იშხნის წარწერები, ტაო-კლარჯეთის, კერძოდ, იშხნის ეპიგრაფიკული ძეგლები. მათ მეცნიერულ შესწავლას საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ე. თაყაიშვილს. მის მიერ 1917 ე. წ. „თურქეთის საქართველოში" მოწყობილი ექსპედიციის შედეგად მოპოვებული მასალა ყველაზე სრულია დღემდე არსებულ გამოცემათა შორის რაოდენობრივადაც და ხარისხობრივი თვალსაზრისითაც. ამასთანავე, იშხნის მხატვრობა და ფრესკული წარწერების უმრავლესობა ტაძრის მეჩეთად გადაკეთების, ხელოვნური ზემოქმედებისა თუ ჟამთა სიავის შედეგად განადგურდა და ე. თაყაიშვილის ნაშრომში მოტანილ წარწერათა პალეოგრაფიული პირები და დადგენილი ტექსტები ახლა ფაქტობრივად დედნების ტოლფასია.
იშხნის ტაძრის X–XII სს. ისტორიის, ბაგრატიონ მეფეთა და იშხნელ ეპისკოპოსთა მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები მთავარი ეკლესიის ფრესკულ და ლაპიდარულ წარწერებშია მოცემული.
მათგან ყველაზე ადრეულია ჩრდ. ეკვდერის სამხრ. კედელზე თეთრი საღებავით შესრულებული ისტ. წარწერა. ე. თაყაიშვილის დროს 28-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერიდან მხოლოდ 18 იყო დარჩენილი. ამჟამად იგი კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული. წარწერის პალეოგრაფიული პირი ადგილზე გადმოიღო მ. ჭიაურელმა, თბილისში ტილოზე გადაიტანა ქ. მაღალაშვილმა. წარწერის ცნობით 917 „ადარნერსე ქართველთა მეფისა ბრძანებითა დაიდგინა" იშხნის წმინდა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსად მამა ბასილი, რ-იც 19 წლის მოღვაწეობის შემდეგ, 936 წ. 26 დეკემბერს აღესრულა. „და შემდგომად მათსა ბრძანებითა დიდებულთა ღირსთა მეფეთა" – დავით ქართველთა მეფის, აშოტ კურაპალატის, ბაგრატ მაგისტროსის და სუმბატ ანთიპატრიკის მიერ იშხნის ეპისკოპოსად დადგენილ იქნა „პატიოსანი და ღირსი მამა" სტეფანე, რ-იც გაგზავნეს ტრაპიზონში, სადაც ბასილი ბერძენთა პატრიარქმა აკურთხა. წარწერაში დასახელებული პირები არიან ტაოს შტოს ბაგრატიონთა წარმომადგენელი ადარნასე II (893–923) და მისი ოთხი ძე: დავით II (გ. 937), აშოტ IV (გ. 945), ბაგრატ II (გ. 945) და სუმბატ I (კურაპალატი 954 წ. შემდეგ, გ. 958). ბასილი ბერძენთა პატრიარქის ვინაობა უცნობია. წარწერა თარიღდება 954–955.
იშხნის ტაძარი მოიხატა X ს-ში, 966-მდე. დას. მკლავის ჩრდ. პილასტრზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერის თანახმად, ეკლესია მოიხატა ადარნერსე III (958–961) ქართველთა მეფის ძის, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის (გ. 966) ბრძანებით. საფიქრებელია, რომ მასთან ერთად მოხატვის ინიციატორი იყო მისი ძმა დავით III (გ. 1001), მაგრამ მისი პორტრეტი და თანმხლები წარწერა აღარ იკითხება. დას. მკლავში ტაოს ბაგრატიონთა სამი თაობის წარმომადგენელთა პორტრეტები იყო გამოსახული: „ბაგრატ მაგისტროსი, ქართველთა მეფე" (937–945), „ადარნერსე კურაპალატი, ძე ბაგრატ მაგისტროსისაჲ" (958–961) და „ბაგრატ ერისთავთერისთავი, ძე ადარნერსე კურაპალატისაჲ" (გ. 966). მხატვრობა და წარწერები ამჟამად აღარ არსებობს.
