იპოლიტოვ-ივანოვი (ი ვ ა ნ ო ვ ი) მიხეილ მიხეილის ძე [7(19). XI. 1859, გატჩინა, – 28. I. 1935, მოსკოვი], რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზ. მოღვაწე. რფ. სახ. არტისტი (1922). 1882 დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ნ. რიმსკი-კორსაკოვის საკომპოზიტორო კლასი).
1882–93 ცხოვრობდა თბილისში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. პროფ. მუს. კულტურის განვითარებაში. იყო „რუსული მუსიკალური საზოგადოების" საქართვ. განყ-ბის და თბილ. სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელი (ასწავლიდა მუს. თეორიასა და ისტორიას). შემდგომში ამ სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა თბილ. კონსერვატორია, რ-ის დირექტორი და პროფესორი იყო 1924–25. მისი მოწაფეები იყვნენ ზ. ფალიაშვილი და დ. არაყიშვილი.
ი.-ი-ის მეცადინეობით თბილისში ეწყობოდა სიმფონიური მუსიკის კონცერტები, რ-საც თვითონ დირიჟორობდა. 1884–93 თბილ. ოპერის თეატრის დირიჟორი იყო. აქვე წარმატებით გამოდიოდა მისი მეუღლე, მომღერალი ბ. ზარუდნაია.
ი.- ი. იყო ქართ. მუს. ფოლკლორის ერთ-ერთი პირველი შემკრები და გამომცემელი. ქართ. ხალხ. მელოდიების, მ. შ. ძვ. თბილისის სიმღერების კვალი ნათლად ჩანს მის შემოქმედებაში.
თბილისური ცხოვრების პერიოდის ანარეკლია მისი ნაწარმოებები: სიუიტები – „კავკასიური ესკიზები" (1884), „ივერია" (1895); სიმფონიური პოემა „მწირი" (1924). მასვე ეკუთვნის ოპერები „რუთი" (1887), „აბრა" (1890), „ასია" (1900) (სამივე დაიდგა თბილისში), „ღალატი" (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით, დაიდგა თბილისში რამდენჯერმე, პირველად 1910, იმავე წელს მოსკოვში), კამერულსაკრავიერი ანსამბლისათვის "საღამო საქართველოში" (1934), ქართვ. პოეტების ტექსტებზე შექმნილი მთელი რიგი საგუნდო და სოლო სიმღერები. ავტორია ნარკვევისა „ქართული ხალხური სიმღერა და მისი სადღეისო მდგომარეობა" (1895), მასში შეტანილია 12 ხალხ. სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით (უპირატესად ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები), აგრეთვე დაუმთავრებელი ოპერა „ნესტან-დარეჯანი".
ი.-ი-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართ. საეკლ. საგალობლების ნოტებზე გადატანაში.
1893 ი.-ი. საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოღვაწეობდა როგორც დირიჟორი. 1922 იყო სრულიად რუს. მწერალთა და კომპოზიტორთა საზ-ბის თავ-რე, 1893-იდან – მოსკ. კონსერვატორიის პროფესორი, 1905–18 – დირექტორი, 1919–22 – რექტორი.