თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (იმერეთის რეგიონი). აღმ-ით ესაზღვრება ჭიათურის, დას-ით – წყალტუბოს, ჩრდ-ით – ტყიბულის, სამხრ-ით – ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ფართ. 357,0 კმ². მოსახლ. 35,6 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. თერჯოლა. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 45 სოფელი, 5 სათავო სოფელი, 13 თემი: ალისუბნის (ცენტრი – ქვედა ალისუბანი), ახალი თერჯოლის, ბარდუბნის, გოდოგნის, ეწრის, ზედა საზანოს თუზის, კვახჭირის, ნახშირღელის, რუფოთის, სიქთარვის, ჩხარის, ძევრის.

ისტორიული ცნობა. ახლანდ. თ. მ-ის ტერიტორიაზე ადამიანი პალეოლითის ხანიდან დამკვიდრდა. აქ აღმოჩენილია ზედა პალეოლითური (საკაჟიას მღვიმე), ნეოლითური (ჩიხორის, ტარიელის გამოქვაბული, ავთანდილის გამოქვაბული), ანტიკური (კოხის გორა, ნეფარიძეების გორის ნასახლარები), გვიანი შუა საუკუნეების (თამარის გამოქვაბული) ხანის ნასახლარები, მრავალფენიანი არქეოლ. ძეგლი საგვარჯილე (ზედაპალეოლითი – ადრე ბრინჯაოს ხანა), ციხურა (ნეოლითი – ანტ. ხანა), ძვ. წ. I ათასწლ. – ახ. წ. II–III სს. სამაროვნები (სოფ. ვარდიგორა), ახალთუბნის სამაროვანი (თერჯოლა, გურაბანიძეების უბანი), ჩხარის (ძვ. წ. III–II ათასწლ.), ჩიხორის (გვიანი შუა საუკუნეები) ნაქალაქარები. ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოს კოლხ. ცულები და თოხები, თიხის ჭურჭელი, ქვის, ბრინჯაოს, რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, სხვადასხვა პერიოდის მონეტები. ამ ტერიტორიაზე აგებულია მრავალი ეკლესია (VII–VIII სს-იდან XX ს. დასაწყისამდე) და საერო დანიშნულების ნაგებობები: გენათელის სასახლე (XVIII ს.), სკანდის ციხე-დარბაზი (V–XVIII სს.), გვიანი შუა საუკუნეების საზანოს ციხე, გოგნის ციხე (XII–XVIII სს.), ბერციხე (XVIII ს.) და ა. შ.

დას-ისა და აღმ-ის გზაჯვარედინზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო სკანდის ციხე (VI ს.). იქვე, ძევრ-სკანდაზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა სავაჭრო და ადმ. ცენტრით ჩხარში, რ-ის ზეგავლენით მთელ მხარეს „ჩხარის ქვეყანას" უწოდებდნენ. ოსმალთა მომძლავრების პერიოდში "ჩხარის მხარეს" მოდიოდა და სახლდებოდა სამხრ. საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობა.

1921-მდე ახლანდ. თ. მ-ის ტერიტ. ქუთაისის გუბ. შორაპნის მაზრაში შედიოდა, 1921 საქ. სსრ ადმ.-ტერ. დაყოფით – შორაპნის მაზრაში, 1930 დაყოფით – ქუთაისის ოლქში. ამავე წელს გამოიყო ცალკე, როგორც ჩხარის რ-ნი. 1950 ეწოდა თერჯოლის რ-ნი, 2006 – თ. მ.

ბუნება. მუნიციპალიტეტის სამხრ. ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობის აღმ. მონაკვეთს (აბსოლ. სიმაღლე 135 მ), რ-იც ვრცელდება მდ. ყვირილისა და მისი შენაკადის ჩოლაბურის გასწვრივ. აგებულია მეოთხეული კენჭნარით, ქვიშითა და თიხით, თანამედროვე მდინარეული ნალექებით.

