თეიმურაზ II

თეიმურაზ II

თეიმურაზ II (1700, თბილისი, – 8. I. 1762, სანქტ-პეტერბურგი), კახეთის გამგებელი 1709–15, კახეთის მეფე 1733–44, ქართლის მეფე 1744–62, პოეტი, მთარგმნელი, ერეკლე I-ისა და ანა მაყაშვილის უმცროსი ვაჟი; 1709 ირანში მყოფი კახეთის მეფის ერეკლე I-ის გარდაცვალების გამო შაჰმა კახეთის ტახტზე დასამტკიცებლად დავით II (იმამყული ხანი) დაიბარა, სადაც ის 1715-მდე დარჩა. ამ პერიოდში კახეთის მმართველად თეიმურაზ ბატონიშვილი ითვლებოდა, თუმცა მისი მცირეწლოვანების გამო კახეთს ფაქტობრივად ნიკოლოზ ალავერდელი (ჩოლოყაშვილი) განაგებდა. პოლიტ. მოსაზრებათა გამო 12 წლის თ. II ბავშვობაში დანიშნულ ბაინდურ არაგვის ერისთავის ასულს გააშორეს და ვახტანგ VI-ის ასულ თამარზე დააქორწინეს, რამაც მომავალში ქართლ-კახეთის გაერთიანებისას დადებითი როლი შეასრულა. თ. II-ს ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო ცხოვრება ხან თელავში ხან კიდევ მანავსა და მაღაროში უხდებოდა. ხშირად ოჯახთან ერთად ფშავშიც იხიზნებოდა. ამ პერიოდში სამხრ. კავკასიაში გაბატონებისათვის ირანსა და რუსეთს წინ აღუდგა ოსმალეთი და წარმატებასაც მიაღწია. 1723, თბილისის აღების შემდეგ, ოსმალებმა შეტევა აღმოსავლეთის მიმართულებით განავითარეს.

