ირანი, ირანის ისლამური რ ე ს პ უ ბ ლ ი კ ა (ჯომჰურიე ესლამიე ირან, 1935-მდე ქვეყნის ოფიციალური სახელი – სპარსეთი. იხ. სპარსეთი და საქართველო); სახელმწიფო სამხრ.-დას. აზიაში. ჩრდ-ით აკრავს კასპიის ზღვა, ესაზღვრება სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი, დას-ით – თურქეთი და ერაყი, აღმ-ით – ავღანეთი და პაკისტანი, სამხრ-ით – სპარსეთისა და ომანის ყურეები. ფართ. 1,65 მლნ. კმ², მოსახლეობა – 79,93 მლნ. კაცი (2016). სახელმწ. ენა – სპარსული (ფარსი), სახელმწ. რელიგია – ისლამი (შიიტური). დედაქალაქი – თეირანი. სახელმწიფოს მეთაური – სულიერი ლიდერი აიათოლა საიდ ხამენეი; პრეზიდენტი – ჰასან რუჰანი (2017). საკანონმდებლო ორგანო – მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი). ფულის ერთეული –რიალი.
1941 რეზა შაჰი II მსოფლიო ომში რომის, ბერლინისა და ტოკიოს ალიანსს (ახის ალლეგიანცე) მიემხრო, რასაც მოჰყვა ი-ის ოკუპაცია დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა ჯარების მიერ და რეზა შაჰის ხელისუფლებიდან ჩამოცილება თავისი ვაჟის, მოჰამედ ფეჰლევის სასარგებლოდ.
1943 თეირანში ჩატარდა სამი მოკავშირე სახელმწიფოს კონფერენცია, რ-შიც მონაწილეობდნენ – ი. სტალინი, ფ. დ. რუზველტი და უ. ჩერჩილი. კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმო დას. ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის საკითხს.
1951 ი-ის პარლამენტმა ხმა მისცა ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. იმჟამად ი-ის ნავთობის ინდუსტრიაში დომინირებდა ინგლისურ-ირანული სანავთობო კომპანია. 1953 დაპირისპირება შაჰსა და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეყს შორის დასრულდა აგვისტოს თვეში შაჰის მიერ ი-ის დატოვებით.
1953 აგვისტოში მოჰამედ მოსადეყის ხელისუფლება დაემხო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. გენ. ფაზლოლა ზაჰედი გამოცხადდა პრემიერ-მინისტრად და შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაბრუნდა ქვეყანაში.
1963 იანვარში ი-ის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ დაიწყო კამპანია ქვეყნის მოდერნიზაციისა და დასავლური კურსით განვითარების მიმართულებით. შაჰმა განახორციელა რეფორმები, რ-იც ცნობილია „თეთრი რევოლუციის" სახელით. იგი ითვალისწინებდა მიწის რეფორმასა და სოც.-ეკონ. მოდერნიზაციას. 60-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა შაჰის დამოკიდებულება საიდუმლო პოლიცია „სავაქზე", რ-ის საშუალებითაც იგი აკონტროლებდა რეფორმებისადმი კრიტიკულად განწყობილ ოპოზიციას.
1978 სექტემბერში შაჰის პოლიტიკამ – მისმა ავტორიტარულმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა რევოლუციურ სიტუაციამდე, დაიწყო მასობრივი გაფიცვები და დემონსტრაციები. ქვეყანაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა.
1979 იანვარში ქვეყანაში პოლიტ. სიტუაციის გაუარესების გამო შაჰმა და მისმა ოჯახმა ქვეყანა იძულებით დატოვეს.
1979 წ. 1 თებერვალს, 14-წლიანი გადასახლებიდან (ერაყი, საფრანგეთი) ი-ში დაბრუნდა რელიგიური ლიდერი აიათოლა ხომეინი.
1979 წ. 1 აპრილს საერთოსახალხო რეფერენდუმის შედეგად გამოცხადდა ირანის ისლამური რესპუბლიკა. ძალაუფლება ხელში აიღეს ისლამური მიმართულების პოლიტიკურმა ძალებმა ხომეინის ხელმძღვანელობით (გ. 1989). 1979 წ. 4 ნოემბერს რადიკალი ისლამისტური ჯგუფები შეიჭრნენ ქ. თეირანში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე და მძევლად აიყვანეს საელჩოს 52 თანამშრომელი, რ-ებიც 444-დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.
1980 იანვარში აბდოლჰასან ბანისადრი აირჩიეს ი-ის პირველ პრეზიდენტად, თუმცა 1981 გადააყენეს. მოგვიანებით მან საფრანგეთს შეაფარა თავი. 1980 წ. 22 სექტემბერს დაიწყო ირან-ერაყის ომი. 1988 ივლისში ჟენევაში გაეროს ეგიდით ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, ი. დათანხმდა ერაყთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ი-ისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობებში დღემდე უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება ბირთვული პროგრამა. ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობების ბრალდებით ი. დღემდე იმყოფება მკაცრი საერთაშ. სანქციების რეჟიმში.
2015 მსოფლიოს გავლენიანმა სახელმწიფოებმა შეძლეს ი-თან შეთანხმების მიღწევა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ი. დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საერთაშ. ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
2016 დეკემბერში აშშ-ის სენატმა 10 წლით გააგრძელა ი-ის სანქციების აქტი, რ-იც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს ი-თან თანამშრომლობას.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა და ი-ის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლ. ურთიერთობები დამყარდა 1992 წ. 15 მაისს. საქართველო და ი-ის რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონ., საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, მაგ., პოლიტ. კონსულტაციების ფორმატი, სამთავრობოთაშორისო ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოსა და ი-ის საკანონმდებლო უწყებებს შორის.
1993 იანვარში საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ე. შევარდნაძემ თავისი პირველი ვიზიტი განახორციელა ი-ის ისლამურ რესპუბლიკაში. 1995 საქართველოს ეწვია ი-ის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი. ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის დელეგაციათა ვიზიტებს რეგულარული ხასიათი აქვს.
ორი ქვეყნის ურთიერთობები ეყრდნობა სოლიდურ სამართლებრივ ბაზას, ხელმოწერილია მრავალი შეთანხმება. 2017 სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 181,48 მლნ. აშშ დოლარი, მ. შ. ექსპორტი – 76,32 მლნ. დოლარი, ხოლო იმპორტი – 105,15 მლნ. აშშ დოლარი.
2017 საქართველოში 5,35 მლნ. აშშ დოლარის ირანული ინვესტიცია განხორციელდა.
2017 მონაცემებით, საქართველოს ეწვია 322,938 ირანელი ვიზიტორი.