გომბეშო (Bufo), უკუდო ამფიბიების გვარი გომბეშოსებრთა ოჯახისა. ამ გვარის 304 სახეობა გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: მწვანე გ. და ჩვეულებრივი გ. მწვანე გ.(Bufo viridis) ფართოდაა გავრცელებული. ბინადრობს ნაირგვარ ბიოტოპში, მ. შ. მშრალ ადგილებში, რ-იც არახელსაყრელია სხვა ამფიბიებისათვის. მისი სხეულის სიგრძე 14 სმ-მდე აღწევს. ზემოდან ღია რუხი ან წენგოსფერია, დიდი მუქი მწვანე ლაქები (ხალები) აქვს. ცხოვრობს ხმელეთზე. წყალსატევებში ჩადის მხოლოდ გამრავლების პერიოდში, სადაც ყრის ქვირითს გრძელი თასმის სახით. საკვების მოსაპოვებლად გამოდის შებინდებისას და ღამე. იკვებება ხმელეთის უხერხემლო ცხოველებით. ზამთრის ძილქუშს ატარებს მღრღნელების სოროებში, ორმოებში, ქვების ქვეშ, ფხვიერ მიწაში.
კავკასიური გ. (Bufo verucosissimus), გავრცელებულია დას. საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, ფშავის არაგვის ხეობასა და ლაგოდეხში. ბინადრობს ტყეში, ბაღებში, ბუჩქნარებში. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ -მდე აღწევს. მსხვილია, ზემოდან მურა ფერის ან ერთფეროვანი, აქვს მუქი ლაქები. იკვებება უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებითაც. ორივე სახეობას კარგად აქვს განვითარებული შხამიანი ჯირკვლები – პაროტიდები, რ-ებიც ადამიანისათვის საშიში არ არის. მთაში გვხვდება ზ. დ. 3000 მ -მდე.
მ. ბაქრაძე