ისრაელი, (Israel), ისრაელის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო (Madinat Yisrael), სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. მდებარეობს სამხრ.-დას. აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრ.აღმ. სანაპიროზე. ი-ს ჩრდ-ით ესაზღვრება ლიბანი, სამხრ.-დას-ით – ეგვიპტე, აღმ-ით – იორდანია, ჩრდ.-აღმ-ით – სირია. ი-ის სანაპიროს დიდი ნაწილი გადის ხმელთაშუა ზღვაზე, ხოლო სამხრით ვიწრო გასასვლელი აქვს აკაბის ყურეში, რ-ის მეშვეობითაც უკავშირდება წითელ ზღვას. ფართ. – 22 ათ. კმ², მოსახლეობა – 8, 673 მლნ. კაცი (2017). სახელმწ. ენები – ებრაული (ივრითი) და არაბული. მორწმუნეთა უმრავლესობა იუდაიზმის მიმდევარია, არიან აგრეთვე მუსლიმანები და ქრისტიანები. მთავარი ეკონ. და კულტ. ცენტრია ქ. თელ-ავივი, პარლამენტისა და მთავრობის ადგილსამყოფელი – იერუსალიმი. 1950 ი-ის მთავრობამ იერუსალიმის დას. ნაწილი დედაქალაქად გამოაცხადა. 1967 ი-მა იერუსალიმის აღმ. ნაწილი დაიკავა და 1980 გაერთიანებული ქალაქი ი-ის დედაქალაქად აღიარა, რასაც გაერო არ ცნობს. თუმცა 2018 აშშ-მა დაიწყო თავისი საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში. საკანონმდებლო ორგანოა ქნესეთი (პარლამენტი) 120 წევრის შემადგენლობით. ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრი და კოალიციურად შედგენილი მთავრობა. 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს. ფულის ერთეულია შეკელი.
პალესტინაში, რ-იც 1516–1917 შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, ებრაელების დაბრუნებამ მასობრივი ხასიათი მიიღო 1881-იდან, როდესაც აღმ. ევროპის რეგიონში (რუსეთის იმპერიაში) გახშირდა ებრაელთა რბევა. ამ დაბრუნებას ეწოდა „პირველი ალია" („ასვლა იერუსალიმში"). „მეორე ალიაში" (1904– 14) მონაწილეობდა მრავალი სოციალისტურად განწყობილი ებრაელი აღმ. ევროპიდან, რ-თაც პალესტინის ადგილ. არაბი მოსახლეობისაგან შეძენილ მიწაზე დააარსეს კიბუცები – სასოფლო კოლექტივები. 1917 წ. 2 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოხატა სურვილი („ბალფურის დეკლარაცია"), რომ პალესტინაში ებრაელებისათვის შეექმნა „ეროვნული კერა". I მსოფლიო ომის შემდეგ პალესტინა დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა (1922). ევროპაში ნაციზმის წარმოშობამ და ებრაელთა დევნამ XX ს. 30-იან წლებში გამოიწვია მათი მასობრივი ემიგრაცია პალესტინაში, რასაც მოჰყვა მძაფრი დაპირისპირება არაბული მოსახლეობის უმრავლესობასთან. 1947 გაერომ დაადგინა ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიის – პალესტინის გაყოფა ებრაულ და არაბულ ნაწილებად და საერთაშ. კონტროლის დაწესება იერუსალიმსა და მიმდებარე რეგიონზე. 1948 წ. 14 მაისს პალესტინის ებრაულ ნაწილში შეიქმნა ი-ის სახელმწიფო. მეზობელმა არაბულმა ქვეყნებმა – ეგვიპტემ, იორდანიამ, სირიამ, ლიბანმა, აგრეთვე ერაყმა – საომარი მოქმედება დაიწყეს ახალშექმნილი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ომის შედეგად არაბული მოსახლეობის უმრავლესობა ი-დან წავიდა, ხოლო იერუსალიმი ორად გაიყო: აღმ. იერუსალიმი და მდ. იორდანეს დას. ნაპირი (ისტ. იუდეისა და სამარიის დიდი ნაწილები) იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფომ შეიერთა, დას. იერუსალიმი კი ი-ს დარჩა. 1967 ივნისში, „ექვსდღიანი ომის" მოგების შემდეგ, ი-მა დაიკავა აღმ. იერუსალიმი და „დასავლეთი ნაპირი", ასევე სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობი.
