ისინდი (ძვ. ჯ ი რ ი თ ი), ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. ტარდება 150–210 მ სიგრძისა და 40–50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა თანაბარი რაოდენობის ორი გუნდი – თითოეულში არანაკლებ ექვსი მხედრისა (მოთამაშეთა რიცხვი შეიძლება ათამდე გაიზარდოს). ყოველი მხედარი აღჭურვილია 120–150 სმ სიგრძის შუბით, რ-საც ბოლოზე დამაგრებული აქვს დარტყმის დასასუსტებელი „ჩაჩი" (შუბსაც „ისინდი" ჰქვია). გუნდები დაეწყობიან მოედნის სასტარტო ხაზზე. დამწყები (კენჭისყრით) გუნდის პირველი „გამომწვევი" მსაჯის ნიშანზე მიიჭრება მოპირდაპირე გუნდთან, გადაკვეთს მის საჯარიმო ხაზს და ცდილობს თავისი ი. მოახვედროს მოწინააღმდეგეს (2 ქულა) ან მის ცხენს (1 ქულა). ტყორცნის შემდეგ იგი სწრაფად უბრუნდება თავის გუნდს და დგება ბოლოში. მეორე გუნდის პირველი მოთამაშე მსაჯის ნიშანზე ჭენებით გამოეკიდება მეტოქე გუნდის „გამომწვევს" საჯარიმო ხაზამდე და ცდილობს გაიმეოროს იგივე, შემდეგ კი სწრაფად გაბრუნდეს უკან, რათა მოწინააღმდეგე გუნდის მომდევნო მხედარმა ვერ მოარტყას ი. მას ან მის ცხენს. მოწინააღმდეგის ნატყორცნი ი-ის ჰაერში დაჭერისათვის მხედარი დამატებით 2 ქულას იღებს. იმარჯვებს გუნდი, რ-იც მეტ ქულას დააგროვებს (საჯარიმო ქულების გამოკლებით). საჯარიმო ქულა ინიშნება გვერდითი ხაზის დარღვევის, სასტარტო ნიშნის შემოუვლელობის, შუბის ხელგაუშვებლად მხედრის ან ცხენის ჩხვლეტისას და სხვა შემთხვევებში. თამაშის ფრედ დამთავრებისას მსაჯს უფლება აქვს დაუმატოს დრო (არაუმეტეს 5 წუთისა).
ი. განსაკუთრებით დას. საქართველოში იყო გავრცელებული.
ლიტ.: Н а ч к е б и я К . Г., Грузинские народные конные игры, Тб., 1964.
ვ. ელაშვილი