თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) [23. IV (4. V). 1782, თბილისი, – 25. X (6. XI). 1846, სანქტ-პეტერბურგი], მეცნიერი მწერალი, მთარგმნელი, ქართველოლოგიური სკოლის შემქმნელი. გიორგი XII-ის ძე, დედა – ქეთევანი (პაპუა ანდრონიკაშვილის ასული) თეიმურაზზე მშობიარობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა და ბავშვის აღზრდა პაპამ, ერეკლე II-მ ითავა. მის აღზრდას ასევე დიდი ამაგი დასდო უფროსმა ძმამ დავით ბატონიშვილმა. აღზრდა-განათლება თავდაპირველად სამეფო კარზე მიიღო, შემდეგ – თელავის სემინარიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ გაიოზ რექტორი და პ. ლარაძე. 1799 დაქორწინდა ოთარ ამილახვრის ასულ ელენეზე და ამ დროიდან 1802 ზაფხულამდე თ. ბ. გორში ცხოვრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფო ტახტისათვის ბატონიშვილებს შორის ბრძოლა დაიწყო, თ. ბ. დავითის გამეფებას უჭერდა მხარს. შემდგომ აშკარად გამოიკვეთა რუსეთის მიზნები, რის გამოც თ. ბ. 1803 თებერვალს ირანში გადაიხვეწა და თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად დაიწყო აქტ. ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. ალექსანდრე ბატონიშვილის გეგმების ჩაშლის შემდეგ 1810 თ. ბ. სამშობლოში დაბრუნდა, იმავე წლის ოქტომბერში მეუღლესთან ერთად, მცირე ამალით, პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც 1811 იანვარში ჩავიდა. აქ დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია, აქედანვე იწყება მისი მოღვაწეობის ე. წ. პეტერბურგის პერიოდი. 1813 შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილევსკის კ-ზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. პეტერბურგის მოგზაურობას მან მიუძღვნა „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურღამდის", რ-შიც დაწვრილებით აღწერა მოგზაურობის დეტალები და მარშრუტი. 1811 მარტში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იგი წმ. ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. პეტერბურგში თ. ბ-მა შემოიკრიბა იქ მოღვაწე ქართვ. მწიგნობრები, დაუკავშირდა რუს მოღვაწეებს მწერლებს, პოეტებს, მეცნიერებს. 1814 იგი აირჩიეს ახალდაარსებული რუს. ბიბლ. საზ-ბის წევრად. 1830 საფუძველი ჩაეყარა მის მეცნ. თანამშრომლობას მ. ბროსესთან. უგზავნიდა განმარტებებს „ყოველთავე ძველთა და ახალთა საეკლ. შინა საერთო და სამოქალაქოთა ხელოვნებათა ჩვენისათა სწავლისათა". ბროსე თ. ბ-ს თავის მასწავლებლად აცხადებდა, საკუთარ თავს კი მის „მდაბალ მოწაფეს" უწოდებდა. მან ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. ისტ. შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა". ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტ. რელიგ. დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტ. ფონზე, გამოყენებულია ანტ. (ბერძნ.-რომაული) და სომხ. წყაროები. თ. ბ. აიდეალებდა ისტ. წარსულს. რედაქტორობდა პარიზის „აზიური საზოგადოების" ზოგიერთ გამოცემას საქართველოს ისტ. შესახებ. 1836 თ. ბ. სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. პრუსიის იმპერატორმა ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ იგი დიდი პატივით მიიღო და წითელი არწივის ორდენი უბოძა (1837). ევროპაში მოგზაურობა აღწერა დღიურში. 1837 ივნისის შუა რიცხვებში მ. ბროსე პეტერბურგში ჩავიდა. ამ დროს მოხდა თ. ბ-ის პირველი შეხვედრა მასთან.
თ. ბ-მა ჯერ კიდევ ირანში ყოფნის დროს შეითვისა სპარს. და თურქ. ენები. ეწეოდა ლიტ.-მეცნ. მოღვაწეობას. შეადგინა „იტალიურ-სპარსულ-თურქული ლექსიკონი", ცდილობდა ირანში გაფანტული ხელნაწერების შეგროვებას და სამშობლოში ჩამოტანას. თ. ბ-მა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო „ვეფხისტყაოსნის" შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსნისა"), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 გამოცემას. მან შეისწავლა ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა"). მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებ. "„სამოციქულო", პოემა „ვაშლი ან დარღვევა ტროადისა", პიესა „სამსახეობა რაინდისა", მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპიისა და სხვათა და სხვათა ადგილთა", თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინის და სხვათა ნაწარმოებები. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგიერთი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა. თ. ბ. იყო ქართველოლოგთა ახ. თაობის (დ. ჩუბინაშვილი პ. იოსელიანი), აღმზრდელი და მასწავლებელი. შეისწავლა ფიზიკა, გეომეტრია, იურისპრუდენცია, სამხ. საქმის ხელოვნება, ბოტანიკა, ზოოლოგია. 1837 დეკემბერში თ. ბ. პეტერბურგის საიმპერატორო მეცნ. აკად. საპატიო წევრად, ხოლო 1844 – კოპენჰაგენის ანტიკვართა სამეფო საზ-ბის საპატიო წევრად აირჩიეს.
დაკრძალულია ნევის მონასტრის ბაგრატიონთა სასაფლაოზე.
თხზ.: განმარტება პოემა „ვეფხისტყაოსნისა", გ. იმედაშვილის გამოც., თბ., 1960; ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა, სპბ., 1848; მოგზაურობა ჩემი ევროპიისა და სხვათა და სხვათა ადგილთა, ს. იორდანიშვილის რედ., თბ., 1944; სამსახეობა რაინდისა, თბ., 1947 (უავტ.).
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე არჩ., თეიმურაზ ბაგრატიონი და პირველყოფილი თემური წყობილების საკითხები ქართველ ტომებში, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1961, ტ. 26, №5; ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მ. დ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, II, თბ., 1983; ი მ ე დ ა შ ვ ი ლ ი გ., თეიმურაზ ბაგრატიონის რუსთველოლოგიური ცდანი, «ლიტერატურული ძიებანი», 1949, [ტ.] 5; მ ე ს ხ ი ა შ., თეიმურაზ ბატონიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1939, ნაკვ. 1; შ ა რ ა ძ ე გ., თეიმურაზ ბაგრატიონი, ტ. 1–2, თბ., 1972–74.
გ. შარაძე