ი. არის ეკონომიკურად მაღალგანვითარებული სახელმწიფო (მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ის მსოფლიოში 35-ე ადგილზეა), მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსებით, მოსახლეობის განათლებისა და ცხოვრების დონით. მისი არმია, რ-შიც სამსახური სავალდებულოა როგორც კაცების, ასევე ქალებისათვის, ახლო აღმ-ში ერთ-ერთი უძლიერესია. სავარაუდოდ, ი. XX ს. 60-იანი წლებიდან ფლობს ბირთვულ იარაღს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ებრაული თემი ორ ათასწლეულზე მეტხანს ცხოვრობდა და მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან, ამავდროულად სრულფასოვნად აღასრულებდა თავისი სარწმუნოების წესებს. საბჭოთა პერიოდშიც კი საქართველოში შენარჩუნდა თითქმის ყველა ებრაული სინაგოგა. XX ს. 70-იანი წლების დამდეგს ქართვ. ებრაელები პირველნი იყვნენ საბჭოთა კავშირში, რ-თაც საშუალება მიეცათ აქტიურად ჩაბმულიყვნენ ალიაში. ქართველი ებრაელები, რ-თა დიდი უმრავლესობა ი-ში წავიდა და სრულად შეერწყა თავის ერს, არ ივიწყებენ ძველ სამშობლოს – საქართველოს. ი-ის მრავალ ქალაქში მათ დააარსეს სათვისტომოები, კულტ. ცენტრები, ჩამოაყალიბეს ქართ. ცეკვის ანსამბლები; არსებობს ქართულენოვანი გაზეთი, ჟურნალები და ტელევიზია. რადიო „ისრაელის ხმა" ყოველდღიურად მაუწყებლობს ქართულ ენაზე (იხ. დიდი ალია).
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ი. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რ-მაც 1992 წ. 1 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საქართველოსთან და თბილისში თავისი საელჩო გახსნა. 1998 თელავივში გაიხსნა საქართვ. საელჩო. ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პოლიტ., ეკონ. და კულტ. ურთიერთობა. რეგულარული ხასიათი აქვს სახელმწიფოს ხელმძღვანელთა და სხვა მაღალი რანგის დიპლომატთა ურთიერთვიზიტებს. 1999 მარტში საქართველოს ეწვია ი-ის პრემიერ-მინისტრი, ბ. ნეთანიაჰუ, ხოლო 2011 იანვარში – პრეზიდენტი მ. კაცავი, რაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო. 2014 საქართველოში საზეიმოდ აღინიშნა ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე, დასრულდა დ. ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტ. მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. 2015 ოქტომბერში ი-ს ეწვია საქართვ. პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი, 2017 იანვარში კი საქართვ. - ი-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა ი-ის პრეზიდენტი რ. რივლინი. უკანასკნელ წლებში საქართველოში აღადგინეს 7 სინაგოგა (ფოთი, სენაკი, მარტვილი, ცაგერი, გორი, ვანი და ქარელი), ორ ქვეყანას შორის ხორციელდება უვიზო მიმოსვლა.
ლიტ.: გაჩეჩილაძე რ., ახლო აღმოსავლეთი – სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, თბ., 2011; მ ი ს ი ვ ე, ისრაელი – უძლიერესი პატარათა შორის, «ჩემი სამყარო», 2015, N10.
რ. გაჩეჩილაძე