ისაკაძე ელდარ ალექსანდრეს ძე [5. I. 1936, თბილისი, – 27. VII. 2005, ინგოლშტადტი (გერმანია)], ვიოლონჩელისტი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1983).
1954– 57 სწავლობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (ხელმძღვ. – გ. ბარნაბიშვილი), 1957–60 – მოსკ. კონსერვატორიაში (ხელმძღვ. – ს. კნუშევიცკი). 1962–90 თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1984-იდან – პროფესორი). 1974–76, კაიროს (ეგვიპტე) კონსერვატორიაში მოღვაწეობდა. 1990–94 უკრავდა ინგოლშტადტის კამერულ ორკესტრში, რ-საც მისი და – ლ. ისაკაძე ხელმძღვანელობდა. 1994-იდან იქვე დ. ოისტრახის სახ. მუს. აკად. პედაგოგი იყო.
ი-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი საშემსრულებლო კულტურა, ხალასი ექსპრესია და ტემპერამენტი. რეპერტუარში ჰქონდა კლასიკური მუს. არაერთი ნიმუში. იგი ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების (ო. თაქთაქიშვილისა და ს. ცინცაძის სავიოლონჩელო კონცერტები და სხვ.) პირველი შემსრულებელი იყო. მანვე საქართველოში პირველმა შეასრულა ს. პროკოფიევის კონცერტი-სიმფონია და დ. შოსტაკოვიჩის N1 კონცერტი. გასტროლებს მართავდა სსრკის ქალაქებში და საზღვარგარეთ.
გ. ტორაძე