ირმისებრნი

ირმისებრნი

ირმისებრნი (Cervidae), წყვილჩლიქოსან ცხოველთა ოჯახი. იყოფა ოთხ ქვეოჯახად: ­წყლის ირმები (Hydropotinae), შვლები (Capreolinae), მუნჯაკები (Muntiacinae) და ნამდვილი ირმები (Cervinae). ოჯახი შეიცავს 51 სახეობას. ირემთა ზომა მერყეობს კურდღლის (პუდუ) და ცხენის (ლოსი, ანუ ცხენ­ირემი) ზომებს შორის. ხარებს აქვთ რქები, ფურებს – არა, გამო­ნაკლისია ორი სახეობა: ­წყლის ირემს რქები არა აქვს, ხოლო ჩრდილოეთის ირემს (როგორც მამრს, ასევე მდედრს) აქვს. რქებზე შეიძლება არ ჰქონდეთ არც ერთი განტოტვა (გვარ მუნჯაკის ზოგი სახეობა) ან ჰქონდეთ 20 (ბარასინგა). წელიწადში ერთხელ ირმები იცვლიან რქებს, რ-ებიც სცვივათ და შემდგომ ისევ ამოსდით.

ი. გავრცელებულია აზიაში, ევროპაში, ამერიკასა და ჩრდ.-დას. აფრიკაში. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ახალ გვინეაში და კარიბის ­ზღვის კუნძულებზე ინტროდუცირებულია. ზოგიერთი აზიური სახეობა ინტროდუცირებუ­ლია ინგლისსა და საფრანგეთში. ირმები გვხვდება როგორც ტყეებში, ასევე უდაბნოებში, ველებზე, სუბალპებსა და ალპებში, ტუნდრაში, ჭარბტენიან ადგილებში. მათი შეფერილობა ძირითადად სხვა­და­სხვა იერის ყავისფერია, დაჰკრავს მოწითალო, მოყვითალო ან მორუხო ელფერი. ზოგ სახეობას კუდის ქვეშ აქვს სხვა­და­სხვა ზომის ღია ფერის (თეთრიდან ყვითლამდე) ხალი, ე. წ. სარკე. ირმების სხვადასხვა სახეობები ან განმარტოებით ცხოვრობენ, ან ქმნიან მცი­რე ზომის ე.წ. „ჰარამხა­ნის" ტიპის დაჯგუფებებს, რ-შიც არის ერთი მამრი რამდე­ნი­მე მდედრით და ახალგაზრდა ირმები, რ-თაც მამრი იცავს. იგი მონიშნავს თავის ტერიტორიას თავზე, ფეხებზე განლაგებული განსაკუთრებული ჯირკვლების სეკრეტით, რ-იც არის შარდშიც. ტროპიკებში გამრავლება ხდება მთელი წლის განმავლობაში, ზომიერი კლიმატის სარტყელში გამრავლების პერიოდი (ხურაობა, მყვირალობა) გვიან შე­მო­დგო­მასა და ზამთარში იწყება. მხო­ლოდ შველი მყვი­რალობს ზაფხულობით. შობენ 1–2 ნუკრს, იშვიათად – ოთხს. ნუკრები ხალებიანია.

იკვებებიან მცენარეული საკვებით. ღრურქიანებისგან განსხვავებით, უფრო რბილ საკვებს ეტანებიან. კარგად დარბიან და ცურავენ. მათი ძირითადი მტრები არიან კატისებრნი, მგლები და ადამიანი. ამ უკანასკნელის უკონტროლო ნადირობის გამო გადაშენების პირას მდგარი ირმის მრავალი სახეობა საერთაშ. და რეგიონალურ წითელ ნუსხებსა და წიგნებშია შეტანილი, ზოგი სახეობა კი მხოლოდ ტყვე­ობაშია შემორჩენილი (დავითის ირემი – Elaphurus davidianus).

ა. ბუხნიკა­შვი­ლი