თ. II-ის ძმა, კონსტანტინე II (მაჰმად ყული-ხანი), კახეთის დაცვისათვის სამზადისს შეუდგა. ოსმალთა გავლენა სამხრ. კავკასიაში დღითიდღე იზრდებოდა. 1732 კონსტანტინე ოსმალებმა მოკლეს, თ. II კი ფშავში გაიქცა. მალე თ. II-მ ოსმალებს დიპლომატიურად ქედი მოუხარა, რის სანაცვლოდაც მათგან სამართავად კახეთი მიიღო. ამასობაში მოძლიერებულმა ირანმა ოსმალებს სამხრ. კავკასიაში შეუტია. თ. II-მ სპარსელებთან კავშირში ოსმალთა ჯარები, რ-ებიც ლეკებთან ერთად მოქმედებდნენ, რამდენჯერმე დაამარცხა, კახეთიდან განდევნა და ჭარის დაბრუნებასაც შეეცადა. სპარსელთა ჯარის სარდალი თამაზ ყული-ხანი (შემდეგში ნადირ-შაჰი) მასთან ქართველთა თანამშრომლობას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. ერევანში ყოფნისას მან თავისთან დაიბარა თ. II და ქართლ-კახეთის დიდებულები. ნაწილი დააპატიმრა, ქართლ-კახეთის მმართველად კი თ. II-ის ძმისშვილი – ალექსანდრე ბატონიშვილი (ალი-მირზა) დანიშნა, რ-საც დიდძალი ხარკის აკრეფა დაავალა. აღმ. საქართველოში „ყიზილბაშობა" დაიწყო. 1736, შაჰის გვირგვინის მიღების შემდეგ, ნადირმა ახ. გადასახადები მოითხოვა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მისი აკრეფა ძალის გამოყენებითაც ვერ მოხერხდა. შაჰის სარდალმა სეფი-ხანმა ირანელთა პოლიტიკით უკმაყოფილო თ. II სხვა თავადებთან ერთად დააპატიმრა და ირანში გაგზავნა. ნადირმა თ. II პატივით მიიღო, მაგრამ შვილის – ერეკლეს ჩამოყვანა მოსთხოვა. თვითონ უკან გააბრუნა, ერეკლე კი ინდოეთში სალაშქროდ იახლა. ირანში ყოფნის დროს თ. II-მ ერთგული სამსახურით ნადირის ნდობა დაიმსახურა. თ. II-ის ქალიშვილი ქეთევანი ნადირის ძმისწულზე დააქორწინეს. ირანელთა წინააღმდეგ ქართლში გივი ამილახვრის დიდი აჯანყების დროს სპარსელებმა თ. II თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. მან აჯანყებას ჩამოაშორა ქსნის და არაგვის საერისთავოები და თვითონ დაეპატრონა მათ. ქართველთა წინააღმდეგობა მაინც გრძელდებოდა. შაჰმა ქვეყნის დასამშვიდებლად და ქართლის შესანარჩუნებლად 1744 წ. ივლისში ქართლის მეფობა თ. II-ს, ხოლო კახეთისა – ერეკლეს დაუმტკიცა. მოქნილი, მიზანშეწონილი და ლოიალური პოლიტიკით თ. II-მ შეძლო ქართლში თავისი ძალაუფლების განმტკიცება, მსხვილი ფეოდალების შესამჩნევად შეზღუდვა. 1745 წ. 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში დიდი სახალხო ზეიმის ვითარებაში თ. II ქრისტ. წესით მეფედ ეკურთხა. ამან მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქართლ-კახეთის მომავალ გაერთიანებას, თ. II გამეფებისთანავე ენერგიულად შეუდგა მოქმედებას. შაჰს ტყვეობიდან გაათავისუფლებინა და სამშობლოში დააბრუნა შანშე ქსნის ერისთავი რითაც აჯანყებულთა რიგები ერთგვარად დაასუსტა. სურამის ციხეში გამაგრებული გივი ამილახვარი მოლაპარაკებით შემოირიგა და საბოლოოდ დაიმორჩილა (1745). 1746 წ. 12 აპრილს თ. II-ს გარდაეცვალა მეუღლე თამარი. მეფემ ბეჟან იოთამაშვილის ასულ ანაზე იქორწინა. ნადირ-შაჰმა მმართველობის ბოლო პერიოდში ქართლ-კახეთს დიდძალი გადასახადი (200 ათ. თუმანი) შეაწერა. თ. II შაჰს განუდგა და ანანურს შეაფარა თავი, მაგრამ ნადირი შემდეგში მოურიგდა მას და ერეკლე II-ის ირანში გაგზავნა მოსთხოვა. თ. II თვითონ გაემგზავრა ირანს, მაგრამ იქ ჩასულს შაჰი მოკლული დახვდა (1747). ირანში არეულობა დაიწყო. თეიმურაზმა შექმნილი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა და 1749 დიდი პატივით და საჩუქრებით სამშობლოში დაბრუნდა. მას ბორჩალოს გარდა ყაზახის სახანოც უბოძეს. ირანში არეულობა გაძლიერდა, ირანზე ქართლ-კახეთის დამოკიდებულება ფაქტობრივად მოიხსნა, თბილისის ციხეც ქართველთა ხელში გადავიდა.

1749-იდან მოხერხებული პოლიტიკისა და ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად ერევნის, განჯის და ნახჭევანის სახანოები ქართლ-კახეთის ყმადნაფიცი ქვეყნები გახდა. ამიერკავკასიაში თ. II-ის პირველობა დაადასტურა ირანის შაჰმა, როცა მას ირანისა და აზერბაიჯანის სპასალარობა უბოძა. ამას ხელი უნდა შეეწყო თ. II-ის გეგმისათვის, რ-ის მიხედვითაც მას სურდა ირანში სასურველი კანდიდატი გაემეფებინა, რათა ირანის ძალები თავისი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის გამოეყენებინა. თ. II კარგად გრძნობდა ქვეყნის წინაშე არსებულ სიძნელეებს. შეუძლებელი ჩანდა ლეკთა თარეშის აღკვეთა; ყოველ წუთს შესაძლებელი იყო ირანისა და ოსმალეთის ახ. აგრესიული შემოტევები; ქვეყნის შიგნით ქართლის თავადები ვახტანგ VI-ის შთამომავლებს უჭერდნენ მხარს, რ-ებიც რუსეთიდან იბრძოდნენ ტახტისათვის. ამ პრობლემათა მოგვარება თ. II-ს შესაძლებლად მიაჩნდა რუსეთიდან მიღებული დახმარების საშუალებით. რუსეთში გაგზავნილმა რამდენიმე ელჩობამ შედეგი ვერ გამოიღო. თ. II 1760 აპრილში თვითონ გაემგზავრა პეტერბურგს და რუსთა ხელმწიფეს სამხ. და ფულადი დახმარება სთხოვა, რათა ირანში ელაშქრა და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰი დაესვა ტახტზე. ორი წლის ამაო ლოდინის შემდეგ თ. II იქვე გარდაიცვალა. გადაწყდა მისი ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება, მაგრამ გარკვეული სიძნელის გამო ეს ვერ მოხერხდა. თ. II დაკრძალეს ასტრახანში, თავისი სიმამრის, ვახტანგ VI-ის საფლავის გვერდით, მიძინების ტაძარში.