ტაძრის გუმბათში, სარკმლებს ზემოთ, ოთხსავე მხარეს წარმოდგენილია აპოკალიფსური ეტლები ზაქარია წინასწარმეტყველის ჩვენებიდან – ოთხი ეტლი მეეტლეებით და სხვადასხვა ფერის ცხენებით – თანმხლები ასომთავრული წარწერებით: „და ეტლთა მათ პირველთა ებნეს ცხენნი შავნი" (ჩრდ. ეტლი); „ხოლო დასავლეთით ცხენნი სპეტაკნი" (თეთრი); „და ეტლთა მას სამხრისათა ებნეს ცხენნი ხსედნი" (წაბლისფერი); „და აღმოსავლეთით ფესანგნი" (ჭრელი).
ამავე პერიოდის ფრესკული ასომთავრული წარწერები წმინდანთა (წმ. ორენტი, დიმიტრი, ფოკა, თევდორე, ბარბარე, მარინე და სხვ.) და სახარების სიუჟეტების (ხარება, დაბადება, მირქმა და სხვ.) გამოსახულებებთან, აგრეთვე ბიზანტიის იმპ. კონსტანტინე დიდისა და დედამისის, ელენეს პორტრეტები განმარტებითი ასომთავრული წარწერებით ფიქსირებული აქვს ე. თაყაიშვილს. საკურთხევლის თაღზე გამოსახული იყო მედალიონში ჩასმული ორი მანდილოსნის ფიგურა: 1) პირველი ქართველი ქრისტიანი დედოფლის, ნანასი: „[ნანა მეუღლე მირიანისა, ქართლისა დედოფა]ლი, ნინოჲს მიერ განათლებული"; 2) სავარაუდოდ, სომეხთა პირველი ქრისტიანი დედოფლის, თრდატ მეფის მეუღლე აშხანავარის (აშხენის), რ-ის სახეც და წარწერაც მთლიანად გადაშლილია (განირჩეოდა მხოლოდ რამდენიმე სომხური ასო).
მოგვიანო, XII ს. და შემდგომი ხანის ფრესკული წარწერებიდან აღსანიშნავია ჩრდ. კედელზე წმინდანთა (ნიკოლოზ, იაკობ, ანდრია, ლუკა) გამოსახულებების განმარტებითი ასომთავრული წარწერების გვერდით მოთავსებული წარწერა-საბუთი – იშხნის ტაძრისთვის სოფ. ლოზნის შეწირულების აქტი. ეს ყველაზე ვრცელი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლი, ე. თაყაიშვილის დროს უკვე საკმაოდ დაზიანებული, დღეს განადგურებულია. წარწერაში მო თხრობილია, რომ საქართველოს მეფეების – გიორგი II-ისა (1072– 89) და დავით IV აღმაშენებლის (1089–1125) – მიერ იშხნის ტაძრისთვის შეწირული სოფ. ლოზნი გირაოთი იქნა გაცემული, ხოლო დემეტრე I-ს (1125–56) გირაოსაგან გაუთავისუფლებია და კვლავ იშხნის ტაძრისთვის შეუწირავს. ამის სანაცვლოდ ეგნატი იშხნელმა, რ-იც დემეტრე მეფის, კათალიკოს თეოდორესა და „ყოველთა საყდრის შვილთა" მიერ იყო დადგენილი იშხნის მთავარეპისკოპოსად, ტაძარში დაკიდა დღისით და ღამით მანათობელი სამი კანდელი ღვთისმშობლის, წმ. სვიმონ საკვირველმოქმედის და იოანე ნათლისმცემელის ხატების წინაშე და დააწესა აღაპის დღე – „წინადრჱ წმიდისა მოწამისა თეოდორესი: ა (პირველი): პარასკევი პირმარხვისაჲ" – დემეტრე მეფისთვის, მისი დის – თამარ დედოფლისთვის, შვილების: დავით მეფისა (დავით V, 1155–56) და გიორგი მეფისათვის (გიორგი III, 1156– 84). წარწერა თარიღდება 1155–56.