დაბლობს ჩრდ-ით აკრავს სიმონეთის ტალღისებური ვაკე. იგი აგებულია სარმატული და შუამიოცენური თიხებით, ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, მერგელებითა და კირქვებით, მცირე ფართობზე (დას-ით) გავრცელებულია ოლიგოცენური ასაკის თიხა და ქვიშაქვა, აგრეთვე პალეოცენური კირქვა. ვაკე დანაწევრებულია მდ. ყვირილის სისტემის მდინარეებით. მის დას. ნაწილში, კირქვების გავრცელების ზოლში, განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები: მღვიმეები, ძაბრები და მცირე დახშული ტაფობები. მღვიმეები არის მდ. ძევრულის ზემო დინების ხეობაშიც. ვაკეზე აღმართულია ბროლისქედის სერი, რ-იც გაჭრილია მდ. ჭიშურის კანიონით.

მუნიციპალიტეტის ჩრდილო, ამაღლებული ზოლი უკავია ოკრიბა-არგვეთის ქედს, რ-იც სიმონეთის ვაკეს გამოყოფს შიდა ოკრიბის დაბალმთიანეთისაგან და აგებულია ძირითადად ზედა და ქვედაცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, გლაუკონიტიანი ქვიშაქვებითა და თიხებით. ქედის სამხრ. კალთა დანაწევრებულია მდ-ების ჩოლაბურისა და ყვირილის მარჯვ. შენაკადების ხეობებით. დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები.

მუნიციპალიტეტში არის საკრამიტე და სააგურე თიხა (მდ. ჩხარის მარცხ. ნაპირზე), საშენი ქვა (ეკლარის, ნავენახევისა და კვახჭირის საბადოები), ქალცედონი (აჯამეთის საბადო), კირქვა და მარმარილო (გოდოგანი), დოლომიტი (კვახჭირი, ჭოგნარი), მნიშვნელოვანი წიაღისეულია აგრეთვე სიმონეთის თერმული მინერ. წყალი.

მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილში ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. მდ. ჩოლაბურის შესართავის ქვემოთ, იმერეთის დაბლობზე ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული კარგად გამოხატული მუსონური ქარებით. საშ. წლ. ტემპ-რა დაბლობსა და სიმონეთის ვაკეზე 13,9-იდან 14,1°ჩ-მდეა, იანვ. საშ. ტემპ-რა 3,7-იდან 4,3°C-მდე, აგვ. 23,6–23,9°C; აბსოლ. მინ. –20°C აბსოლ. მაქს. 42°C. უფრო ჩრდ-ით, ოკრიბა-არგვეთის სერის კალთებზე, საშ. წლ. ტემპ-რა 10,5–13°C იანვ. 2–3°C აგვ. 21–23°C; აბსოლ. მინ. –22°Cაბსოლ. მაქს. 40°C. ნალექები 1350 მმ წელიწადში, ნალექების მაქს. ზამთარშია მინ. – ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში. ხშირად იცის ქარი (ბრიზი და ფიონი).

თ. მ-ის მთავარი მდინარეა ყვირილა, მისი ყველაზე დიდი შენაკადია (მარჯვნიდან) ჩოლაბური, ჩოლაბურს მარჯვნიდან უერთდება წყალუხვი მდ. ძევრულა (ძერული). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ბუჯა, მაძარულა, ძუსა, ჩხარა, ხაუჩა, ქვერუნა, როკიანის- ღელე (სიმონეთისღელე), ჭიშურა, წყალწითელა და სხვ. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში.

მუნიციპალიტეტის დაბლობ ნაწილში, მდინარეების გასწვრივ, უკარბონატო ალუვიური ნიადაგია, დაბლობის ამაღლებულ ნაწილში და სიმონეთის ვაკეზე – სუბტროპ. ეწერი ნიადაგი. აქა-იქ მცირე ნაკვეთებად არის ყვითელმიწებიც. ოკრიბა-არგვეთის სერის სამხრ. კალთაზე კორდიან-კარბონატული ნიადაგია, ამავე სერის მაღალ ადგილებში – ტყის ყომრალი ნიადაგი.

მცენარეული საფარი კოლხ. ტიპისაა, ტყეები შემორჩენილია უმთავრესად ოკრიბა-არგვეთის სერზე, სადაც ხარობს რცხილა, მუხა, ჯაგრცხილა, არის აგრეთვე ნეკერჩხალი, კუნელი, ზოგან – წიფელი, ცაცხვი და თელა. აქა-იქ გამოერევა წაბლი. ქვეტყეში გვხვდება მარადმწვანეთაგან ბზა, ბაძგი, წყავი, ფოთოლმცვივანებიდან – იელი და ზღმარტლი. სიმონეთის ვაკეზე და დაბლობში ტყეები მთლიანად გაჩეხილია, შემორჩენილია აღკვეთილები მუხნარ-რცხილნარისა და ჯაგრცხილნარის მცირე კორომების სახით. მდინარის ნაპირებზე გავრცელებულია ტირიფი და მურყანი. ტყეებში უხვადაა ლიანები.