თ. II აღორძინების ხანის ქართ. მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება" ანუ „სარკე თქმულთა", რ-ის პირველი ნაწილი სას. შინაარსისაა. ქრისტ. აღმსარებლობის სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობასთან ერთად მასში გალექსილია ბიბლ. ეპიზოდები. მეორე ნაწილი ეხება ქართველთა ზნეობისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებს. დღისა და ღამის გაბაასების ფონზე თ. II თხზულებაში გვაძლევს ეთნოგრ. თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ავტორის მიერ აღნუსხულია ძვ. საქართველოს არაერთი ზნე-ჩვეულება და ტრადიცია. ნაწარმოები ეხმაურება ანალოგიური საკითხისადმი მიძღვნილ არჩილ II-ის თხზულებას „საქართველოს ზნეობანი".

ისტ. რეალიებია გადმოცემული თ. II-ის ავტობიოგრ. ლექსში „თავგადასავალი". საყურადღებოა მისი ნაწარმოები „სასახლის ქება", რ-შიც აღწერილია როსტომ მეფის, ერეკლე I-ისა და ვახტანგ VI-ის სასახლეები. წუთისოფლის სიმუხთლით შეწუხებულ პოეტს წარმავლად მიაჩნია ყოველივე. თხზულებაში გამოსჭვივის „სოფლის მდურვის" მოტივი. ხსნის საშუალებად პოეტს ქრისტ. ზნეობის წმინდად დაცვა მიაჩნია. თ. II-ის ლირ. ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტ. რელიგ. განწყობილება. პოეტის ლიტ. მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი „გაბაასება რუსთველთან". თ. II იზიარებს არჩილ II-ის მიერ ქართ. მწერლობაში დამკვიდრებულ „მართლის თქმის" პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტ. სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თ. II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულ. თემაზე დაწერილი „ხილთა ქება", თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებ. „თიმსარიანი".

თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, გ. ჯაკობიას რედ. თბ., 1939.წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, ლ. მიქიაშვილის გამოც., თბ., 1989.

ლიტ.: აბაშიძე ზ., ბახტაძე მ., ჯანელიძე ო., საქართველო და ქართველები, თბ., 2015; ასათიანი ნ., ოთხმეზური გ., სამსონაძე მ., ჯამბურია გ., საქართველოს ისტორია, ტ. 3, თბ., 2012; აფციაური ჯ., თეიმურაზი, თბ., 1991; ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბიბილაშვილი ა., თეიმურაზ II-ის ქართლში გამეფების თარიღისათვის, კრ.: მესხეთი, ტ. 5, თბ., 2002; ბლიაძე ე., საგარეო ორიენტაციის პრობლემები XVIII საუკუნის ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში, ქუთ., 2004; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს. II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. 2, თბ., 1968; როგავა თ., თეიმურაზ მეორის „სარკე თქმულთას" ბიბლიური წყაროს ზოგიერთი ასპექტისათვის, «კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა» 2006, №10; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სოლოღაშვილი ნ., ქართლ-კახეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე XVIII ს. 30-იან წლებში, «კულტურისა და ისტორიის თეორიის საკითხები» 2005, №22; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.

გ. ნარსია

ს. ცაიშვილი