XII ს-ში ტაძარში მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. ამის მაუწყებელი ასომთავრულით შესრულებული ორი ლაპიდარული წარწერა ამოკვეთილია ტაძრის სამხრ. ფასადზე. პირველი მოთავსებულია სამხრ. შესასვლელის ნახევარწრიული მოყვანილობის კარაკინის (ტიმპანის) თავზე და გვამცნობს სამხრ. კარიბჭის განახლებას გიორგი I-ის (1014–27) დროს ანტონ იშხნელის მიერ: „ქ. იესუ ქრისტე, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი. ამინ. ქ. სახელითა ღმრთისაჲთა მე, გლახაკმა ანტონი ეპისკოპოსმან იშხნელმან განვაახლე ესე კარის ბჭე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა სადიდებლად მეფეთა, გიორგი მეფისა და შვილთა მათთა, სალოცველად სულისა ბაგრატ კურაპალატისა...". წარწერაში ბაგრატ III (975/978–1014) გარდაცვლილად არის მოხსენიებული. კარიბჭე ამჟამად არ არსებობს. მეორე, უფრო დიდი და კარდინალური განახლება ტაძრისა მოხდა ბაგრატ IV-ის (1027–72) დროს ისევ ანტონი იშხნელის, იმჟამად უკვე მთავარეპისკოპოსის, ინიციატივით ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის მიერ: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, ანტონი იშხნელ მთავარეპისკოპოსმან, განვაახლე და განვასრულე წმიდაჲ ესე ტაძარი ღმრთისაჲ, სადიდებლად ბაგრატ კურაპალატისა... ქრონიკონსა სნბ – ვაშენე ჴელითა ივანე მორჩაჲს ძისაჲთა". წარწერას უზის თარიღი: ქრონიკონი სნბ=1032.
იშხნის ფასადზე ამოკვეთილია ბაგრატ IV-ის პერიოდის ძლიერ დაზიანებული კიდევ ერთი წარწერა. შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ ვინმე გიორგის რაღაც შეუწირავს იშხნის ტაძრისთვის „ძლიერი ბაგრატის" სალოცველად და თავისი ცოდვების შესანდობლად.
გარდა ფრესკული და ლაპიდარული წარწერებისა, იშხნის ტაძრის დას. მკლავის ჩრდ. კედელზე ამოკაწრული იყო ლამაზი მხედრული დამწერლობით შესრულებული პილიგრიმული გრაფიტები: ნარზეს ოქრომჭედლის ძის (XII ს., პალეოგრაფიული პირი გადმოიღო ლ. გუდიაშვილმა), ვინმე იოვანეს (XII ს.), ქობულ-ლიპარიტის (XIV–XV სს.) და სხვ.
იშხნის მთავარი ტაძრის გვერდით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. ჩრდ. კარის ტიმპანის თავზე გამოქანდაკებულ წრესა და ნახევარწრიულ ტიმპანზე ამოკვეთილი სამშენებლო წარწერის თანახმად, ეკლესია 1006 აღაშენა გურგენ მეფეთა-მეფემ (ბაგრატ III-ის მამა). თარიღი აღნიშნულია ქართული ქორონიკონით – „სკვ", მრგვლოვანი ასოებით (ისევე როგორც მთელი წარწერა).
იშხნის ტაძართან კიდევ ორი ეპიგრაფიკული ძეგლია დაკავშირებული – იშხნის ჭედური საწინამძღვრო ჯვრის (973) და სვიმონ საკვირველმოქმედის ვერცხლის ხატის (XI ს. I მესამედი) ჭედური წარწერები.
ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., 1917 წ. არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960; მისივე, Археологическая экспедиция 1917 г. в южные провинции Грузии, Тб., 1952.
გ. ოთხმეზური