროხა უზრუნველყოფდა ოჯახს რძის პროდუქტებით, ჰყავდათ ცხვა­რი და თხაც. იმერული ცხვა­რი, რ-იც კარგი გამრავლების უნარით, ნაზი მატყლითა და ხარისხიანი ხორცით გამოირჩევა. ამას 1578 ქუთაისის საყდრის დავთარიც ადასტურებს. ხანისწყლის ხეობის საეკლ. გლეხებს მატყლის გადასახადი ჰქონდათ დაკისრებული. ი-ის თითქმის ყველა სოფლის მკვიდრი თუ დიდი რაოდენობით იხდიდა ღვინოს (13-იდან 25 კოკამდე), ხანისწყლის ხეობის სოფლების (კორხითის, პიტინისხევის, ხოლასკურის, ალისმერეს) მცხოვრებნი ამ გადასახადისაგან თავისუფალი იყვნენ, სამაგიეროდ მათ შეწერილი ჰქონდათ გადასახადი იფქლზე, პურზე, სანთელზე. აქვე მეცხენეობის მაღალი დონის დამადასტურებელია ისიც, რომ მათ ევალებოდათ „ცხენით სამსახური", „ყოვლის დღით ულაყით სამსახური" და „მეულაყეობაჲ".

ი-ში საცხოვრე­ბელი სახლე­ბი ძი­რითა­დად ხის იყო, რა­საც აქა­ური კლიმატუ­რი პირობე­ბი (ტენიანობა) და ფლორა (ტყის სიხშირე) გა­ნაპი­რობებდა. გვხვდებოდა როგორც ერთსართულიანი, ისე ორსართულიანი ოდა-სახლები. ოდასთან ახლოს, ­ეზო-კარმიდამოში, განცალკევებით იდგა სამზარეულო სახლი, რ-შიც საჭმელს ამზადებდნენ.

ზემო ი-ში მთლიანად და ქვემო ი-ის მაღლობ ადგილებში ძირითად სატრანსპორტო საშუალებას ჩოჩიალა, ანუ აჩაჩა ურემი წარმოადგენდა. მისი კონსტრუქციული თავისებურება თრევისა და გორვის პრინციპის შეერთებას წარმოადგენდა. მის წინა ნაწილში მოთავსებული ფრჩხილები, რ-ებიც მიწაზე ეთრეოდა, სრიალებდა და მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა. ღო­ბე­ე­ბი წნუ­ლისა­გან კეთდე­ბოდა. ჭიშკარი ფიცრული ჰქონდათ.

