იტალია

იტალია, რომი

იტალია, (Italia), იტალიის რესპუბლიკა (La Republica Italiana), სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ხმელთაშუა ­ზღვის აუზის ცენტრა­ლურ ნაწილში. ი-ს დას-ით აკრავს ლიგურიისა და ტირენის ზღვები, სამხრ-ით – იონიის, აღმ-ით – ადრიატიკის, დას-ით ესაზღვრება საფრანგეთი, ჩრდ.-აღმ-ით – სლოვენია, ჩრდ-ით – ავსტრია და შვეიცარია. ქორონიმი „იტალია" მომდინარეობს აპენინის ნა­ხე­ვარკუნძულზე ძვ. წ. II ათასწლეულიდან დასახლებული იტალიკური ტომების (ლათინების, საბინების, სამნიტების, ვოლსკების, უმბრიელების, საბელების და სხვ.) სახელწოდებიდან. ფართ. – 301,2 ათ.კმ², მოსახლ. – 61 მლნ. კაცი. (2017). დედაქალაქი – რომი, სახელმწ. ენა – იტალიური, ოფიც. კალენდარი – გრიგორიანული. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ორპალატიან პარლამენტს, მოქმე­დებს 1947 კონსტიტუცია, სა­ხელმ­წიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რ-საც ირჩევს პარლამენტი 7 წლის ვადით. ფულის ერთეულია ევრო.

იტალია, რომი

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ი-ში შეიჭრნენ გერმ. ტომები, რ-თა დომინაციის ეპოქაა V– VIII სს. პირველ ეტაპზე ყველაზე ძლი­ე­რი და გავლენიანი იყო ლანგობარდების სამეფო, შემდგომში ქვეყნის ტერიტორია მოექცა ფრანკთა იმპერიის შემადგენლობაში. 781 ფრანკთა იმპერიის ფარგლებში ჩამოყალიბდა ი-ის სამეფო, რ-ის მეფე გახდა კარლოს დიდის ვაჟი­შვი­ლი პიპინი. 843 ვერდენის ხელშეკრულებამ ი. დამოუკიდე­ბელ სახელმწიფოდ აქცია, მაგრამ ქვეყნის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ტენდენცია იყო პოლიტ. დაქუცმაცებულობა და ერთიანი იტალიური სახელმწიფოს არარსებობა. პოლიტ. დაქუცმაცებულობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო 962-იდან „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის" არსებობა, რ-ის შემადგენლობაშიც შედიოდა ჩრდ. და ­ცენტრ. ი-ის ტერიტორიები. ტერიტ. და პოლიტ. დაქუცმაცებულობას და გამუდმებულ ფეოდ. შინაომებს თან ერთვოდა უცხოელთა პერმანენტული ბატონობა. ქვეყნის ტერი­ტორიის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წილი სხვადასხვა დროს ოკუ­პი­რებული იყო ესპანეთის (1559-იდან), ავსტრიის (1701-იდან) და საფრანგეთის (1814-მდე) მიერ. ი-ის ისტ. განვითარების პროცესში მნიშვ­ნე­ლოვა­ნი მოვლენა იყო 1720 სარდინიის (პიემონტის) სამეფოს შექმნა (სათავეში – სავოიის ეროვნ. დინასტია). სწორედ სარდინიის სამეფო ჩაუდგა სა­თა­ვე­ში XVIII ს. დასასრულს დაწყებულ რისორჯიმენტოს – უცხოელ დამპყრობლებისაგან ქვეყნის ეროვნ. განთავისუფლებისა და ერთიანი იტალიური სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს. რისორჯიმენტო წარმატებით დაგვირგვინდა 1870, როდესაც სავოიის დინასტიის ხელი­სუფ­ლე­ბის ქვეშ (მეფე – ვიქტორ-ემანუელ II) მთელი ი. გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ი-ის ერთიანი კონსტიტუციური მონარქია, რ-იც 1946 რესპუბლიკური წყობით შეიცვალა.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს ა  და ი-ის მრავალმხრივი ურთიერთობა საუკუნეების მიღმა იღებს სათავეს და რომის სახელმწიფოს ეპოქიდან დაწყებული თანამედროვეობის ჩათვლით მეტ-ნაკლები ინტენსიურობით გამოირჩევა. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქასა და გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ურთიერთობებმა არსებითად განსაზღვრეს კიდეც ერთიანი ქართ. მონარქიისა და ქართ. სამეფო-სამთავროების ევროპული ორიენტაცია.