ტყე-ბუჩქნარებში ბინადრობს მგელი, კავკ. კვერნა, მაჩვი, ტურა, მელა, გვხვდება დიდი რაოდენობით კურდღელი, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, დედოფალა, იშვიათად – წავი. ფრინველებიდან გავრცელებულია ყვავი, შაშვი, ჩხიკვი, ოფოფი, კოდალა, მოლაღური, მწყერი, გუგული, გვრიტი. დაბლობში გვხვდება ხოხობიც. მდინარეებში არის კოლხური წვერა, კავკ. ქაშაპი, კავკ. მდინარის ღორჯო, ლოქო, ბოლოწითელი, კოლხური ტობი, ყვირილაში ზოგჯერ შემოდის ზუთხი. მრავლადაა ქვეწარმავალი.

ტყის აღდგენისა და ცხოველთა მომრავლების მიზნით მუნიციპალიტეტში შეიქმნა გოდოგნისა და ნახშირღელის აღკვეთილები. სოფ. ძევრთან არის კარსტული მღვიმე საგვარჯილე.

ძირითადი ლანდშაფტები: 1. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობითა და ალუვიური ნიადაგით; 2. ვაკე-დაბლობი კოლხ. მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით; 3. ვაკე-ბორცვიანი მთისწინეთი კოლხ. მცენარეულობით, კორდიან-კარბონატული, ყვითელმიწა და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით; 4. კუესტურ-ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობითა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით.

მოსახლეობა. მოსახლ. 99,4% ქართველია. უმნიშვნელო რაოდენობით ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 200–600 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 99,6 კაცი 1 კმ²-ზე (2014).

მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგია მევენახეობა, განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, მეხილეობა და მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები. მრავალწლიანი კულტურებიდან ძირითადია ვაზი, არის აგრეთვე ხეხილის ნარგავები. ვაზის უმთავრესი ჯიშებია ცოლიკოური და ციცქა. ამ ყურძნისაგან ამზადებენ ორდინარულ და სამარკო ღვინოებს. უმთავრესად თესავენ სიმინდს და საკვებ კულტურებს. მეცხოველეობა სახორცე-სარძეო მიმართულებისაა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ძევრულჰესის (ტყიბულჰესის) ჰიდროტექ. ნაგებობათა ნაწილი და საგენერატორო სადგური. მრეწველობის მთავარი დარგებია საშენ მასალათა და კვების მრეწველობა. აჯამეთში არის სილიკატური აგურის ქ-ნა, ჩხარში – კრამიტისა და იატაკის ფილების ქ-ნა, ეკლარში – ქვის დასამუშ. საწარმო. კვების მრეწვ. ძირითადად წარმოდგენილია ღვინის ქ-ნებით (შპს „თერჯოლის ღვინის მარანი").

მუნიციპალიტეტის სამხრ. ნაწილს კვეთს საქართველოს მაგისტრ. რკინიგზის ხაზი და თბილისი–ქუთაისის საავტ. გზატკეცილი. გადის აგრეთვე თერჯოლა–ტყიბულისა და ჩხარი–ბარდუბნის საავტ. გზები.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. თ. მ-ში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, სპორტის სასახლე, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი (ზედა სიმონეთი), სახვითი ხელოვნებისა (თერჯოლა) და მხარეთმცოდნეობის (ჩხარი) მუზეუმები საკლუბო დაწესებულებები. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი".

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია სკანდის ციხის ნანგრევები (IV ს.), ჩხარის წმ. გიორგის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები), ოქონის მაცხოვრის ეკლესია ჩხარის მახლობლად (განვითარებული შუა საუკუნეები. მოხატულობა – XVI–XVIII სს.), თავასის სამების ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები), გოგნის ციხე (შუა საუკუნეები) და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (1778).

ლიტ.: ბუცხრიკიძე ა., მატერიალური კულტურის ძეგლები თერჯოლის რაიონში, ქუთ., 2005.

დ. უკლება

ვ. ჯაოშვილი.