XVII ს. შუა ხანებში ი-ში ნამყოფი რუსი ელჩი. ა. იევლიევი ი-ის დასახლებების შესახებ წერდა: „სოფ­ლები და დაბები, ­აგრეთვე თვით სოფლებსა და დაბებში სახლები, ერთმანეთისაგან დაცილებულია, გაფანტულია ბორცვებზე, დაბლობებზე, მთებს შორის და მთებზედაც. სადაც წყაროებია, მათი დასახლება იქ არის და სახნავ-სათესიც. მხოლოდ მიჯრით, ერთად კი არ არიან დასახლებულები, არამედ ორი, სამი, ათი, ოც-ოცი კომლი და ესენიც ერთმანეთისაგან ერთი ისრის ტყორცნის მანძილით არიან დაშორებულები. ყოველ ეზოს გარშემორტყმული აქვს ყოველგვარი ხილეული და ვაზი, ისე გეგონება, ტყეში ცხოვ­რობენ, არც კი მოჩანს". ი-ში დასახლების ფორმის შესახებ საფრანგეთის მეფის კონსული ჟაკ ფრანსუა გამბაც მოგვითხრობს, რ-იც 1820_24 იმყოფებოდა საქართველოში: „იმერლები სამეურნეოდ დაბლობს იყენებენ, მაგრამ სახლ-კარად მაღლობ პლატოებს ირჩევენ წყაროებთან ახლოს. ციებისაგან თავის დასაცავად ამ წინდახედულობის გარდა... სახლებში ცეცხლი მუდმივად დღედაღამ უნთიათ. ეს ჰაერის გაწმენდის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა და, ამასთანავე, მიწის სინესტესაც შთანთქავს... ხორცს მაინცდამაინც არ ეტანებიან; ძალზე უყვართ მჟავე. ღვინოს ბევრს სვამენ. მათი ტანსაცმელი, განსაკუთრებით კი თხის ბეწვისაგან დამზადებული ქეჩის მოსასხამები, ტემპერატურის მკვეთრ დაცემას მათ იოლად გადაატანინებს ხოლმე. ამის გამო მათ ციება არ ემართებათ. სწორედ ამან შეუნარჩუნა ამ ხალხს სილამაზე და სილაღე, რის გამოც მათ ადამიანთა მოდგმის ნიმუშად თვლიან..." არანაკლებ ხოტბას ასხამდა აქაურ მკვიდრებს გერმანელი მოგზაური მ. ვაგნერი (იმოგზაურა 1843-46): „ქუთაისის იმერელ მოსახლეობაში ამოიცნობა ქართული ძირითადი ტიპი, მაგრამ სახის ნაკვთები გამომეტყველია და კეთილშობილი. იმერელი მამაკაცებისა და ქალების სილამაზე განთქმულია. მათი სწორი, თხელი, კეთილშობილი ფორმები სხეულის ნამდვილი სანატურო მოდელებია... ასევე სახის სილამაზით მსოფლიოს ცოტა ხალხები თუ შეედრებიან ძველი კოლხეთის მაცხოვრებლებს - იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მკვიდრთ. თვით ამაყი ჩერქეზი მამაკაცებიც კი უკან დგანან... უღარიბეს ქოხში ხანდახან შეხვდები ჭრელი ძონძებით დაფარულ ქალს, რომლის მშვენიერი სხეული, მარმარილოში გამოკვეთილი, არაფრით ჩამოუვარდება პიტის სასახლეში ვენერას ქანდაკებას..."

ი-ის ლანდშაფტი (უსწორმასწორო რელიეფი და ტყე), ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა ქართლიდან და სამცხიდან მტრის შესვლას. ის ი-ის მოსახლეობას მტერთან ბრძოლას უადვილებდა. ქართლი და კახეთი კი, ამ ­მხრივ, შემოსული მტრისათვის ­ადვილად ხელმისაწვდომი იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემცირებას ან მიგრაციას იწვევდა. დემოგრა­ფიულად გაპარტახებულ ქართლსა და კახეთს, მთასთან ერთად, დას. საქართველოს, პირველ რიგში, ი-ის ნამატი მოსახლეობა ავსებდა. ეს პროცესები ერთჯერადი არ იყო - ის საქართველოს მთელი ისტორიისათვის იყო დამახასიათებელი.

ზემო ი-ში დიდი რაოდენობით ამზადებდნენ გობებსა და ჯამებს, რ-ებიც XIX ს-ში სოფ. პერევიდან კალოობისას ქართლშიც გაჰქონდათ გასაყიდად. სკივრების (ზანდუკების) დამზადებით ცნობილი იყო ზემო ი-ის სოფ. მოხვი. აქ წელიწადში 2500 სკივრს აკეთებდნენ. XIX ს-ში ამ ნივთზე დიდი მოთხოვნა იყო, რადგან მას მზითევში ატანდნენ.

იმერლე­ბი ხის დახელოვნე­ბული მუ­შაკე­ბი იყვნენ. ამზადებდნენ ხის სას.-სამ. იარაღს, საოჯახო დგამ-ჭურჭელს, წნავდნენ კალათებს, გოდრებს, მე­ტად განვი­თარებული იყო მე­ჭურჭლე­ო­ბა, ქვის კა­რი­ე­რის დამუშავება, ფე­იქრო­ბა. აქ თი­ხის ჭურჭლის ნაწარმის არაერთი ცენტრი არსებობდა (შრო­შა, ტყემლო­ვანა, ოკრი­ბა, ვა­ნი). XI ს-ში რა­ჭაში ფართოდ გამოიყენებოდა არგვეთის სო­ფ. ნა­ვარძეთში დამზა­დებუ­ლი ჭუ­რები.