შუა საუკუნეებში ­სა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობა იტალიურ სა­მყაროსთან, ძირითადად, ვითარდებოდა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან და ვატიკანის მისი­ებთან კონტაქტების ხაზით (იხ. კათოლიკობა სა­ქარ­თვე­ლო­ში).

XIII–XV სს-ში ვენეციისა და გენუის ­ქალაქ-­სახელმწიფოები მრავალრიცხოვანი ფლოტის წყალო­ბით მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ხმელთაშუა და შა­ვი­ზღვისპირეთის ეკონ. ცხოვრება­ში. აღნიშნულ ეპოქას შავი­ზღვის­პირეთში „იტალიური კო­ლო­ნი­ზა­ციის" ხანასაც უწოდე­ბენ, რადგანაც აქ ი-ის ქალაქ-სახელმწიფოების სავაჭრო ფაქტორიები (უცხოელი ვაჭრების ახალშენი) არსებობდა. XIII ს. 60-იანი წლებიდან საქართვე­ლოს შავი­ზღვისპირეთში გენუელები გამოჩნდნენ. საისტ. წყა­რო­ე­ბის მიხედვით, ისინი ცხოვრობდნენ ბათუმში, ფოთსა და ცხუმ­ში. აღნიშნული ქალაქებიდან მათ თავიანთი სავაჭრო ფაქტორია მხოლოდ ცხუმში ჰქონდათ – ე. წ. „სებასტოპოლისის ფაქტორია", რ-იც საქართველოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის (დავით VIII) ნებართვით 1354 დააარსეს. გენუელთა ფაქტორიამ ცხუმში 1474-მდე, ანუ ოსმალთა მიერ ყირიმის დაპყრობამდე, იარსება. მას სა­თა­ვე­ში კონსული ედგა, რ-იც სათანადო უფლებამოსილებას და რწმუნების სიგელს გენუის სენიორიის უხუცესთა საბჭოსაგან იღებდა. ქართველი ხელოსნებისა და ვაჭრებისაგან შემდგარი პატარა კოლონია ფუნქციონირებდა ყირიმში არსებული გენუის ფაქტორიის – კაფას საქალაქო ციტადელში. ყოველწლიურად სებასტოპოლისის ფაქტორია სა­ქართვ. ხელისუფლებას სავაჭრო ბრუნვის 2%-ის სახით 42 კგ ვერცხლს უხდიდა, რაც იმ დროისათვის 15 კგ ოქროს უდრიდა და მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა. ცნობილია ისიც, რომ საქარ­თვე­ლოდან გატანილ აბრეშუმის ნედლეულს ამუშავებდნენ ი-ის ქ. ლუკაში – მეაბრეშუმეობის მაშინდელ მსოფლიო ცენტრში.

XVIII–XIX სს-ში მნიშვ­ნე­ლო­ვანი ძვრები მოხდა სა­ქარ­თვე­ლოსა და ი-ის საზ.-კულტ. ურთიერთობებში. XVIII ს. II ნახ-ში, რისორჯიმენტოს იდეურ-მსოფლმხედველობრივი მომზადების პერიოდში, ჩნდება ქართული თემატიკა იტალიურ ლიტ-რაში. ეს დაკავშირებულია ახალი იტალიური დრამატურგიის ფუძემდებლების – კარლო გოლდონისა (პიესა „მშვენიერი ქართველი ქალი") და კარლო გოცის (პიესა „გველქალა") სახელებთან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამოდიოდნენ და აქ მოღვაწეობდნენ იტალიური კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები. XIX ს. 40-იან წლებში თბილისის გიმნაზიაში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე ჯ. კორადინი. სწორედ მან შექმნა გ. ერისთავის „გაყრის" ხელნაწერის ფერადი ილუსტრაციები ამ პიესის პირველი წარმოდგენის მონაწილეთა სურათებით. 1851 თბილისში დაარსდა იტალიური ოპერა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო იტალიური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნე­ლო­ვა­ნი ცენტრი გახდა. 1853 იტალიურ ოპერაში ბალეტიც დაიდგა. 1874–76 სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი მხატ­ვარი ლ. პრემაცი. მან დახატა ქართ. კულტურის მრავალი ძეგლი – გელათის მო­ნას­ტე­რი, ვარძიის ძვ. მო­ნას­ტე­რი და სამრეკლო, ზარზმა, ასევე თბილისის ქუჩები და უბნები.

