გომარეთი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), გომარეთის (ისტ. ზურტაკეტის) პლატოზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., კაკლიანი, მამულა, ჩათახი). ზ. დ. 1380 მ, დმანისიდან 30 კმ. 976 მცხ. (2002). გ. ადრე შედგებოდა ორი სოფლისაგან – დიდი გომარეთისა და პატარა გომარეთისაგან. გაერთიანდა მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტ. განვითარების შესახებ 1999 მიღებული კანონის საფუძველზე. გ-ის მოსახლეობა ქართულია (გადმოსულია სხვადასხვა დროს ჯავახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, კახეთიდან და სამეგრელოდან). მიუხედავად მკაცრი ჰავისა, ზურტაკეტის პლატოზე და საკუთრივ გ-შიც ადამიანის ცხოვრების, მისი შემოქმედების კვალი უძველესი ხანიდან ჩანს. მოსახლ. უძველესი ნაკვალევი აქ დასტურდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ. – III ათასწლ.) დროიდან, ამასვე ადასტურებს ნეოლითური ხანის ცალკეული ნივთები, ენეოლითური ხანის ნამოსახლარი, ადრე ბრინჯაოს ხანის უდიდესი ყორღანები; აღსანიშნავია გვიანდ. ბრინჯაოს – ადრე რკინის ხანის სამაროვნები (ორმოსამარხები); ადრეანტიკური და ელინისტური ხანის სამარხები (ქვაყუთები, ორმოსამარხები); მშრალი წყობით (ციკლოპური) ნაგები სხვადასხვა დროის კედლები; ადრე და შუა ფეოდ. ხანის საკულტო-მემორიალური დანიშნულების ძეგლები (ქვასვეტი); განვითარებული და გვიანდ. ფეოდ. ხანის ბევრი ეკლესია, მონასტერი, ციხე და სოფელი, ნაეკლესიარი, ნაციხარი, ნასოფლარი, ნაქალაქარი, ნაწისქვილარი. შუა საუკ. მატერ. კულტ. ძეგლების სიმრავლით გ. და მისი შემოგარენი ყველაზე მდიდარია ზურტაკეტის პლატოს სხვა სოფელთა შორის. ეს ძეგლებია სხვადასხვა სახისა და დროის დარბაზული ეკლესიები. აქ თავმოყრილი ქვასვეტებიდან ბევრი სხვადასხვა ადგილიდანაა გადმოტანილი. დიდ გომარეთში 5 ეკლესიაა: ერთი XIII–XIV სს. წმ. გიორგის პატარა დარბაზული ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი ქვით (ერთგან ძვ. სტელის ფრაგმენტია ჩაყოლებული). გადახურულია ქვისავე ფილებით (ლორფინებით), იატაკი კირის ხსნარით შედუღაბებული ქვისა აქვს. ძვ. კანკელის ადგილზე სხვადასხვა დროის მოხატულობით, ასომთავრული და მხედრული წარწერებით შემკული გვიანდ. ხანის ხის კანკელია. ეკლესიას ჩრდ-ით მთელ სიგრძეზე აქვს გვიანდ. მინაშენი, რ-იც ეკლესიას ორი თაღით უერთდება. მინაშენზე სამრეკლოს ოთხსვეტიანი ფანჩატურია აღმართული. სამხრ. კარის ბალავარზე ჯვარია ამოკვეთილი, წარწერები გადაშლილია. მინაშენის ჩრდ. კარის თავზე ამხედრებულ წმ. გიორგის რელიეფს აქვს ასომთავრული წარწერა.
