იშხნის ჭედური საწინამძღვრო ჯვარი, ვერცხლისგან გამოჭედილი ოქროდაფერილი ჯვარი (51სმ×36 სმ). ახლავს ქართ. ასომთავრულით შესრულებული წარწერა – იხსენიება იშხნის ეპისკოპოსი ილარიონი (ჯვრის დამკვეთი) და ჯვრის შექმნის თარიღი, 973 წელი.
ჯვრის წინაპირზე, ცენტრში ჯვარცმული ქრისტეს ფიგურაა, მკლავების ბოლოებზე კი ძვირფასი ქვებია ჩასმული. დეკორატიულად გაწყობილ ანსამბლში უმთავრესი არის მაცხოვრის ექსპრესიული გამოსახულება, თავით პროფილში და ფრონტალურად წარმოდგენილი ფიგურით. იშხნის საწინამძღვრო ჯვარი შუასაუკუნოვანი ქართ. საოქრომჭედლო ხელოვნების ისტორიაში ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის ბრწყინვალე ნიმუშია.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ჩ ხ ა რ ტ ი შ ვ ი ლ ი ა., X–XI სს-ის ჭედური ხელოვნების რამდენიმე ძეგლის შესახებ, კრ.: აკად. შ. ამირანა შვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები, VII, თბ., 2001; Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб ., 1959.
თ. საყვარელიძე