ქართულ-იტალიური ლიტ. ურთი­ერთობების სფე­რო­ში თვალსაჩინო ადგილი უკავია ­იტალიური მწერ­ლობის კლასიკური ნიმუშების თარგმნას ქართულ ენაზე. XIX ს. 70–90-იან წლებში ითარგმნა და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა დანტე ალიგიერის, ფ. პეტრარკას, ჯ. ბოკაჩოს, ვ. ბელინის, ლ. მერკანტინის, ვ. ალფიერის, პ. ჯაკომეტისა და სხვათა ქმნილებები. ეს თარგმანები ახალი სახეებით ამდიდრებდა ჩვენს ეროვნულ ლი­ტ-­რას და ესთეტიკურ აზროვნებას. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმხანად ფართოდ გავრცელებული „ვეფხისტყაოსნისა" და „ღვთაებრივი კომედიის" ეთიკურ-ესთეტიკური კონცეფციებისა და კოსმოგონიური სისტემების შე­და­რების მეთოდი.

იტალიური რისორჯიმენტო მაშინდელი ქართული საზოგადოებრივი აზრისა და, ზოგადად, ეროვ­ნული ცნობიერების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ი. ჭავჭავაძე, გ. წე­რეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი და ქართული ­განმანათლებლური აზროვნების სხვა კორიფეები უაღ­რესი ყურადღებით ­ადევნებ­დნენ თვალყურს იტა­ლიელი ერის განმათავისუფლებელი და გამაერთია­ნებელი მოძრაობის პერიპეტიებს, რისორჯიმენტოს პრო­ცესში ეროვნ.-პოლიტ. და სოცი­ა­ლური მომენტების ურთიერთმიმართების, ასევე ლიბერალური და პროგრესულ-დემოკრატიული ნაკადების თანაფარდობის თემატიკას. ქართველი მოღვაწეები გან­საკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ „ივერიაში", „დროებაში", „ცისკარში", „ნაკადულში", „ჯეჯილში" რისორჯიმენტოს ბე­­ ლადების – ჯ. მაძინის, ჯ. გა­რიბალ­დის, კ. კავურის, ვიქტორ-ემანუ­ელ II-ის, ჩ. ბალბოსა და სხვ. ბიოგრაფიების აღწერას. „რისორჯიმენტოს ტიტანების" ცხოვრებისა და ბრძოლის ასახვით ისინი გამოხატავდნენ არა მხო­ლოდ თავიანთ სიყვარულსა და სიმპათიებს ი-ის ეროვნული გმირებისადმი, არამედ საკუთარ პოლიტ. ინტერესებსაც აფიქსირებდნენ რუსეთის იმპერიული ძალმომრეობის მიმართ, ასე ვთქვათ, „იტალიური საბურველის" ქვეშ.

რუსეთის ცარისტული იმპერიის დაშლისა და სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წ. 26 მაისი) შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო. I მსოფლიო ომის შემდგომ მიმდინარე პარიზის საზავო კონფერენციაზე, 1919 მარტში, „იტალიური საკითხის" განხილვის ფარგლებში, დაისვა სა­ქარ­თვე­ლოზე იტალიური მანდატის დაწესებისა და აქ ი-ის შეიარაღებული ძალების განლაგების საკითხი. პროექტი ი-ის მხარეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მი­ნისტრმა დ. ლოიდ ჯორჯმა შესთავაზა ჯერ კიდევ 1915 წ. 26 აპრილის ლონდონის საი­დუმ­ლო შეთანხმებით ი-ისათვის გათვა­ლისწინებულ ადრიატიკულ და ეგეოსურ ტერიტორიებზე უარის თქმის საკომპენსაციოდ.

ი-ის მეფეს, ვიქტორ-ემანუელ III-სა და პარიზის კონფერენციაზე ი-ის დელეგაციის მეთაურს, პრემიერ-მინისტრ ვ. ­ორლანდოს შორის 1919 წ. 16–24 მარტს გამართული საი­დუმ­ლო მიმოწერა ნათელს ჰფენს სა­ქარ­თვე­ლოთი ი-ის დაინტერესების ასპექტებს, რ-ებიც მოიცავდა სამხ.-სტრატ., საკომუნიკაციო და ეკონომიკურ-სანედლეულო სფეროებს. რომის პოლიტ. ელი­ტა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობდა მცირე აზია-კავკასიის სტრატეგიულ ხაზს, ჭიათურის მანგანუმს, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოს, ასევე სა­ქარ­თვე­ლოს საკომუნიკაციო როლს ი-ის ახლო აღმოსავლეთთან ვაჭრობაში.

