თეთრაძე თამარ გიორგის ასული

 

თ. თეთრაძე. იოკასტე, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“

თეთრაძე თამარ გიორგის ასული (26. VI. 1917, თბილისი, – 7. XII. 1996, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1940 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. ამავე წლიდან იყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი. სცენური მომხიბვლელობა, მაღალი საშემსრულებლო კულტურა, დახვეწილი, გამორჩეული პლასტიკა, მუსიკალობა მას საშუალებას აძლევდა ღრმად ჩასწვდომოდა გმირის ხასიათს, მის შინაგან ბუნებას. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ძიძია (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), ცირა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი"), ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი"), ნატალია (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა"), გუსტინა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!"), ოდეტა (უ. დიუბუას „ჰაიტი"), შეილა (ჯ. პრისტლის „ინსპექტორი მოვიდა"), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), მოქრისი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), დედა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა") და სხვ.

1962-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზე.