ინგლისი (England), ოფიციალური სახელწოდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (The United Kingdom of Great Britain and Northern Ireland), რომელსაც შემოკლებით დიდ ბრიტანეთს ან ინგლისს უწოდებენ, შეიქმნა 1707 ი-ისა და შოტლანდიის პარლამენტების გაერთიანებისა და 1800 მასთან ირლანდიის შეერთების შედეგად. 1921 გაერთიანებულ სამეფოს გამოეყო კ. ირლანდიის დიდი ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო; სამეფოს შემადგენლობაში დარჩა მხოლოდ ჩრდ. ირლანდია. გაერთიანებული სამეფო არის კონსტიტუციური მონარქია (სამეფო დინასტიის სახელია უ ი ნ ძ ო რ ი), რ-საც მართავს მაჟორიტარული საარჩევნო წესით არჩეული პარლამენტი; მთავრობას ქმნის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი.
გაერთიანებული სამეფო განლაგებულია კ. დიდ ბრიტანეთზე, კ. ირლანდიასა და 6 ათასამდე მომცრო კუნძულზე. მას გარს ეკვრის ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთის ზღვა და ლა-მანშის სრუტე. 1994-იდან წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბის მეშვეობით იგი უკავშირდება ევროპის კონტინენტს.
გაერთიანებული სამეფოს მთავარი შემადგენელი ნაწილის, ი-ის, ფართობია 130,4 ათასი კმ², მოსახლეობა 53 მლნ. (2011), ხოლო მთელი გაერთიანებული სამეფოს ფართობია 224 ათასი კმ², მოსახლეობა – 63 მლნ., დედაქალაქი – ლონდონი (8,4 მლნ. მცხ.).
XVIII ს-ში ი-ში დაიწყო მსოფლიოში პირველი „სამრეწველო რევოლუცია“, რასაც მოჰყვა ქვეყნის სწრაფი ეკონ. განვითარება და XIX ს-ში გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. მძლავრი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეშვეობით მან შექმნა დიდი კოლონიური იმპერია, რ-იც მოიცავდა ინ დოსტანის ნ.-კ-ს, სამხრ.-აღმ. აზიის ნაწილს, ავსტრალიის კონტინენტს, ახალ ზელანდიას, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის ნაწილებს, სადაც გავრცელდა ინგლისური ენა და, ზოგან, პოლიტ. მართვის ბრიტანული სისტემა.
XX ს-ში გაერთიანებული სამეფო ჩაბმული იყო ორ მსოფლიო ომში, საიდანაც სამხედრო თვალსაზრისით გამარჯვებული, მაგრამ ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა. 1947-იდან ოციოდე წლის განმავლობაში მისი კოლონიური იმპერია დაიშალა, მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფო დღემდე ფლობს მძლავრ ეკონომიკას, რ-იც მსოფლიოში სიდიდით მეექვსეა, ხოლო ევროპაში – მესამე.
გაერთიანებული სამეფო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრთა შორის ერთ-ერთია; 1949-იდან ის ნატოს წევრია; 1973-იდან ევროპული კავშირის წევრი. 2016 ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა (Brexit). თავისი ყოფილი კოლონიების უმრავლესობასთან ერთად იგი ქმნის „თანამეგობრობას" (Commonwealth).
ინგლისი და საქართველო. 1920 წ. 10 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ დე ფაქტო ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო 1921 იანვარში დე იურე აღიარა იგი, თუმცა საქართველო და დანარჩენი სამხრ. კავკასია არ შედიოდა იმდროინდელი მსოფლიო ჰეგემონის, გაერთიანებული სამეფოს, პოლიტ. და ეკონ. ინტერესების სფეროში. საქართველოში მყოფი უკანასკნელი ბრიტანული სამხედრო ნაწილები ბათუმიდან გაემგზავრნენ 1920 წ. 9 ივლისს, იმავე წლის 16 დეკემბერს საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაბლოკეს ერთა ლიგაში საქართველოს მიღება. 1921 წ. 16 მარტს ხელი მოეწერა ბრიტანულ-რუსულ სავაჭრო ხელშეკრულებას, რ-ის თანახმად რუსეთი არ ჩაერეოდა ბრიტანეთის ინდოეთის საქმეებში, ხოლო სანაცვლოდ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არ ჩაერეოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი იმ ქვეყნების საქმეებში, რ-ებიც 1918-იდან დამოუკიდებლები გახდნენ. ამან გააადვილა საბჭ. რუსეთის ექსპანსია ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე, მ. შ. საქართველოში. ამ პერიოდის ქართულ-ბრიტანული კავშირები მნიშვნელოვანწილად და-ძმა ო. და მ. უორდროპების სახელს უკავშირდება (იხ. უორდროპი მ. ს. და უორდროპი ო.).
1992 გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდა იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, რ-ებმაც საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს და სრული დიპლომ. ურთიერთობა დაამყარეს მასთან. თბილისში გაიხსნა გაერთიანებული სამეფოს საელჩო, ხოლო ლონდონში – საქართველოს საელჩო. წარმატებით ვითარდება ორმხრივი პოლიტ., სავაჭრო-ეკონ. და ჰუმანიტარული ურთიერთობები. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში, შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის საქმეში. გაერთიანებული სამეფო საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში თანამშრომლობს საერთაშ. და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ბრიტანელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში ევროპული კავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობაში. გაერთიანებული სამეფო ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და მისი შემადგენელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის), დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ერთგულია. ის მაქსიმალურ დახმარებას უწევს ქართულ დიპლომატიას საერთაშ. არენაზე. ქართული სამხ. კონტინგენტი ბრიტანელი ჯარისკაცების მხარდამხარ მოქმედებდა ერაყსა და ავღანეთში. დიდი ბრიტანეთი რეგულარულად მონაწილეობს საქართველოში დაგეგმილ მსხვილ სამხედრო წვრთნებში, როგორიცაა Noble Partner და Agile Spirit.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ორმხრივი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის, განათლების, კულტურის, საპარლამენტთაშორისო და სხვა სფეროებს. XXI ს. დასაწყისში დინამიკურად განვითარდა დარგობრივი თანამშრომლობა, რამაც განაპირობა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა.
2014 საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივ პოლიტიკურ ფორმატს – „უორდროპის დიალოგს", რ-იც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. 2016 ორმხრივი ფორმატი თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ეწოდა.
ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს ინტერესების წარმოჩენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოსთან მეგობრობის ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფი.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობას უძღვება ბრიტანეთის საბჭო (British Council), რ-იც მდებარეობს თბილისში და საქართველოს მასშტაბით ახდენს მთელი რიგი კულტ.-საგანმან. პროგრამების ადმინისტრირებას. აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგანმან. დაწესებულებები როგორც სასწავლო, ასევე სამეცნ.-კვლევითი მიმართულებით.
საქართველოში ოც წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმი", რ-იც დღეისათვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს მსოფლიო კლასის ენერგოტრანსპორტირებასა და საწვავის მიწოდების საქმიანობით.
აქტიურია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა. დამეგობრებული ქალაქებია თბილისი–ბრისტოლი, ქუთაისი–ნიუპორტი, ახალციხე – ნიუქასლი.
ლიტ.: გ ა ჩ ე ჩ ი ლ ა ძ ე რ., გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა, თბ., 2016.
რ. გაჩეჩილაძე