1919 წ. 22 მარტს ი-ის მთავრობამ მიიღო წინასწარი გა­დაწყვეტილება სა­ქარ­თვე­ლო­ში შეიარაღებული შენაერთების გაგზავნის შე­სა­ხებ. გადაწყვეტილება ითვალისწინებდა თბილისში სამხ. მისიის მივლინებას, სამხ. ნაწილების მომზადებას სა­ქარ­თველო­ში დისლოცირებისათვის და ინგლისის უმაღლეს სარდლობასთან სამხ.-ტექ. ხასიათის კონსულტაციების გამართვას.

24 მარტს პარიზში ერთმანეთს შეხვდნენ ი-ისა და დიდი ბრიტანეთის არმიების გენ. შტაბების უფროსები – ა. დიაცი და ჰ. ვილსო­ნი. კონფიდენციალურ შეხვედრაზე განიხილეს სა­ქარ­თვე­ლოსა და აზერბაიჯანში ინგლისის ჯარე­ბის იტალიური შენაერთებით შეცვლის პროცედურული საკითხები. განისაზღვრა იტალიური ჯარე­ბის დისლოკაციის წერტილები და ზონები, ასევე სამხ.-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.

1919 წ. 8 აპრილს დ. ლოიდ ჯორჯმა და ვ. ორლანდომ ხელი მოაწერეს ინგლის-იტალიის შესაბამის პოლიტიკურ შეთანხმებას, ხოლო 26 აპრილს პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭომ" დაამტკიცა ე. წ. „მინიმალური სქემა", რ-ის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებდა საქართველოსა და აზერბაიჯანზე იტალიური მანდატის დაწესებას. ამასთან, საქმე ეხებოდა არა კოლონიურ მანდატს, არამედ პოლიტ. სამანდატო პროტექტორატს ერთა ლიგის ზო­გა­დი სამეურვეო-სამანდატო სისტემის ფარგლებში. ეს გარემოება კარგად ესმოდათ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობასაც და პარიზის კონფერენციაზე აკრედიტებულ სა­ქარ­თველოს დელეგაციასაც. ამიტომაც იყო, რომ დელეგაციის მთავარი მრჩეველი ზ. ავალი­შვი­ლი იტალიურ მანდატს „თეთრ მანდატს" უწოდებდა, „შავი მანდატის", ანუ კოლონიურის სა­პი­რის­პი­როდ.

1919 წ. 9 მაისიდან 4 ივნისამდე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა ი-ის სამხ.-პოლიტ. მისია გენ. შტაბის პოლკოვნიკის, მელკიადე გა­ბას მეთაურობით. მისია პერსო­ნალურად შედგებოდა სხვა­და­სხვა პროფესიის 90 წევრისაგან, რ-ებმაც შეხვედრები გამართეს ნ. ჟორდანიასთან, ე. გეგეჭკორთან, დამფუ­ძნებელი კრების ­წევრებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სამხ. ელიტის წარმომადგენლებთან. პოლკოვნიკ გაბასა და სა­ქარ­თვე­ლოს სამხ. მინის­ტრის მოადგილეს, გენ. ა. გედევანიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე შემუშავდა იტალიური სამხ. ძალების დისლოკაციის ოპერატიული ზონების სქემა. ესენი იყო – თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ლაგოდეხი, ახალციხე, ცალკეული სასაზღვრო მონაკვეთები, ასევე გაგრის ზონაში გენ. ა. ­დენიკინის ჯარებსა და ქართულ ჯარებს შორის არსებული სადემარკაციო ტერიტ. მდ. ბზიფსა და მდ. მეხადირს შორის.

