გომართელი ამირან იოსების ძე

გომართელი ამირან იოსების ძე (დ. 11. VIII. 1946, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998). 1969 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი. 1973–2006 იქვე კითხულობდა ლექციებს. 1973–89 მუშაობდა უახლესი ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრაზე, 1989–2006 იყო ქართ. ენისა და ლიტ-რის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, 1997–2006 – ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი. 1999-იდან რედაქტორია ფილოლ. ფაკ-ტის ალმანახისა „ლიტერატურა და სხვა". გ-მა არაერთი წერილი მიუძღვნა XIX–XX სს. ქართ. მწერლობას, მ. შ. აღსანიშნავია „ქართული სიმბოლისტური პროზა" (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). წიგნისათვის „ჭირთა თქმა სჯობს" (1985) გ-ს მიენიჭა ნ. ლორთქიფანიძის სახ. პრემია (1986). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).