თეოდორე აჭარელი

თეოდორე აჭარელი

თეოდორე აჭარელი (ავალიანი) (დ. 1762 ან 1765, სოფ. დანდალო), სასულიერო მოღვაწე. 1813 ქობულეთიდან თან გაჰყვა ტრაპიზონში მიმავალ სოლომონ II-ს, რ-მაც თ. ა. თავის ამალაში ჩარიცხა; აქ მან დაიბრუნა ქრისტიანული სარწმუნოება და თევდორედ (ივერპულო) იწოდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ (1815) ქ. სმირნას (ახლანდ. იზმირი) ქრისტ. ეკლესიას შეაფარა თავი, სადაც თან ახლდა თავისი ძმისშვილი ბერმონაზონი ნეოფიტე. 1822, ოსმალეთ-საბერძნეთის ომის დროს, მთაწმინდისკენ მიმავალი, ანაფორით შემოსილი თ. ა. ოსმალებმა შეიპყრეს, აწამეს და ზღვაში გადააგდეს.

2002 საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის სხდომამ თ. ა. წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 17. II (1. III) დააწესა.

ლიტ.: ს უ რ მ ა ნ ი ძ ე  რ., წმინდანის ნაკვალევზე, გაზ. «აჭარა», 2003, №41; მ ი ს ი ვ ე, ავალის შთამომავალნი, თბ., 2011; ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე  შ., წმიდა თევდორე აჭარელი, გაზ. «ლიტერატურული საქართველო», 2002, N48.

რ. სურმანიძე