იმერული ბალიშა ცრუფარიანა (Neopulvinaria imeretina), მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ვაზისა და სხვა მცენარეების მავნებელია. პოლიმორფული სახეობაა. ზრდასრული, სქესობრივად მომწიფებული დედლის სხეული მოგრძო ოვალურია, სიგრძით 3–11 მმ, ჭრელია, კვერცხის დების პერიოდში გამოყოფს თეთრ საკვერცხე ჩანთას (ოვისაკს).
ი. ბ. ც. საქართველოში ვაზის საშიში მავნებელია. ცრუფარიანას მატლები და ახალგაზრდა დედლები ვაზის ფოთლის ზედა და ქვედა მხარეს, მტევნის კლერტზე, ყუნწზე, მწვანე ყლორტზე, პწკალზე სახლდებიან; ფოთლები ხმება და ცვივა, ყლორტი და მტევანი არანორმალურად ვითარდება, კლერტი ჭკნება და ნაყოფი ზრდადაუმთავრებელი რჩება. მწერის ტკბილ, წებოვან გამონაყოფზე საფროფიტი სოკო ვითარდება, რ-იც ვაზის მწვანე ნაწილებს შავი ფიფქით ფარავს და ყურძნის ხარისხს აუარესებს.
ი. ბ. ც. 1955 პირველად აღწერეს საქართველოში (კერძოდ, იმერეთში), შემდეგ – საფრანგეთსა და იტალიაში. მის მოსასპობად იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს, რ-ებსაც შემოდგომაზე ასხურებენ მცენარეს. კარგ შედეგს იძლევა კვერცხის დების პერიოდში მავნებლის მექანიკური გასრესაც.
ე. აბაშიძე
ზ. ჰაჯიბეილი