იოანე ბერაი

იოანე ბერაი

იოანე ბერაი, X ს. ­ქარ­თვე­ლი კალიგრაფი. აღიზარდა და მოღვაწეობდა შატბერდის მონას­ტერში. პარხლის ­ოთხთავისა და შატბერდის კრებულის გადამწერი.

პარხლის ოთხთავი (22,9 სმ × 19,9 სმ, 259 ფურცელი, ეტრატი) გა­და­წე­რი­ლია 973. ნაწერი შესრულებულია მრგლოვანით, ორ სვეტად, სეპიის (ღია ყავისფერი) ფერი მელნით. ყოველი თავის დასაწყისში სინგურის სათაურები და ინიციალებია, ხოლო თავსა და ზოგიერთი მუხლის ბოლოს – სინგურისავე წვრილი ჯვრებია, რი­თაც კალიგრაფი ხელნაწერს უფრო საზეიმო იერს ანიჭებს.

შატბერდის კრებული (973–976) განსაკუთრებით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგლია თავისი მდიდარი შინაარსის გამო. იგი შეიცავს უძვირფასეს ქართულ საისტ. წყა­როს – „ქართლის მოქცევის" მატიანეს, გრიგოლ ნოსელის, ეპიფანე კვიპრელისა და ბასილი კესარიელის თხზულებებს, დავითის ფსალმუნებს და სხვ. იგი საშუალო ზომის სქელი წიგნია (28,0 სმ. × 22,0 სმ, 286 ფურცელი, ეტრატი). კრებულის 126 ფურცელი ასომთავრულითაა გა­და­წე­რი­ლი ორ სვეტად, ყავისფერი მელნით და ერთი ხელითაა შესრულებული. შემდეგ ნუსხური უშუალოდ აგრძელებს მთავრულს. აქ სამი ხელი გაირჩევა (ალბათ, ამ ნაწილის გადაწერაში იოანეს ძმა და ბიძა – მიქაელ მოდრეკილი – მონაწილეობდნენ). შატბერდის კრებულის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა.

ი. ბ. თავისი დროის შე­სა­ნი­შნა­ვი კალიგრაფი იყო.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქარ­თველი ოსტატები, თბ., 1967.

ვ. ბერიძე