ოკრიბის მიკრორაიონში უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ რკინას, აგრეთვე ძვირფას მინერალს - გიშერს. ოკრიბელებს გიშრის დამუშავების ხელობა მამა-პაპით მოსდგამდათ. ოკრიბული გიშერი ­საქართველოს გარეთაც გადიოდა. მას ავი თვალისაგან დაცვის თვისებასაც მიაწერდნენ. ოკრიბაში უხვად მოიპოვებოდა ქვა, რისგანაც საცეხველს ამზადებდნენ. საცეხველში ძირითადად მარცვლეულს (უფრო ღომს), აგრეთვე სელს, მარილს, საჭმლის შესაზავებელ სუნელებს აქუცმაცებდნენ, ცეხვავდნენ არყის გამოსახდელ ხილს.

ი-ის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო მევენახეობა-მეღვინეობა. აქაურ გლეხებს საუკუნეების განმავლობაში ვაზის 75-ზე მეტი ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. ძველთაგანვე გავრცელებული იყო როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ საყრდენზე ­გამართული ვენახი, მაღლარს დაბლარი ენაცვლებოდა. ზოგან ვაზი ხეზეც ჰქონდათ აშვებული და მაღალ ბოძებზეც. ი. არის თავისებური გარდამავალი რეგიონი აღმ. და დას. საქართველოს შორის, სადაც მევენახეობის დარგში განვითარდა ორივე მხარისათვის დამახასიათებელი კულტ.-სამეურნეო ტრადიციები. XIX ს. ბოლოს ფრანგი ბარონი დე ბაი წერდა: „ვაზი ამ ქვეყანაში ყველა მცენარეთა დედოფალია, ხოლო ღვინო ადამიანისათვის ნამდვილ კულტს წარმოადგენს".

ი-ში საკმაოდ განვითარებული იყო მეფრინველეობა, მეღორეობა, მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა. ამ უკანასკნელის შესახებ ა. იევლიევი წერდა: „იმერეთსა და სადადიანოში ყაჭი (აბრეშუმი) ყველა ქალაქშია გავრცელებული და ყოველი ადამიანი თავისას ყიდის, ვის როგორც შეუძლია. ყაჭი იაფია... უცეცხლო თაფლი უზომოდ იაფია..."

ი-ში ჭურ-მა­რანი გა­რეთაა მოწყობილი, ცო­ტა შე­მაღლე­ბულ ადგილზე და გარშე­მო ხე­ე­ბითაა შე­მოჩრდი­ლული, რადგან ტე­ნიან ნი­ა­დაგი­ან რეგიონში შე­ნობაში ქვევრე­ბის ჩაყრა სა­ზი­ა­ნოა ღვინისთვის, უმზე­ო­ბა მას შმორის სუნსა და გე­მოს სძენს. არცთუ იშვია­თია ვა­ზის ტა­ლავე­რით დაჩრდი­ლული ჭუ­რისთა­ვი, რ-იც ჰერმე­ტულად იხურება. მას თავდაპირვე­ლად ხის ქერქის ოფი­ჭო ახურავს, შემდეგ ხის მრგვა­ლი სარქველი - ბადიმი აფა­რია, ბა­დიმზე ზე­მოდან აყა­ლო მიწაა მოტკეპნილი და ბო­ლოს ფხვი­ე­რი მი­წაა მოყრი­ლი. იქვე ჭუ­რთან ხის ან ქვის მა­რანია, რ-შიც ძირითა­დად ჭირნა­ხული ინა­ხება. არცთუ იშვია­თია სა­მი მხრი­დან და­ხურუ­ლი „პირღია" მარნე­ბი, რ-თა ფასადის მხა­რე ჭურისთა­ვისკენ ღი­აა. მარნის ძი­რითა­დი ატრი­ბუტია ყურძნის ფეხით და­საწუ­რი, ხში­რად ხის მო­რისგა­ნ გათლი­ლი საწნახელი. იყენებდნენ „გაკუთხულ", ანუ ორი­ვე მხრი­დან ბრტყლა­დ გათლი­ლ საწნახელსაც.