ივნისის დამდეგს პოლკ. გაბა რომში დაბრუნდა და ი-ის მთავრობას წარუდგინა სა­ქარ­თვე­ლოში განლაგებისათვის გამიზნული სამხ. შენაერთების რაოდენობისა და შიდასაარმიო სტრუქტურის გეგმა. ამ გეგმის საფუძველზე ვ. ორლანდომ დაამტკიცა ი-ის საექსპედიციო კორპუსი – მე-12 საარმიო კორპუსი (ორი ქვეითი დივიზია და ალპურ მსროლელთა პოლკი) გენ. ჯ. პენელას სარდლობით. ივნისის შუა რიცხვებში კორპუსის ძირითადი ნაწილი უკვე გადასხმული იყო სამხ.-სატრანსპორტო ხომალდებში და საპორტო ქ. ტორონტოდან გასვლის ბრძანებას ელოდებოდა. ამავდროულად თბილისში ჩა­მო­ვი­და სავოიის პრინცი ედმონდი, რ-იც უნდა დანიშნულიყო სა­ქარ­თვე­ლოში ი-ის უმაღლეს კომისრად. მაგრამ 1919 წ. 23 ივნისს ი-ის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა ვ. ორლან­დოს მთავრობას, რ-ის გადადგომის შემდეგ ახალი კაბინეტი ჩამოა­ყალიბა ფ. ნიტიმ. მან იმთავითვე გააუქმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯა­რე­ბის გაგზავნის გადაწყვეტილება, ხოლო 27 ივნისს უარი თქვა მანდატის მიღებაზე.

ფ. ნიტის მთავრობის ახალი „ქართული პოლიტიკის" მთავარი მიზეზი იყო „რუსეთის ფაქტორი". ამასთან, ი-ის მთავრობამ ანგარიში გაუწია არა მარტო მოსკოვის ბოლშევიკური რეჟიმის შესაძლო რეაქციას, არამედ თეთრგვარდიული მოძრაობისა და ძირითადი ანტიბოლშევიკური ცენტრების „ერ­თიანი და განუყოფელი რუსეთის" იდეას. ი-ის სამხ. აქტივობის მიმართ მათი უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება აშკარად გაცხადდა ადმირალ ა. კოლჩაკის 1919 წ. 4 ივნისის ნოტასა და გენ. ა. დენიკინთან სპეციალურად მივლინებულ გენ. ბასინიანოს და მარკიზ მედიჩის მისიებში. იტალიური სამხ.-პოლიტ. პროექტის ჩაშლის შემდეგ სა­ქარ­თვე­ლო-ი-ის ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობებისა და მეტ-ნაკლებად აქტიური დიპლომატიური პროცესის ფარგლებში მოექცა. 1919 შე­მო­დგო­მაზე საქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა ი-ის სამრეწვ.-ფინანსური ოლიგარქიის გავლენიანი წარმომადგენელი ა. კორსი. 8 სექტემბერს ნ. ჟორდანიას მთავრობისადმი წარდგენილ მემორანდუმში იგი ასაბუთებდა ორ ქვე­ყა­ნას შორის ინტენსიური და ორმხრივ სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობას. ამ დროიდანვე ი-ში აქტიურ საქმიანობაში ჩაერთო სა­ქარ­თვე­ლოს ეკონ. მისია ნ. ჯაყე­ლისა და ვ. ვოიტინსკის მონა­წილეობით. 1919 ნოემბერში მისიამ მიაღწია შეთანხმებას ქ. ტუ­რინის „სავაჭრო სახლთან" სა­ქარ­თვე­ლოს შეიარაღებული ძალე­ბის ამუნიციისათვის ქსოვილის შესყიდვის შე­სა­ხებ. ამავე წლის დეკემბერში შეთანხმება დაიდო ქართული ბონების ემისიის ი-ში გან­ხორციელების შესა­ხებ.

1920 წ. 15 თებერვლიდან 21 მარტამდე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა და სამთავრობო წრე­ებთან მოლაპარაკებებს ­აწარმოებდა ი-ის ეკონომიკურ-სამოქალაქო მისია სენატორ ე. კონტის ხელმძღვანელობით. მოლაპარაკებები ძირითადად ეხებოდა სავაჭრო და ფინანსურ საკითხებს. განიხილეს საქარ­თვე­ლოსთვის იტალიური სამრეწველო, სასაქონლო და ფინანსური კრედიტების გამოყოფის შესაძლებლობა. 1920 თებერვალში ი-ის ცენტრალური ბანკის ინიციატივით და მისი ფინანსუ­რი ფონდის ბაზაზე თბილისში დაარსდა „იტალია-კავკასიის სადისკონტო ბანკი". მისმა საწესდებო კაპიტალმა 40 მლნ. ლირა შეადგინა. ბანკმა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლი შეასრულა სა­ქარ­თვე­ლოს ექსპორტ-იმპორტის საკრედიტო ბაზის შექმნაში. 1920 წ. 10 მარტს ი-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სა­ქარ­თვე­ლო­ში თავისი წარმომადგენლობის სტატუსის შეცვლის შე­სა­ხებ – გააუქმა სამხედრო მისია და ჩამოაყალიბა „იტალიის სამეფოს პოლიტიკური სააგენტო". ეს ფაქტი, ცხადია, ადასტურებდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ი-ის პოლიტ. და უფლებაუნარიანი წარმომადგენლობის ფორმირებას.