სარკმლის ჩარჩოები მოჩუქურთმებულია. მეორე, ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია სოფლის შუაგულში აგებულია 1014–22, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შემოსილია მოყვითალო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ჩუქურთმით მოჩარჩოებულ ბალავრის ქვაზე, ამოკვეთილია ჯვარი და ასომთავრული წარწერები, ერთერთში მოხსენიებულია ლიპარიტ ერისთავთერისთავი და შვილნი მისნი, მეორეში – გიორგი აფხაზთა მეფე და ეკლესიის მაშენებელი „მიქელ ხუც კალატოზი". წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესიის ბალავარი დაუდევთ მაშინ, როდესაც ზვიად მარუშიანი შეიპყრო გიორგი აფხაზთა მეფემ (გიორგი I-მა). ეს ფაქტი სხვა ქართ. წყაროებში არ დასტურდება. ბალავრის აღმ. ნაწილის რელიეფზე ამოკვეთილია გველეშაპის პირიდან გამომავალი იონა. იქვე არის აგრეთვე ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. მესამე, დარბაზული ეკლესია „სიხუაანთ საყდარი" (აგებულია 1034) შემოსილია უხეშად დამუშავებული ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის ბალავარზე გამოსახულია ჯვარი და ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები, სადაც მოხსენიებულია ლიპარიტ ერისთავთერისთავი და მისი შვილები. მეოთხე, „ყიფიანთ საყდარი", დარბაზული ეკლესია, XII–XIII სსით თარიღდება. ნაგებია სუფთად გათლილი ქვით. გადახურულია ლორფინებით. სამხრეთის ერთადერთი კარის ბალავარზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ფასადის დას. ნაწილში XVII– XVIII სს. მხედრული წარწერაა (რესტავრ. 2007). მეხუთე, ნატეხი ქვით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია, ერთიანად დაქცეულია. პატარა გომარეთის განაპირას დგას ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანდ. მინაშენი ეკვრის. ეკლესიის სამხრ. კარის არქიტრავის ასომთავრული წარწერის მიხედვით იგი აგებულია XI ს. I ნახევარში ლიპარიტ ერისთავთერისთავის მიერ. კედლები, აფსიდი და ცილინდრული კამარა ნაგებია კარგად გათლილი ქვით. პილასტრების კაპიტელები მარტივადაა პროფილირებული. ინტერიერში შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. აღმ., სამხრ. და დას. კედლებში თითო სარკმელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის კვადრებით. მორთულობიდან აღსანიშნავია აფსიდის სარკმლის პროფილირებული თავსართი. ეკლესიებით მდიდარია გ-ის მიდამოებიც. ისინი ყველა ერთნავიანია, მათგან აღსანიშნავია: VIII–IX სს. ბრტყელაფსიდიანი წმ. კვირიკეს ეკლესია კვირიკეთის მთაზე (ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მთას სახელი ეწოდა წმ. კვირიკეს ეკლესიის გამო); ჭოჭიანის ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.); მეორე ეკლესია ჭოჭიანში (ცნობილია როგორც თამარის სამწირველო, შუა საუკუნეები), რ-ის სამხრ. კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი. აღმ. ფასადზე ჩასმულ ფერად ქვაზე ასომთავრული წარწერაა: „თამარ ღმრთისა სწორის სამლოცველო". აქვეა XVIII ს. ეკლესია, თეთრი საყდარი, XI ს. წმ. ნიკოლოზის ეკლესია. სოფლის მიდამოებში მდებარეობს განვითარებული შუა საუკ. შოშილეთის ეკლესია და გვიანდ. სამრეკლო, მონასტერი „ლამაზი საყდარი", კომპლექსი ეგრისი. გ. მდიდარია საკულტო მემორიალური ძეგლებით (VI–IX სს. ქვასვეტები, ქვაჯვრები და ქვაკაცები). სოფლის წივილაანთ უბანში, მცირე ბორცვზე, შეკრებილია მოზრდილი სტელების ფრაგმენტები, რ-ებზეც რელიეფურად გამოყვანილია მცენარეული ორნამენტები.
ლიტ. : მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. I, თბ., 1977; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972; რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994; Т а к а й ш в и л и Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.
ნ. ალხაზიშვილი
დ. ბერძენიშვილი
პ. ზაქარაია