ი-ში მექვევრე­ო­ბის რამდე­ნიმე მნიშვნე­ლოვა­ნი კე­რა არსე­ბობდა. ასე­თებია: შრო­შა, ბოსლე­ვი, დიდწი­ფელა, ჩხი­რო­უ­ლი, ნავარძეთი... შროშა დღესაც ხალხური კერამიკული წარმოების უმნიშვნელოვანესი კერაა საქართველოში. ამ სოფლის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავარეს საქმიანობას მეთუნეობა წარმოადგენს. ჭურჭელს გლეხი მიწათმოქმედებისაგან მოუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს დარგი პროფესიულ დონემდე ჰქონდა აყვანილი და შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენდა.

საქართველოში პოპულარულია იმე­რული ყველი, რ-იც ძროხის რძისაგან მზადდებოდა. ტრადიციული იყო ი-დან გარე სამუშაოზე სიარული, რასაც მცირემიწიანობა განაპირობებდა. ამ მიზნით ისინი განსაკუთრებით ქართლისაკენ მიეშურებოდნენ.

ი-ში ხელოსნობისა და შინამრეწველობის რამდენიმე ცენტრი არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას სავაჭრო პუნქტების შესახებ (ქუთაისი, შორაპანი, ვარციხე და სხვ.). ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა „წიქვაძის ფონი", რ-იც სამტრედიიდან სამხრ.-აღმ-ით 3 კმ-ში მდებარეობდა. ეს რიონის ყურე იყო და ამ გვარს ეკუთვნოდა. აქ, მდ. რიონზე გამართული იყო „საქვემორო ნავები". „წიქვაძის ფონთან" დაკავშირებულ ვანის რაიონს და „მთის ძირის" მოსახლეობას აქ ჩამოჰქონდა სიმინდი, ლობიო, ნიგოზი, ხილი, ჩირი, ღვინო, შალი, თავშალი, რ-ებიც ხსენებული ნავებით გადაჰქონდათ ქერჩსა და თურქეთში. საქვემორო ნავების სიდიდეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მას 12 კაცი მართავდა. სავაჭრო ცენტრი XIX ს. 80-იან წლებამდე არსებობდა.

ცნობილია იმე­რული სტუ­მარმას­პინძლო­ბის წე­სები. იმე­რელი გლეხკა­ცი თავისი ქცევი­თაც გამოირჩეოდა. ბარონი დე ბაი ქუთაისში სტუმრობისას აღნიშნავდა, რომ „სტუმართმოყვარეობა ამ ქვეყანაში დიდი ყურადღებითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. იგი ღებულობს სიდიადის ორმაგ ხასიათს, რადგანაც აქ უცხოელებს პატივს სცემენ განსაკუთრებულად, მეტად მიმზიდველი თავაზიანობით. ამ მიღებაზე სტუმრებს ისე ეპყრობიან, როგორც დიდი ხნის მეგობრებს".

ი-ში მთელ რიგ აგრარულ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ. მაგ. ზემოიმერული კოხიჯრობა, რ-იც ამაღლების ორშაბათს ემთხვეოდა.

ძველად ი-ში წელიწადში ერთხელ თითქმის ყველა ოჯახი იხდიდა „სამხთო წირვას", რ-ის დროსაც ღმერთს ევედრებოდ­ნენ პურ-ღვინის ბარაქას. „საან­გელოზო ჭური" განკუთვნილი იყო ოჯახის მფარველი ანგელოზისათვის. ოჯახის ანგელოზის პატივსაცემად მსხვერპლის შე­წირვა ყოველწლიურად მაისის თვეში ხდებოდა. ამ დროს ოჯახებ­ში განსაკუთრებული მზადება იყო - აცხობდნენ ხაჭაპურებს, რ-შიც ყველთან ერთად დებდნენ ცხრა სახის ბოსტნეულს; კლავდნენ ქათმებს. კვერებს და ქათამს გობზე დააწყობდნენ. საღამო ხანს მამაკაცები ჭურთან მიდიოდნენ და მის გარშემო იჩოქებდნენ. ოჯახის უფროსი აიღებდა გობს ანთებული სანთლებით და იწყებდა ლოცვას. ოჯახის ანგელოზს შესთხოვდა ყოფილიყო მფარველი და დამცველი მისი ოჯახისა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ჭურს მოხდიდნენ და ღვინოს შესვამდნენ.

