ირანული ხავერდულა (Erebia iranica Grum-Grshimailo, 1895), დღის პეპელა ხავერდულების ოჯახიდან. კავკასიის ფართო ენდემია. გავრცელების არეალია: კავკასიონი, სამხრ. კავკასია, მცირე აზია, ირანი.
საშ. ზომის მოშავო-ყავისფერი პეპელაა, რ-ის ზედაპირი ხავერდისებურია. ზედა ფრთების გარეთა ზედა კუთხეში ორი თეთრარშიიანი თვალუკი შეიმჩნევა; დანარჩენი გამყოლი თვალუკები კი თანდათან რედუცირდება და ქრება. ასეთივე თვალუკები ემჩნევა ქვედა ფრთების გარეთა კიდეზეც. კავკასიის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოირჩევა ი. ხ-ს ორი ქვესახეობა: E. iranica sheljuzhkoi Warren, 1935, რ-იც დიდ კავკასიონზეა გავრცელებული, და E. iranica dromulus Staundiger, 1901, რ-იც ძირითადად მცირე კავკასიონზე, სამხრ. საქართველოსა და სომხეთის მთიანეთში გვხვდება. ორივე ფრენს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე 1900–2000 მ-იდან 3500 მ-მდე. მცირერიცხოვანია. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორი გადაჭარბებული ძოვებაა. რელიქტია. შეტანილია წითელ წიგნებსა და ნუსხებში (III კატეგორია).
ლიტ.: Батиашвили И. Д., Дидманидзе Э. А., Некоторые виды чешуекрылых Грузии, подлежащие охране насекомых, Ер., 1976; Д и д м а н и д з е Э. А., Некоторые редкие и эндемичные виды крупных чешуекрылых Кавказа, хранящиеся в Гос. Музее Грузии, «Вестник Гос. Музея Грузии», 1987, т. 34-А; Д и д м а н и д з е Э. А. и др., О некоторых эндемичных, редких и исчезающих видах фауны Грузии: новые ориентиры к решению проблемы, Тб., 2002; Дидманидзе Э. А., Lepidoptera – Georgian biodiversity country study report, Tb., 1996.
ე. დიდმანიძე