იოფე მიხეილ სიმონის ძე (დ. 21. XI. 1925, ხარკოვი, უკრაინა), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1983). თეატრ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს ხარკოვის ტ. შევჩენკოს სახ. თეატრში. 1966-იდან, 30 წლის განმავლობაში, იყო თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. თეატრის წამყვანი მსახიობი. ი. არის ფართო დიაპაზონის მსახიობი, გარდასახვის დიდოსტატი. მისი სამსახიობო ტექნიკა გამოირჩევა შესრულების რეალისტური მანერით. ი. საქართველოს მეორე სამშობლოდ თვლის. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტისაფენი (გ. გორინის „ჰეროსტრატეს დავიწყება"), როდიონი (ა. არბუზოვის „ძველმოდური კომედია"), პოლიცმაისტერი (ა. სუხოვო-კობილინის „ტარელკინის სიკვდილი"), იუსოვი (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი"), ბარონი მიუნჰაუზენი (გ. გორინის „შემწვარი ბატის გაფრენა") და სხვ.
გადაღებულია ქართ. ფილმებში: „მერცხლები და ბეღურები" (რეჟ. დ. ურუშაძე, 1991), „ომი ყველასათვის ომია" (რეჟ. დ. აბაშიძე, 1990), „წარსული მუდამ ჩვენთანაა" (რეჟ. გ. მგელაძე, 1989), „ორომტრიალი" (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1986) და სხვ. 1964–66 ი-მ ლუგანსკის საოლქო დრამატულ თეატრში დადგა ა. რანეტის „ძე ცდომილი", დ. მედვედენკოს „ქვა გზაზე" და სხვ.
ი. არის საქართვ. თეატრ. საზ-ბის პირველი პრემიის ლაურეატი.