იყალთოს აკადემია, საგანმანათლებლო დაწესებულება შუა საუკუნეების საქართველოში. აკადემია იყალთოს სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა. სავარაუდოა, რომ უკვე IX ს. იყალთო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმან. კერა იყო, თუმცა უშუალოდ ი. ა-ის დაფუძნება XI–XII სს-ში თვალსაჩინო ქართვ. ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, არსენ იყალთოელის სახელს უკავშირდება; სწორედ აქედან უნდა იღებდეს დასაბამს მისი ზედწოდება – იყალთოელი.
თავდაპირველად არსენ იყალთოელი დავით IV აღმაშენებლის მიწვევით გელათში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი ამ უკანასკნელის მოწოდებით იყალთოში გადავიდა, რათა იქ აკადემია დაეფუძნებინა. ცნობილია, რომ იყალთოში, გელათის აკადემიის მსგავსად, სწავლება შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული „ტრივიუმკვადრივიუმის" ციკლის საგნებით მიმდინარეობდა. სწავლების ამგვარი წესი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მოქმედებდა და მისი მიზანი თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა იყო, თუმცა ამ სასწ. კურიკულუმმა უფრო ჩამოყალიბებული სახე მოგვიანებით მიიღო. ცნება „კვადრივიუმი" პირველად VI ს. რომაელმა მოაზროვნემ ბოეციუსმა შემოიღო. ტრადიციულად „კვადრივიუმი" შედგებოდა ოთხი ფუნდამენტური სამეცნ. დისციპლინისაგან, ესენია: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა. „კვადრივიუმის" აღწერა მოცემულია პლატონის „სახელმწიფოს" მეშვიდე თავში, იგი მას თავისი კურიკულუმის მეორე ნაწილად განიხილავდა. კურიკულუმის პირველ ნაწილში კი შედიოდა ჰუმანიტარული საგნები – გრამატიკა, ლოგიკა და რიტორიკა. ისინი „ტრივიუმის" ციკლის საგნებად მიიჩნევა და უფრო ფართოდ განხილულია V ს. რომაელი მოაზროვნის მარციანე კაპელას ნაშრომებში, თუმცა თავად ცნება „ტრივიუმი" IX ს-იდან იწყებს დამკვიდრებას. მიიჩნეოდა, რომ „ტრივიუმის" ციკლის საგნები იყო მოსამზადებელი ეტაპი „კვადრივიუმის" ციკლის საგნების შესასწავლად, ხოლო „ტრივიუმ-კვადრივიუმის" ერთიანი ციკლი, უმაღლესი რანგის ცოდნის – ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების – დაუფლებისათვის მზადებად განიხილებოდა.
ი. ა-ის სასწ. კურიკულუმი სწორედ ზემოხსენებულ კლასიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით იყო აგებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი დამფუძნებლები კარგად იცნობდნენ ამ საგანმან. პრაქტიკას და ფართოდ ნერგავდნენ მას იმჟამინდელ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ კლასიკურ კურიკულუმში შემავალი საგნების გარდა შუა საუკუნეების ქართულ საგანმან. დაწესებულებებში ასწავლიდნენ სხვა საგნებსაც. XVIII ს. ქართვ. მოაზროვნის და სას. მოღვაწის, ანტონ I-ის (ბაგრატიონის) ცნობით, არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რ-ითაც ამ საგანს ასწავლიდნენ იყალთოსა და გელათის აკადემიებში. თუკი მხედველობაში მივიღებთ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ არსენი არისტოტელეს ნაშრომების ქართულ თარგმანებზე მუშაობდა, მაშინ შესაძლოა, მის თარგმანებს შორის არისტოტელეს „ფიზიკაც" ყოფილიყო, ანდა მასზე დაყრდნობით არსენ იყალთოელს ფიზიკის ორიგინ. ქართული სახელმძღვანელო შეექმნა.
საქართველოს სახელმწიფოს პოლიტ. და ეკონ. დაღმასვლის კვალდაკვალ ი. ა-ის მდგომარეობაც გაუარესდა. მიიჩნევა, რომ XVII ს. პირველ მეოთხედში, სპარსეთის მიერ აღმ. საქართველოში წარმოებული ომების შედეგად, აკადემიამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.
ლიტ.: მწიგნობრობა ქართული, ტ. 15: სასულიერო მწერლობა, წგ. 1, თბ., 2013; ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988.
გ. ხუროშვილი