იოანე მთაწმიდელი

იოანე მთაწმიდელი

იოანე მთაწმიდელი, იოანე ა თ ო ნ ე ლ ი (დაახლ. 920–1005), ქარ­თვე­ლი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი; ერისკაცობაში – სამცხის ერთ-ერთი დიდებული – ვარაზ - ვაჩე  ჩ ო რ დ ვ ა ნ ე ლ ი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში მოღვაწეობდა ოლიმპის მთაზე, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი ­შვი­ლიც, შემდეგ­ში ექვთიმე მთა­წმიდელი. 965 ექვთიმესა და რამ­დე­ნი­მე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ­ქართვ. ბერებმა თავდაპირველად იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ კი დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რ-ის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იყო ი. მ. ცნობილია მისი განსაკუთრებული როლი ათონის სამწიგნობრო კერის საქმიანობაში. ეწეოდა ფართო ორგანიზაციულ საქმიანობას, ზრუნავდა ათონზე ქართველთა საძმოს გაფართოებისა და სამონასტრო კომპ­ლექსის შემდგომი გაძლიერებისთვის, ყიდულობდა დომენებს. ყოველივე ამით მან კეთილგანწყობა მოიპოვა როგორც ქართველთა, ისე ბერძნული ლავრის წევრებს შორის, უზრუნველყოფდა ქართული მონასტრების მკვიდრთა კეთილმეზობლურ ურთიერთობას ბერძნულ და ლათინურ მონასტრებთან. ი. მ. ცდილობდა ივირონის (ივერთა) საეკლ.-სამონასტრო ცხოვრების მიმართ ფართო ინტერესის გაღვივებას ბიზანტიის ხელისუფალთა და სხვა ბერძენ მოღვაწეთა შორის. იმპერატორების – ნიკიფორე ფოკას, იოანე ციმისხის და ბასილი II-ის – ოქრობეჭდებით ი. მ-მა საკმაოდ შთამბეჭდავი მატერიალური დახმარება მიიღო, რ-იც ათანასე დიდის ლავრისა და ქართველთა მონასტრების კეთილდღეობას მო­ახმარა.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ათონის ­ბერძნ. ლავრის დამაარსებლისა და წინამძღვრის, ათანასე დიდის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იოანე ათონელთან, რაც იყო ­ბერძნ. საძმოს პატივისცემის გამოვლენა ათონის პირველი ­ქართვ. მოღვაწეების მიმართ. ამ დაფასების დადასტურებაა ისტ. მნიშვ­ნე­ლობის მქონე დოკუმენტი „სამადლობელი იბერიელთა მიმართ", რ-იც 984 ათანასე დიდმა მიუძღვნა იოანე იბერს, და მისი სა­ხით, მთელ ქართველ საძმოს (ივირონის არქივი, N6), „სამადლობელს" ხელს აწერდნენ ათანასე დიდი და ათონის სხვა მონასტრების ცნობილი მოღვაწენი. ამ დოკუმენტის ­ბერძნ. ტექსტის ქართ. თარგმანი ორჯერ არის გამოქვეყნებული (გეორგიკა, VIII, ს. ყაუხჩიშვი­ლის გამოც., თბ., 1970; ე. ჭე­ლი­ძე, წმ. ათანასე ათონელი, სამადლობელი იბერიელთა მიმართ, წგ.: მუშაკი სულიერისა ვენახისაჲ, მიძღვნილი მ. ქავ­თარიას 80 წლის იუბილესადმი, თბ., 2012). ათანასე დიდმა თავისი ანდერძით ­ქართვ. ბერი ბერძენთა დიდი ლავრის ეპიტროპად (წინამძღვრად) დანიშნა. ამავე ანდერძით ი. მ-ის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობა მის შვილს, ექვთიმეს, გადაეცემოდა.

