ისეცკი (ნამდვ. გვარი – ტ ე რ ი ო ა ნ ე ს ი ა ნ ი) ლეონ ნიკოლოზის ძე [8(20). IX. 1890, თბილისი, – 10. V. 1946, იქვე], სომეხი მომღერალი (ბანი). საქართვ. სახ. არტისტი (1943) და სომხ. დამს. არტისტი (1933).
1915 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი. 1916-იდან გარდაცვალებამდე (შუალედებით) იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდროპოლის (ახლანდ. გიუმრის) სომხ. საოპერო თეატრის (1923) და ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის (1933) დაარსებაში. პარტიებს ასრულებდა რუს., სომხ. და ქართ. ენებზე. ქართ. სცენაზე შეასრულა აბიოსა და ცანგალას (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი" და „დაისი"), მეფე გიორგის (ა. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), მაკარის (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" და სხვ. პარტიები. აღსანიშნავია აგრეთვე სუსანინის (ა. გლინკას „ივან სუსანინი"), ბორის გოდუნოვის (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), გრემინის (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი") და სხვ. პარტიები.