ინაშვილი ალექსანდრე (სანდრო) იობის (იოველის) ძე [11(23). VIII. 1887, თბილისი, – 4. VI. 1958, იქვე], მომღერალი (ბარიტონი), ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. და სსრკ სახ. არტისტი (1950).
თავდაპირველად მღეროდა ა. კავსაძისა და ნ. სულხანიშვილის ქართ. ხალხური სიმღერის გუნდებში. 1912-იდან გამოდიოდა თბილ. სახალხო თეატრის სპექტაკლებში (ხელმძღვ. ს. ევლახიშვილი), იმღერა ტორეადორის (ჟ. ბიზეს „კარმენი"), რიგოლეტოს და ჟერმონის (ჯ. ვერდის „რიგოლეტო" და „ტრავიატა"), ფიგაროს (ვ. ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება") პარტიები.
1916 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი (ე. რიადნოვის კლასი), 1917-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო.
1923 ი. ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და ვ. სარაჯიშვილის დახმარებით იტალიაში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ე. ჯირალდონისთან. 1923–25 წარმატებით გამოდიოდა იტალ. და ესპანურ საოპერო თეატრების სცენებზე. 1926–32 მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრისა და ლენინგრადის საოპერო თეატრის სცენებზე.
1933 დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა თბილ. ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და სოლისტად. ხავერდოვანი ტემბრის ხმისა და ბრწყინვალე აქტიორული ნიჭის წყალობით შექმნა შესანიშნავი ვოკალურ-სცენური სახეები ქართ. და უცხ. ოპერებში, რ-თაგან აღსანიშნავია: მურმანი და კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", „დაისი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), აბდულ-არაბი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე" – იყო ამ პარტიის პირველი შემსრულებელი), ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ფიგარო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი"), ბორის გოდუნოვი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), დემონი (ა. რუბინშტეინის „დემონი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს „ფაუსტი"), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი"), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა") და სხვ.
ი. ეწეოდა საკონცერტო, სარეჟისორო და პედ. მოღვაწეობასაც. დადგა ოპერები: ჯ. ვერდის „აიდა" და პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი". მისი მოწაფეები არიან მ. ამირანაშვილი, თ. ზაალიშვილი, პ. თომაძე, შ. კიკნაძე, ი. შუშანია და სხვ.
ლიტ.: კ ა შ მ ა ძ ე შ., სანდრო ინაშვილი, თბ., 1948; მ ჭ ე დ ლ ი ძ ე დ., ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968.
მ. გედევანიშვილი