1920 ოქტომბრის შუა რიცხვებში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და მიწათმოქმედების სამინისტროსთან მოლაპარაკება გამართა იტალიელმა მრეწველმა ე. პოჯიმ. შეთანხმდნენ იტალიური ინვესტიციების ბაზაზე სამტრედიაში აბრეშუმის მრეწვე­ლობის საწარმოს ამუშავების თაობაზე.

სა­ქარ­თვე­ლოსა და ი-ის ეკონომიკური ურთიერთობების ისტორია­ში ყველაზე მასშტაბური მოვლე­ნა იყო ხელშეკრულება ტყვარჩელის ქვანახშირის ­აუზის კონცესიის შე­სა­ხებ. მას 1920 წ. 11 ოქტომბერს რომში ხელი მოაწერეს სა­ქარ­თვე­ლოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა კ. კანდელაკმა, ი.-სა­ქარ­თვე­ლოს სადისკონტო ბანკის თავ-რემ რ. პოლიანიმ და იტალიური კონცერნ „ილვას" გენერალურმა დირექტორმა ჯ. ორლანდომ.

ი-მ განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართვ. დამოუკიდებლობის საერთაშ. დე იურე აღიარების დიპლ. პროცესის ორგანიზაციაში. 1920 წ. 30 აგვისტოს რომში ოფიც. ვიზიტით მყოფი საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი შეხვდა ი-ის პრემიერ-მინისტრ ჯ. ჯოლიტის და საგარეო საქმეთა მინისტრ კ. სფორცას. შეხვედრაზე ი-ის მხარემ თავის თავზე აიღო პარიზის კონფერენციის უმაღლესი საბჭოს წინაშე საქართველოს ფორმალური­ურიდიული ცნობის საკითხის ინიციატივა. მართლაც, ი-მ აღნიშნული საკითხი დასვა 1921 წ. 24 იანვარს. 27 იანვარს ანტანტის უმაღლესმა საბჭომ მიიღო აქტი საქართვ. დამოუკიდებლობის დე იურე ცნობის შე­სა­ხებ.

ი. ფაქტობრივად იყო პირველი სახელმწიფო, რ-მაც 27 იანვრის აქტის შემდეგ, უკვე 30 იანვარს შეცვალა სა­ქარ­თვე­ლო­ში თავისი ლეგაციის სტატუსი და შექმნა მუდმივი დიპლ. წარმომადგენლობა – საელჩო. ელჩად სრულუფლებიანი მინისტრისა და საგანგებო დესპანის რანგში დაინიშნა ცნობილი დიპლომატი ვ. ჩერუტი.

1921 თებერვალ-მარტის რუსეთსა­ქარ­თვე­ლოს ომის, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად ორი ქვეყნის ურთიერთობას წერტილი დაესვა. 1922 აპრილიდან ასევე შეწყდა საქართვ. ემიგრანტული მთავრობის დიპლ. კონტაქტები ოფიც. რომთან.

ქართული ემიგრაციის ძირითადი წარმომადგენლობა საფრანგეთში განთავსდა, მაგრამ მისმა ნაწილმა, სხვა ქვეყნების გარდა, ი-შიც დაიდო ბინა. ი-ში ქართულ პოლიტ. ემიგრაციას საფუძველი ჩაუყარა ამ ქვეყანაში სა­ქარ­თველოს საელჩოს ყოფილმა პირველმა მდივანმა გ. მაჩაბელმა. წლების განმავლობაში აქ მოქმედებდნენ ქართული სამხ.-პოლიტ. ემიგრაციის ცალკეული ჯგუფები, რ-თა პროფესიული სტრუქტურა საკმაოდ დიფერენცირებული იყო „სამხედრო კავ­ში­რი­სა" და „თეთრი გიორგის" დაჯგუფებების განშტოებათა ჩათვლით.