ი. მ-ის უპირველესი ­ზრუნვის საგანი სკრიპტორიუმების შექმ­ნა და განვითარება იყო. სამონასტრო კერის სამწერლობო ცენტრად ჩამოყალიბებაში მნიშვნელო­ვა­ნი როლი შეასრულა მისმა კულტ.-საგანმანათლებლო პროგრამამ. სკრიპტორიუმებზე ზრუნვა, უპირ­ველეს ყოვლისა, გამჟღავნდა იმით, რომ იოანემ თავისი ­შვი­ლი ექვთიმე განსწავლა ქართ. და ­ბერძნ. მწერლობაში და ­ბერძნ. სას. ძეგ­ლე­ბის ქართ. ენაზე თარგმნის გრანდიოზული პროგრამა დაუსახა მიზნად. ი. მ-ის ღვაწლი ქართ. ენაზე თარგმნისა და ქართ. ხელნაწერების შექმნაში ყველაზე მეტად გამჟღავნებულია მეტატექსტებში, ანუ ათონზე გადა­წე­რი­ლი ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებში. მათში იოანე ჩანს როგორც უაღრესად განსწავლული ღვთისმეტყველი, რ-ის მსჯელობები უზუსტესი ტერმინოლოგიით არის გაჯერებული და მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ურთულეს სა­ღვთის­მე­ტყვე­ლო მოძღვრებას. ექვთიმეს მიერ თარგმნილი ძეგ­ლე­ბის ანდერძ-მინაწერებში ექვთიმეს გვერდით იხსენიებენ იოანეს. ამის ნათელი მაგალითია ექვთიმეს მიერ თარგმნილი ბასილი დიდის „სწავლათა" უძველესი ხელნაწერი (Ath. 32, 977).

ი. მ-ის დამსახურებას ათონის სამონასტრო კერის დაფუძნებასა და გაძლიერებაში თანამედროვეთა მხრივ სათანადო აღიარება მოჰყვა. მასზე შეიქმნა საგალობლები [„ათონის კრებულის" (XII ს. I ნახ.) მეორე რედაქციაში შესულია ორი საგალობელი], ეპიგრამები. იოანესა და სხვა ათონელი მოღვაწეების ხსოვნის აღსანიშნავად XVIII ს. I ნახ. ანონიმმა ავტორმა დაწერა იოანეს, ექვთიმესა და გიორგი მთაწმიდელების „ცხოვრება" ­ბერძნ. ენაზე (­ბერძნ. ტექსტი თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა მ. მაჩხანელმა, თბ., 1982).

ი. მ-ის მოღვაწეობის დადასტურებაა ექვთიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილი ცნობილი ეგზეგეტიკური თხზუ­ლე­ბა – იოანე ოქროპირის „მათეს თავის თარგმანება", რ-შიც ნათლად იკვეთება იოანეს შემოქმედებითი ლიტ.-მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხასიათი, მისი როლი თხზუ­ლების თარგმნაში.

ი. მ-ის ზრუნვა მონასტერსკრიპტორიუმებზე, მისი კულტ.- საგანმან. მისია ­ქართვ. ერისა და სა­ხელმ­წი­ფოს წინაშე შეფასებულია ათანასე დიდის სიტყვებით „სამადლობელიდან“: იოანე ათონელი იყო შემოქმედი „მრავალრიცხოვანი, შეუდარებლად დიდი და წარმოდგენაზეც აღმატებული საქმეებისა".

წყა­რო: გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, გამოსაცემად მოამზადა ივ. ჯავახი­­შვილმა, რედ. ა. შა­ნი­ძე, თბ., 1946.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ეტიუდები ძველი ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1945; მ ე ნ ა ­ ბ დ ე  ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ე., ნარკვევები ათონის კულტურულსაგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე  ე., ათონის ლიტერატურული სკოლა და ახალი მხა­ტვრული სტილი ქართულ აგიოგრაფიაში, ათონის სა­ღვთის­მე­ტყვე­ლო-ლიტერატურული სკოლა, თბ., 2013.

მ. რაფავა