ქართული ტრადიციები ბუნებასთან, ლანდშაფტთან, კლიმატთან გლეხი კაცის შემოქმედებითი ურთიერთობის შედეგად ყალიბდებოდა. საამისოდ ი-ში (და, საერთოდ, დას. საქართველოში) ქალების შუბლზე წაკრული მოსახვევი შეიძლება დავასახელოთ. აქ ქალები, უმეტეს შემთხვევაში, შუბლშეხვეული, შუბლწაკრული საქმიანობდნენ. ქალებს ხშირად უწევდათ გარეთ გასვლა, ამიტომ, ზამთარში სითბოდან გახურებული შუბლით სიცივეში გასვლა თავის გაციებას და ტკივილს იწვევდა, ხოლო წა­კრული შუბლი სიცივის დროს სითბოს შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ზაფხულში კი, ცეცხლთან ტრიალის დროს თავს ზედმეტი სიმხურვალისაგან იცავდა.

ი-ში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ნათესაური ურთიერთობების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გვარი იყო. აქ გვარის საუკუნოვანი არსებობის დამადასტურებელია გვარის დანაყოფები, რ-ებიც მისი სეგმენტაციის შედეგადაა მიღებული. იმერეთში გვარის დანაყოფების აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი გვქონდა: ბაბუიშვილობა, საგნებელი (ანუ მისაგნებელი) გვარი და ბუნე (ბუნი). ი-ის სოფლებში ტრადიციულად გვარები და გვარის დანაყოფები უბნებად ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ერთი გვარის წარმომადგენელთა ერთმანეთზე დაქორწინება.

ი-ში კანონიკური ქრისტიანული სახელები იყო გავრცელებული, მაგრამ საისტორიო საბუთებით ირკვევა, რომ გვიანობამდე არქმევდნენ ძვ. ქართულ სახელებსაც. 1790-1803 ხონის საყდრის ბეგარის დავთარში გვხვდება შემდეგი სახელები: ახალკოჩა, ბუჭუელა (ბუჭუა), დედულა (დედულიკა), ლეკჲელა (ლეკჲა), მამისთუალა, მოზვერა. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, იმერეთშიც ნათლობის შემდეგ იყენებდნენ არაქრისტიანულ სახელებს და რადგან ხალხი მათ ამ სახელებით სცნობდა, საბუთებშიც მეტსახელებით შეჰყავდათ.

ი-ში ქართული საეკლ. არქიტექტურიდან აღსანიშნავია ბაგრატი­ს ტაძარი, გელათის მონასტერი, სადაც მოქმედებდა გელათის აკადემია, კაცხის სვეტი, კაცხის ტაძარი, მღვიმევის მონასტერი, უბისის მონასტერი და სხვ., საერო არქიტექტურიდან – გეგუთის სასახლე, რ-იც არა მარტო მეფეთა საზაფხულო რეზი­დენცია, არამედ სამონადირეო ცენ­ტრიც იყო.

ლიტ.: გ ა ბ უ ნ ი ა  ლ., მევენახეობა იმე­რეთში. – მასალები საქართველოს ეთნოლოგიისათვის, XVIII, თბ., 1975; გ ა ს ი ტ ა შ ვ ი ლ ი  გ., ხის დამუშავების კულტურა იმერეთში. – მასალები იმერეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1978; თოფჩიშვილი რ., საქარ­თველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; კაკაბაძე ც., შროშული კერამიკა (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), თბ., 1982; კ ა ხ ი ა ნ ი  კ., გლეხის კარმიდამო იმერეთში (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), თბ., 1964; რ უ ხ ა ძ ე  ჯ., ხანი იმერეთის ხევსურეთია, თბ., 1989; მ ი ს ი ვ ე, ხალ­ხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976; შ ა ვ ი ა ნ ი ძ ე  დ., ოკრიბა (ისტორიულეთნოგრაფიული ნარკვევი), ქუთაისი, 2005; ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე  ნ., მემინდვრეობა იმერეთში. – მასალები იმერეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1978.

რ. თოფჩიშვილი