1934–44 ი-ში ქართულ პოლიტ. ემიგრაციას მეთაურობდა (ესპანეთში გადასვლამდე) ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის უფროსი ირაკლი ბაგრატიონმუხრანელი. ის დაქორწინებული იყო გრაფ პასკუინის ასულზე, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი-ის არისტოკრატიულ ელიტასთან და ვიქტორ-ემანუელ III-ის ადმინისტრაციასთან. 1939 მან დააარსა რაინდული ორდენი – „მაცხოვრის კვართის ორდენი", ხოლო 1942 შექმნა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავ­ში­რი", სა­ქარ­თვე­ლოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების პროგრამით.

ქართველი და იტალიელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა II მსოფლიო ომის წლებში. როგორც ცნობილია, ბ. მუსოლინის გადაყენებისა და დაპატიმრების შემდეგ ი-ის სა­თა­ვე­ში მოსულმა ახალმა მთავრობამ გაწყვიტა კავ­ში­რი ფაშისტურ კოალი­ციასთან და ომიც გამოუცხადა მას. ამის გამო 1943 სექტემბერში ­ცენტრ. და ჩრდ. ი-ში გერმა­ნიის ჯა­რე­ბი შევიდნენ. დაიწყო ი-ის წინააღმდეგობის მოძრაობა ("რეზისტენცა"), რ-შიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფაშისტურ ტყვე­ობას თავდაღწეული ქართველი მეომრები. „იტალიის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტს" და­ქვემდებარებული პარტიზანული შენაერთების შემადგენლობაში ისინი იტალიელთა გვერდით გმირულად იბრძოდნენ ფაშისტური ოკუპაციის წინააღმდეგ. ერთ-ერთ მათგანს – ფ. მოსული­შვი­ლს სიკვდილის შემდეგ მი­ე­ნი­ჭა ი-ის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი „მხედრული მამაცობისათვის" (პრეზიდენტ ჯ. სარაგატის 1970 წ. 28 თებერვლის დეკრეტით), რაც ი-ის ეროვნული გმირის წოდებას ნიშნავს.

საბჭ. კავ­ში­რის დაშლისა და სა­ქართვ. დამოუკიდებლობის აღდგე­ნის შემდეგ ორი ქვეყნის ურ­­ თი­ერთობის ისტორიაში მნიშვნე­ლოვან პერიოდს ჩაეყარა საფუძველი. ი-მ სა­ქარ­თვე­ლოს დამო­უკიდებლობა ­ოფიციალურად ცნო 1991 წ. 25 დეკემბერს. 1992 წ. 11 მაისს ხელმოწერილ იქნა საქარ­თვე­ლო – ი-ის შეთანხმება დიპლ. ურთი­ერთობების დამყარების შე­სა­ხებ და თბილისსა და რომში გაიხსნა საელჩოები. ორმხრივი ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის 1997 წ. 15 მაისის დეკლარაცია ურთიერთობების პრინციპების შე­სა­ხებ და 2004 წ. 21 ნოემბრის ხელშეკრულება ეკონ. ურთიერთობების შე­სა­ხებ. განვლილი ოცდახუთი წელიწადი აღინიშნა ინტენსიური და ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობით პოლიტ., სავაჭრო-ეკონ., საინვესტიციო, თავდაცვისა და უსაფრ­თხოების, სამეცნ.-კულტურულ (დღეისათვის ი-ში მოქმედ სამეცნ.-კვლევით კერებს შორის ყველაზე ძლი­ე­რია ბერგამოს, მილანისა და ვენეციის უნ-ტების ქართველოლოგიური ცენტრები), გა­ნათ­ლე­ბისა და ტურიზმის სფეროებში. ი. მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თველოს ევროპულ არჩევანს, ამავე დროს, კონსტრუქციულად ეკიდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანების ეტაპობრივ სტრატეგიას.

ლიტ.: უ ბ ი ლ ა ვ ა  ე., იტალიური ჩანაწერები, თბ., 1997; ჯ ო ჯ უ ა  დ., სა­ქარ­თვე­ლო-იტალიის ­ურთიერთობა 1919–1921 წლებში, თბ., 1997; Орловская Н., Эхо Италии в Грузии, «Литературная Грузия», 1993, №2–3.

დ. ჯოჯუა