იოანე მესვეტე, XI ს. ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა ჭყონდიდში (მარტვილი). 1031 გადაწერა ჰაგიოგრაფიული კრებული. 1050 მონაწილეობდა მარტვილის ოთხთავის გადაწერაში. ჰაგიოგრაფიული კრებ. (17, 3 სმ × 12,2 სმ, 117 ფურცელი) ნაწერია ყავისფერი მელნით ერთ სვეტად, კუთხოვანი ნუსხურით. ასოები ნუსხურისთვის ძალიან მსხვილია. სინგურით ნაწერი სათაურები მთავრულია. წიგნის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა. მარტვილის ოთხთავის (29 სმ×19 სმ, ეტრატი) მეორე ნაწილიც (133 ფურცელი) ი. მ-ს ეკუთვნის. ნაწერია ნუსხურით ორ სვეტად, სეპიისფერი მელნით. გადაწერაში ვინმე არსენიც მონაწილეობდა, შესაძლებელია, მოჩუქურთმებული საზედაო ასოები მისი შესრულებული იყოს.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; შ მ ე რ ლ ი ნ გ ი რ., ქართულ ხელნაწერთა მორთულობის ნიმუშები (ალბომი), თბ., 1940.
ვ. ბერიძე